ივანიშვილის ადვოკატი: ბერმუდაზე დაწყებული დავის საბოლოო გადაწყვეტილებას ლონდონის სასამართლო 24 ნოემბერს გამოაცხადებს

ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნების დღეს გამართულ ღონისძიებაზე. თბილისი, 26 ოქტომბერი, 2024.

მოკლედ

  • "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე ავრცელებს წერილს, რომელშიც ივანიშვილის სასამართლო დავებსა და მისთვის დაკისრებულ სანქციებზე საუბრობს.
  • წიქვაძის წერილიდან ირკვევა, რომ ლონდონში სასამართლო 24 ნოემბერს გამოაცხადებს ბერმუდაზე დაწყებული დავის საბოლოო გადაწყვეტილებას ივანიშვილის კუთვნილ თანხებზე.
  • ამავე წერილიდან ჩანს, რომ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მას სანქციებს მოუხსნის - ივანიშვილის აღქმით, ამით აშშ-ს პრეზიდენტს შეუძლია აჩვენოს, რომ ის "დიპ სტეიტს" არ ემორჩილება.
"ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება", - ადვოკატი აღნიშნავს, რომ "საჯარო სივრციდან" გაიგეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმება.

თემო წიქვაძის წერილში ნათქვამია, რომ ამ ტექსტის დაწერა მას ოპოზიციის მხრიდან 24 ნოემბერზე, როგორც გადაწყვეტილების გამოცხადების დღეზე, დაწყებულმა საუბრებმა აიძულა - აქვე ნათქვამია, რომ ოპოზიცია საუბრობს ივანიშვილისთვის დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე.

ის ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხების გამოყენებაზე შექმნილ პრობლემებს მიიჩნევს "ავაზაკურ რეკეტად", რაც, მისივე შეფასებით, "არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი."

შემდეგ წიქვაძე ავითარებს თეორიას, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი 2008 წლიდან იდევნება "დიპ სტეიტის" მხრიდან - ამ თეორიაში "კრედიტ სუისში" მომუშავე ბანკირი, რომელსაც ის ივანიშვილის მძარცველად მიიჩნევს, "დიპ სტეიტის" მიერ გადაბირებული პირი იყო, რომელიც "წლების შემდეგ ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვნეს".

ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან

"სპეცსამსახურებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი „კრედიტ სუისი“ გაკოტრებამდე მიიყვანეს.

ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტია გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია - ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ, ასევე გავიმარჯვეთ ბერმუდაზე ორი ინსტანციის სასამართლოში და ახლა, სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე", - წერს წიქვაძე.

ის ეხება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის დაკისრებულ სანქციებსაც და გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ არავის განუმარტავს მისი კლიენტისთვის, "რა არის "რუსული ინტერესი", რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა."

წიქვაძე წერილის ბოლოს ამბობს, რომ ივანიშვილს არ აქვს იმედი, რომ სადავო თანხებს დაიბრუნებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ის და მისი ოჯახი კვლავ გააგრძელებენ საქართველოში "მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას.”

ასევე ნახეთ Forbes-ის მილიარდერების ინდექსში ივანიშვილის ქონება $2,7 მილიარდამდე შემცირდა

ბიძინა ივანიშვილი უკვე რვა წელია ცდილობს, დაკარგული ფული დაიბრუნოს. 2015 წელს მან გაიგო, რომ შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ანგარიშებიდან პირადი ბანკირი, პატრის ლესკოდრონი მილიონებს ჰპარავდა.

ლესკოდრონი 2018 წელს თაღლითობის გამო გაასამართლეს, 2019 წელს ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, 2020 წელს კი თავი მოიკლა.

ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან რამდენიმე იურისდიქციაში დავობს თანხის დასაბრუნებლად. ორი დავა მოიგო. 2022 წელს ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილისთვის $607 მილიონის გადახდა დააკისრა, 2023 წლის მაისში კი უკვე სინგაპურის სასამართლომ დაავალა შვეიცარიული ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ $743 მილიონი გადაეხადათ.

Credit Suisse-მა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ამასობაში კი სასამართლომ მას დაავალა, რომ ივანიშვილის კუთვნილი თანხა სხვა შვეიცარიული ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე განეთავსებინა, სანამ საქმე დანარჩენ ინსტანციებს გაივლიდა.

ივანიშვილმა საქმე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო, თუმცა ფული ამ დრომდე არ მიუღია და ის კვლავ რჩება სხვა შვეიცარიული ბანკის (არა Credit Suisse-ის) სადეპოზიტო ანგარიშზე.

ასევე ნახეთ ივანიშვილის მილიარდი ბერმუდის სამკუთხედში - ვის ხელშია „ოცნების“ დამფუძნებლის ფული?