თურქეთის ხელისუფლება იუწყება ხანძრებზე, რომლებიც გაჩნდა შავ ზღვაში ნავთობის ორ ტანკერზე - "გარე მოქმედების" შემდეგ. ორივე ხომალდს დასავლეთის სანქციები აქვს დაწესებული, როგორც ნაწილებს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტისა", რომლის მეშვეობითაც რუსეთი ნავთობით ვაჭრობს.
"რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში მიმავალმა ცარიელმა ტანკერმა, KAIROS-მა, გამოსცა ხანძრის სიგნალი ჩვენი ნაპირიდან 28 მილის მოშორებით, სავარაუდოდ, გარე მოქმედების შედეგად. ეკიპაჟის 25 წევრის მდგომარეობა კარგია. მეზღვაურთა ევაკუაციისთვის რაიონში მივლენილია ჩვენი სამაშველო ძალები, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა", - ნათქვამია თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
მეორე ხომალდმა, სახელად VIRAT-ი, თურქეთის უწყების მონაცემებით, გაავრცელა შეტყობინება, რომ დარტყმას დაექვემდებარა შავ ზღვაში, ნაპირიდან დაახლოებით 35 საზღვაო მილის მოშორებით. "მომხდარის ადგილას მივლენილია სამაშველო ჯგუფები და კომერციული ხომალდი. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 20-ვე წევრი კარგ მდგომარეობაშია, სამანქანო განყოფილებაში აღმოჩენილია სქელი დაკვამლიანება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა", - წერს თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო.
რუსეთში ომის მომხრე ბლოგერები წერენ, რომ VIRAT-ზე იერიში ხუთი საზღვაო დრონით განხორციელდა - იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.
სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რუსეთის მხარეს განცხადება არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ "ჩრდილოვანი ფლოტის" ხომალდმა, რომელიც საფრანგეთში იყო დაკავებული, გზა განაგრძო