ადვოკატის თქმით, „ელისაშვილი ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად“

კადრი შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

პარტია „ლელო-საქართველოს“ წევრსა და ერთ-ერთ ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან, დიღმის პოლიციის განყოფილებაში შეხვედრის შემდეგ, ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი ნამდვილად მივიდა საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს გამთენიას და იქ პროტესტის ნიშნად ცეცხლის გაჩენა ჰქონდა განზრახული.

თუმცა დამაზუსტებელ კითხვაზე, „ანუ აღიარებს დანაშაულს?“, ადვოკატი ამბობს, რომ - არა, ვინაიდან ჯერ არ იციან, რა ბრალს წაუყენებს მას პროკურატურა. ბრალის წარდგენა ხვალ იგეგმება და ამ კითხვაზე პასუხს ადვოკატი ამის შემდეგ დააზუსტებს.

„მან ეს ქმედება ჩაიდინა, პროტესტის ერთ-ერთი გამოხატვის საშუალება იყო, პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ, "ცეცხლი ოლიგარქიას" და "ცეცხლი უსამართლო სასამართლოს" - ეს სიტყვები მთხოვა გადმომეცა. ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად. აირჩია შაბათი დღე, დილის საათები, რომ არავინ დაზიანებულიყო, უნდოდა საზოგადოებისთვის ენახვებინა, რეალურად ეს სასამართლო რამდენ ადამიანს უკანონოდ და უსამართლოდ ასამართლებს და როგორ იყენებს რეჟიმის და დიქტატურის გასამყარებლად“, - განაცხადა ადვოკატმა, რომელიც დილის 10 საათიდან ცდილობდა ენახა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსი.

ადვოკატის თქმით, ელისაშვილი სასტიკადაა ნაცემი. მისივე მტკიცებით, „დაზიანება მიაყენეს მანდატურის თანამშრომლებმა მას შემდეგ, რაც მას ბორკილები ედო და ამის საჭიროება აღარ იყო...მას მანდატური არ უცემია“.

„გამოძიება საუბრობს, რომ ვითომ იარაღის მუქარით შევიდა და ემუქრებოდა ვინმეს, იარაღი ედო კაბურაში, ეცვა ჰუდი და ქურთუკი, გამოყენების მცდელობა არ ჰქონია, ეს მას შემდეგ, რაც დააკავეს და ამოვარდა. როცა მოახერხა შესვლა, მოვიდა სამი მანდატური და პოლიციის თანამშრომლები“, - ამბობს ის.

ალეკო ელისაშვილი დღეს, 29 ნოემბერს, დილით საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში დააკავეს, ეს არის სასამართლოს ეზოში ცალკე მდგომი შუშის შენობა, რომელიც სასამართლოს მთავარ კორპუსს კარით უკავშირდება.

შსს-ს ცნობით, ალექსანდრე ელისაშვილმა, „შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა „თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.

ამავე ტექსტიდან ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ის სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.

„დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას სახეზე დალურჯებები აქვს. ადვოკატი კი აცხადებს, რომ ის ნაცემია, თანაც იმ დროს, როცა ელისაშვილი უკვე დაკავებული იყო. ის აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს.

ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.

მუხლი, რომლითაც გამოძიებაა დაწყებული, ნივთის დაზიანება- განადგურების მცდელობას გულისხმობს - ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


  • ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგ უკვე არის ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მას პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. ის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
  • თავდაპირველად პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალეს, სასამართლოს ისევ მიმართეს და წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე იშუამდგომლეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც.
  • გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს, თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გრძელდება.
  • 2025 წლის აგვისტოში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალეკო ელისაშვილზე, 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის. „ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს რუსებმა ჩემ მიერ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, ამ გმირი, თავდადებული, თავგანწირული ხალხის მხარდაჭერის გამო და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი“, - განაცხადა მაშინ ელისაშვილმა.
  • 2024 წლის 15 აპრილს ელისაშვილმა - მაშინ პარლამენტის დეპუტატმა - საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს (ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს), რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა. მდინარაძემ რამდენიმე წუთში სხდომის წაყვანა განაგრძო. ელისაშვილი იმ დროისთვის სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობდა და მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.