უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა გაავრცელეს განცხადება ჟენევაში მოლაპარაკების შესახებ

ვაშინგტონის სამშვიდობო გეგმაზე უკრაინის და აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაციების მოლაპარაკება 23 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა

უკრაინაში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების მიერ მომზადებული გეგმის განსახილველად ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის ჟენევაში, 23 ნოემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

თეთრი სახლის და უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტებზე გასულ ღამით გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მოლაპარაკება იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, რაც ხაზს უსვამს საერთო ერთგულებას სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევისადმი.

მხარეები კონსულტაციებს ძალიან პროდუქტიულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ განხილვამ აჩვენა არსებითი პროგრესი პოზიციების შეთანხმებასა და შემდგომი მკაფიო ნაბიჯების განსაზღვრაში.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა სცემდეს პატივს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოს მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა.

ჟენევაში მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.

განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება აშშ-ის და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ იმ დაუღალავი ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისკენ.

ასევე ნახეთ ტრამპი: უკრაინას არავითარი მადლიერება არ გამოუხატავს ჩვენი ძალისხმევისთვის

ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას საერთო წინადადებებზე. მათ მჭიდრო კონტაქტი ექნებათ ევროპელ პარტნიორებთანაც.

ჩარჩო დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ.

ორივე მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას, რათა მიღწეული იყოს მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღდგენას.

უკრაინა და აშშ ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რას მოიცავს გეგმის განახლებული და დაზუსტებული ვარიანტი. მედიით გავრცელებული ცნობებით, საუბარია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მეტად გაძლიერებაზე.

აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში 23 ნოემბერს გამართულ მოლაპარაკებაზე დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.

ტელეკომპანია CNN-ი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ მარკო რუბიომ ჟენევა უკვე დატოვა. მხარეებს შორის ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ასევე ნახეთ რუბიოს თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება

გასულ კვირაში მედიამ მოიპოვა უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ მომზადებული გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახავს რუსეთის მოთხოვნებს. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე - ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.

ასევე ნახეთ მძიმე არჩევანის წინაშე - აშშ-ის სამშვიდობო გეგმა და რთული დათმობები უკრაინისთვის

სამშვიდობო გეგმის ოფიციალურად მიღების შემდეგ უკრაინამ აშშ-ს თავისი წინადადებები წარუდგინა. 23 ნოემბერს მხარეებს შორის ჟენევაში მოლაპარაკებები დაიწყო.

კონსულტაციებისთვის ჟენევაში იმყოფებიან ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც.

დასავლეთის რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოამზადეს შემხვედრი წინადადებები, რომლებიც აშშ-ის სამშვიდობო გეგმას ეფუძნება, მაგრამ ზოგიერთი პუნქტის შეცვლას და ზოგიერთის საერთოდ ამოღებას ითვალისწინებს. მაგალითად, ევროპელების ვარიანტი არ ითვალისწინებს უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას.

ევროპელები მიიჩნევენ, რომ მომავალ შეთანხმებაში არ უნდა იყოს პუნქტიც ნატოს წევრობაზე უკრაინის უარის კონსტიტუციური ვალდებულების და ნატოს მხრიდანაც შესაბამისი უარის შესახებ და რუსეთს, უკრაინას და ნატოს შორის უნდა გაფორმდეს ყოვლისმომცველი შეთანხმება თავდაუსხმელობის თაობაზე.

ევროპელების წინადადებაა, რომ მომავალ შეთანხმებაში არ უნდა იყოს ამერიკული გეგმის ის პუნქტი, რომლის თანახმად, რუსეთი არ ჩაერევა მეზობელი ქვეყნების საქმეებში, ნატო კი აღარ გაფართოვდება. ევროპული პროექტით, ნატოში უკრაინის შესვლა დამოკიდებულია ნატოს წევრების კონსენსუსზე, რომელიც არ არსებობს.

ევროპის წინადადებაა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა მშვიდობიან პერიოდში იყოს 800 ათასი. (ამერიკული გეგმით, უკრაინის არმიის რიცხოვნობა ნებისმიერ დროს უნდა იყოს 600 ათასი)

23 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალტერნატიული ევროპული გეგმის შესახებ არ იცის.

ასევე ნახეთ ზელენსკი: ჟენევაში პირველი შეხვედრები აჩვენებს, რომ აშშ-მა შესაძლოა გაითვალისწინოს კიევისთვის მნიშვნელოვანი შენიშვნები

კრემლს 23 ნოემბერს არ გაუკეთებია კომენტარი ჟენევაში აშშ-სა და უკრაინას შორის დაწყებული მოლაპარაკების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 21 ნოემბერს, უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს გეგმა, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს მომავალ „მშვიდობიან დარეგულირებას“, მაგრამ ტექსტი რუსულ მხარესთან საგნობრივად არ განიხილება. პუტინმა მიზეზად ის დაასახელა, რომ შეერთებული შტატები ვერ ახერხებს უკრაინის დათანხმებას.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები დღემდე „ილუზიებში არიან და ბრძოლის ველზე რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე ოცნებობენ“, რაც განპირობებულია „არა იმდენად კომპეტენციის დაბალი დონით“, არამედ ბრძოლის ველზე რეალური ვითარების ამსახველი „ობიექტური ინფორმაციის“ არქონით.

პუტინის განცხადებით, თუ კიევი უარს ამბობს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებზე, ევროპელებთან ერთად უნდა ესმოდეს, რომ ფრონტის ხაზის ძირითად მონაკვეთებზე აუცილებლად განმეორდება ის, რაც კუპიანსკში მოხდა. ხარკოვის ოლქის ეს ქალაქი, როგორც პუტინმა თქვა, ნოემბრის დასაწყისისთვის „პრაქტიკულად, მთლიანად და სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში იყო“.