შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა, გამთენიას საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა. ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს „შესაძლოა პროვოკაცია იყოს“. მას ჯერ არ მოუნახულებია დაკავებული. შსს-ს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ალეკო ელისაშვილს ორივე თვალი ჩალურჯებული აქვს. შსს-ს ცნობით, კლინიკაშია გადაყვანილი ერთი მანდატური.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, „შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა „თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.
ალეკო ელისაშვილს სახეზე ჩალურჯებები აქვს. შსს-ს ცნობით, დაშავდა საქალაქო სასამართლოს მანდატურიც.
კადრი შსს-ს გავრცელებული ვიდეოდან, რომელიც საქალაქო სასამართლოს კანცელარიაშია გადაღებული.
„გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს“, - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ტექსტიდან ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ის სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.
„დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას სახეზე დალურჯებები აქვს.
ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.
ალეკო ელისაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. პოლიტიკოსი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. ადვოკატი ელის, როდის შეძლებს მასთან შეხვედრას.
„დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. შსს-ს ჩანაწერებიდან ვნახეთ, რომ ის ნაცემია, ჯერ არ შევხვედრივართ, რომ გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ეს. ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. აბსურდულია, როცა ადამიანი ცხოვრობს მთაწმინდაზე და დილის ხუთ საათზე მიდიოდეს სასამართლოში და ცდილობდეს ცეცხლის წაკიდებას და შენობის დაწვას, მასთან ახლოსაც ბევრი სახელმწიფო შენობაა“, - ამბობს ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
შსს-მა ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები გაავრცელა
მუხლი, რომლითაც გამოძიებაა დაწყებული, ნივთის დაზიანება-განადგურების მცდელობას გულისხმობს - ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ასოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
- ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგ უკვე არის ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მას პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. ის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
- თავდაპირველად, პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალეს, სასამართლოს ისევ მიმართეს და წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე იშუამდგომლეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც.
- გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს, თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გრძელდება.
- 2025 წლის აგვისტოში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალეკო ელისაშვილზე, 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის. „ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს რუსებმა ჩემ მიერ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, ამ გმირი, თავდადებული, თავგანწირული ხალხის მხარდაჭერის გამო და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი“, - განაცხადა მაშინ ელისაშვილმა.
- 2024 წლის 15 აპრილს ელისაშვილმა - მაშინ პარლამენტის დეპუტატმა - საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს (ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს), რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა. მდინარაძემ რამდენიმე წუთში სხდომის წაყვანა განაგრძო. ელისაშვილი იმ დროისთვის სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობდა და მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.