ქუთაისში მკვლელობისა და სროლის საქმეზე 47 წლის კაცი სარფის გამშვებ პუნქტზე დააკავეს

ქუთაისში მკვლელობისა და სროლის გამო ერთი კაცი დააკავეს.

ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ადამიანის მკვლელობისა და ორის დაჭრის ბრალდებით 47 წლის კაცი დააკავეს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე.

კვირა საღამოს, 30 ნოემბერს, ქუთაისში ერთ-ერთი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ის ცნობით, ინციდენტი გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა.

სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

დღეს დილას შსს-მ განაცხადა, რომ ამ საქმეზე დააკავეს 1978 წელს დაბადებული კაცი, ინიციალებით კ.მ.. შსს წერს იმასაც, რომ იგი წარსულში ნასამართლევია.

მას „ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას“ ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციის თანახმად, ბრალდებული დააკავეს სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველო-თურქეთის საზღვარზე.

ასევე ნახეთ ქუთაისში სამი ადამიანი დაჭრეს, ერთი კლინიკაში გარდაიცვალა - შსს