დნეპროპეტროვსკის ოლქში მსხვერპლია რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინის ქალაქ დნეპრზე სარაკეტო შეტევა 1 დეკემბერს, დილით განხორციელდა

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ დნეპრზე რუსეთის ჯარების სარაკეტო შეტევის შედეგად.

მსხვერპლის შესახებ 1 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დღის 12 საათისთვის ტელეგრამ-არხზე დაწერა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადისლავ ჰაივანენკომ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, დაზიანებულია სახლები, საწარმო და ტექნიკური მომსახურების სადგური.

ასევე ნახეთ აშშ და უკრაინა პროდუქტიულს უწოდებენ ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებას

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის ქალაქ დნეპრზე სარაკეტო შეტევის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

დღეს დილით რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ კასპიისკზე უკრაინული დრონებით შეტევისას 12 წლის გოგო დაშავდა. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, კასპიისკში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი.

უკრაინას არაფერი უთქვამს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით შეტევის შესახებ.