ჰაერის კონტროლის ხარისხის რუკის თანახმად, რომელზეც ლაივრეჟიმშია ასახული ჰაერის ხარისხის გამზომი სადგურების მონაცემები, თბილისში მდებარე ოთხი სადგური აჩვენებს, რომ ჰაერი „ძალიან ცუდია“.
ყაზბეგის, გელოვანის, წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარე ავტომატური სადგურების თანახმად, მტვრის მყარი ნაწილაკების(PM10; PM 2,5) მაჩვენებელი 100-სა და 50-ზე მეტია, რაც ამავე საიტის თანახმად, დასაშვებ ზღვარს 2-ჯერ და სამჯერ აღემატება.
თითქმის იდენტური ვითარებაა ქალაქ რუსთავშიც.
რაც შეეხება ქუთაისს - ამ ქალაქში PM10 92,08 მკგ/მ³-ია, PM2,5 კი 50,31 მკგ/მ³. ეს კი ორჯერ აღემატება საქართველოს 24-საათიან ზღვრულ ნორმას.
ჰაერის „მაღალი დაბინძურება“, ამავე პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 24 ნოემბრიდანაა. მიზეზად გარე ფაქტორებია დასახელებული.
„ზოგიერთ სადგურზე კვლავ გრძელდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ასე განმარტავს ჰაერის დაბინძურების წითელ დონეს - „ჰაერის ხარისხი საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის; ყველამ შეიძლება განიცადოს სერიოზული ზეგავლენა ჯანმრთელობაზე“.
ეს ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზეა გამოქვეყნებული
სააგენტოს რეკომენდაციით, გულისა და ფილტვის დაავადების მქონე პირებმა თავი უნდა აარიდონ ყველანაირ გარე ფიზიკურ აქტივობას, ყველა დანარჩენმა თავი უნდა აარიდოს გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას.
ასევე ნახეთ ჰაერის ხარისხი WHO-ს ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება