კრემლი ადასტურებს მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის შეხვედრა ხვალ, 2 დეკემბერს გაიმართება.
დასავლეთის მედიასაშუალებები ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით კვირას იუწყებოდნენ, რომ უიტკოფი და პრეზიდენტ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი 1 დეკემბერს მიემგზავრებიან მოსკოვში, სადაც 2 დეკემბერს შეხვდებიან პრეზიდენტ პუტინს. უიტკოფი და კუშნერი 30 ნოემბერს მონაწილეობდნენ უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებაშიც, რომელიც ფლორიდაში გაიმართა.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში დღეს, 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე უიტკოფის ვიზიტის შესახებ BBC-ს მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა 2 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
პესკოვის თანახმად, იქნება შეხვედრის დაწყების ვიდეოკადრები. გაკეთდება თუ არა განცხადება შეხვედრის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
პუტინის პრესმდივანს დღევანდელ ბრიფინგზე ჰკითხეს ამერიკული სამშვიდობო გეგმისადმი კრემლის პოზიციაზეც. პესკოვის პასუხი იყო, რომ „პროცესის წარმატებისთვის“ არ აპირებენ არანაირ განხილვებს „მეგაფონურ რეჟიმსა“და „მედიის გავლით“.
ასევე ნახეთ აშშ და უკრაინა პროდუქტიულს უწოდებენ ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებასშეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ნოემბერში შეთავაზებული თავდაპირველი სამშვიდობო გეგმა, რომელმაც მედიაში გაჟონა, დიდწილად ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
გეგმაში ცვლილებები შევიდა 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად. ამ კონსულტაციებში ჩართული იყვნენ უკრაინის ევროპელი პარტნიორებიც.
ფლორიდაში 30 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკება პროდუქტიული იყო და მუშაობა გაგრძელდება. ამ ეტაპზე მხარეები დეტალებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.
გამოცემა Axios-მა უკრაინის ორ ანონიმ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ „რთული“ მოლაპარაკება კონცენტრირებული იყო იმის განსაზღვრაზე, სად გაივლის „საზღვარი“ უკრაინის იმ ტერიტორიებთან, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშ დარჩებიან.
ტელეკომპანია CNN-ის წყაროს თანახმად, უკრაინის და აშშ-ის წარმომადგენლებმა ფლორიდაში განიხილეს შესაძლო სცენარიც, როცა უკრაინას აღარ აიძულებენ თავად თქვას უარი ნატოს წევრობის მიზანზე და ეს საკითხი კიევის მონაწილეობის გარეშე პირდაპირ შეთანხმდება ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის.