კობახიძის თქმით, კერძო სკოლებს 12-წლიანი სასწავლო პროგრამის შენარჩუნება შეეძლებათ

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა", ხოლო საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი ექნებათ, შეიქმნება სპეციალური კლასები.

ამის შესახებ კობახიძემ განათლების რეფორმის შესახებ სადავო პარლამენტში ინტერპელაციის წესით კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

"კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა და მეორე, რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მეთორმეტე კლასი იმისთვის, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში. გვინდა, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მეთორმეტე კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი", - თქვა კობახიძემ.

ამასთან აღნიშნა, რომ როდესაც პირველი კურსიდან მიდის ახალგაზრდა სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში.

"ამიტომ მინუსი მეტი აქვს საზღვარგარეთ წასვლას, ვიდრე პლუსი. თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი".

მისი თქმით, სპეკულაციაა განცხადებები, რომლებიც მოსწავლეებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას შეეხება. მან გაიმეორა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

"ბოლო კლასების პროგრამა საერთოდ არ არის თავსებადი მისაღები გამოცდების შინაარსთან. შესაბამისად, მოსწავლეს ურჩევნია, სკოლაში სიარულის ნაცვლად, მოემზადოს რეპეტიტორთან ან სახლში და ჩააბაროს მისაღები გამოცდა. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს, უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე და ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - თქვა კობახიძემ.

ასევე ნახეთ "არა დიქტატორულ კანონებს" - თბილისში მასწავლებლებმა აქცია გამართეს

"ქართული ოცნების" მთავრობის ინიციატივა განათლების სისტემაში გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის "რეფორმირებას", რაც უნივერსიტეტების და განათლების სპეციალისტების შეფასებით, მათი ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად, საქართველოს აშორებს დასავლურ განათლების სისტემასთან და ახალგაზრდებს ართმევს კონკურენტუნარიანი განათლების მიღების საშუალებას.

"რეფორმა" ითვალისწინებს მეთორმეტე კლასის გაუქმებას, ბაკალავრიატის 3 წლამდე შემცირებას, მაგისტრატურის ერთ წლამდე დაყვანას. ასევე მუშავდება კონცეფცია "ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი", რაც "დუბლირებული" ფაკულტეტების გაუქმებისა და რეგიონების გაცოცხლების სახელით ზღუდავს კონკურენციას, აუქმებს უკვე აკრედიტებულ სასწავლო პროგრამას და სავარაუდოდ, გამოიწვევს უნივერსიტეტებში სტუდენტების კლებას და პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლებას სამსახურებიდან.