ქუთაისში სამი ადამიანი დაჭრეს, ერთი კლინიკაში გარდაიცვალა - შსს

ჯერჯერობით მსროლელი არ დაუკავებიათ.

დღეს, 30 ნოემბერს, ქუთაისში ერთ-ერთი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ის ცნობით, ინციდენტი ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.

„გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი“ და „შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა „მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა“.

ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. შსს წერს, რომ „დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.