Bloomberg: უიტკოფმა რუსეთს ურჩია, როგორ მიეწოდებინა ტრამპისთვის გეგმა უკრაინის შესახებ

ფოტო არქივიდან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივენ უიტკოფთან(მარცხნივ) ერთად

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენლები განიხილავდნენ უკრაინის შესახებ „სამშვიდობო გეგმის“ რუსული პროექტის აშშ-ისთვის გადაცემას, რათა მათ ის თავის ინიციატივად წარმოედგინათ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კი კრემლს ურჩევდა, როგორ განეხილა პუტინს ტრამპთან უკრაინის საკითხი.

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის, ამერიკელებთან მოლაპარაკებებში ჩართული კირილ დმიტრიევის და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის და პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით.

Bloomberg-ის მიერ 25 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, უიტკოფმა უშაკოვს ოქტომბერში შესთავაზა მუშაობა სამშვიდობო შეთანხმებაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. სააგენტოს თანახმად, უიტკოფსა და უშაკოვს შორის სატელეფონო საუბარი 14 ოქტომბერს გაიმართა. უიტკოფმა უშაკოვს ურჩია, როგორ უნდა განეხილა პუტინს ტრამპთან უკრაინის საკითხი, სამშვიდობო გეგმა მოემზადებინათ ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების მიერ ინიციირებული გეგმის მსგავსად, პუტინს ტრამპისთვის უნდა დაერეკა ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტამდე და ღაზის სექტორის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაც მიელოცა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მის მიერ მოპოვებული მეორე ჩანაწერი ასახავს 29 ოქტომბერს გამართულ საუბარს იური უშაკოვსა და კირილ დმიტრიევს შორის, რომლებიც განიხილავენ „სამშვიდობო გეგმის“ რუსული პროექტის ამერიკელებისთვის გადაცემის სქემას, რათა მათ ეს იდეები თავიანთ ინიციატივად წარმოედგინათ. სააგენტოს მიერ გავრცელებული ტექსტის მიხედვით, დმიტრიევი უშაკოვს ეუბნება, რომ „ამ ქაღალდს“ მათ (ამერიკულ მხარეს) არაფორმალურად გადასცემს, მათ კი „გააკეთონ, როგორც თავისი“, არ ფიქრობს, რომ მთლიანად ამ ვერსიას აიღებენ, მაგრამ მაქსიმალურად დაახლოებული მაინც იქნება.

Bloomberg-ი არ ასახელებს წყაროს, რომლისგანაც ეს ჩანაწერები მიიღო.

კირილ დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი „ფეიკია“.

ჟურნალისტებმა 25 ნოემბერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხეს სავარაუდოდ უიტკოფისა და უშაკოვის საუბრის ჩანაწერის შესახებ. მან უპასუხა, რომ ჩანაწერი არ მოუსმენია, მაგრამ სმენია, რომ ეს მოლაპარაკებების სტანდარტული ფორმაა და ვარაუდობს, რომ უიტკოფი იმავეს ეტყოდა უკრაინულ მხარესაც.

ასევე ნახეთ სამშვიდობო ჩარჩო უკრაინისთვის - რით განსხვავდება შეთანხმების ამერიკული და ევროპული პროექტები, რა სურს მოსკოვს და რას ელის ტრამპი?

ინფორმაცია, რომ აშშ საიდუმლოდ მუშაობს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, პირველად 18 ნოემბერს გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა. კირილ დმიტრიევმა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით მოქმედებს, დაადასტურა, რომ ოქტომბერში მაიამიში შეხვდა პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს.

მომდევნო დღეებში არაერთი მედიასაშუალება წერდა ვაშინგტონის 28-პუნქტიან გეგმაზე დაყრდნობით, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახულია რუსეთის მოთხოვნები. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და უკრაინის უარი, გახდეს ნატოს წევრი.

მედია ამ გეგმას „უიტკოფი-დმიტრიევის გეგმადაც" მოიხსენიებდა.

20 ნოემბერს, როცა აშშ-ის დელეგაცია არმიის მინისტრის, დენიელ დრისკოლის ხელმძღვანელობით კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მისმა ოფისმა დაადასტურა, რომ ამერიკული მხარისგან გეგმა მიიღეს.

21 ნოემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე - ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვისა.

23 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნების მოლაპარაკება. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.

ასევე ნახეთ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა სამშვიდობო გეგმის განვითარებისთვის და რომ სადავო საკითხებს ტრამპთან განიხილავს

გამოცემა Politico ამერიკელ სენატორებზე დაყრდნობით 22 ნოემბერს წერდა, რომ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსგან მიღებული ინფორმაციით, არსებული გეგმა წარმოადგენს რუსეთის წინადადებებს და არა შეერთებული შტატების ინიციატივას.

თავად რუბიომ, რომელიც 23 ნოემბერს ჟენევაში უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებისას აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სამშვიდობო წინადადების ავტორი შეერთებული შტატებია.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში მედიით გავრცელდა „ამერიკული გეგმის“ ტექსტი, ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე არ გამორიცხა, რომ ტექსტი რუსული ვარიანტიდან სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი, რადგან ზოგიერთი ფორმა ტრადიციულია რუსულისთვის და პასიური ფორმაა ინგლისური ენისთვის. მაგალითად, It is expected.

25 ნოემბერს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „საინფორმაციო ბაკქანალია” უწოდა უკრაინის შესახებ ვაშინგტონის სამშვიდობო გეგმის გარშემო შექმნილ სიტუაციას.