მოკლედ
- განათლების სპეციალისტი, მასწავლებელი და საზმაუს მარშის ერთ-ერთი ლიდერი გოტა ჭანტურია მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გზის გადაკეტვის 49 შემთხვევისთვის 245 000 ლარით დააჯარიმა. საშუალო ხელფასის მიმღები პირისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ხელფასიდან არცერთ თეთრს არ დახარჯავს, ეს თანხა 7 წლისა და 10 თვის შემოსავალია.
- გოტა ჭანტურიას ჯამში 73 ჯარიმა აქვს - ყველა შემთხვევაში ის შსს-მ გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმა.
- ჭანტურიას ადმინისტრაციულ სარჩელებს ოთხი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ნინო ენუქიძე, მანუჩარ ცაცუა, ზვიად ცეკვავა.
- მანუჩარ ცაცუა პირველია, ვინც მისი საქმე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო.
გოტა ჭანტურიას გზის გადაკეტვის გამო ჯარიმები გამოწერილია ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრებამდე, ანუ იმ დროს, როცა ჯარიმებს შსს წერდა და სანამ გზის გადაკეტვაზე სასჯელი პატიმრობა გახდებოდა.
მან ათობით ჯარიმა ჯერ შსს-ში, შემდეგ კი სასამართლოში გაასაჩივრა.
მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლეებმა საქმეები არ გააერთიანეს და ცალ-ცალკე განიხილავენ. პირველი გადაწყვეტილება მანუჩარ ცაცუამ 18 ნოემბერს მიიღო, 49 ჯარიმა 5 000-ზე გაამრავლა და აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნო.
ასევე ნახეთ ინტერვიუ მოსამართლის დასთან: [ძმის] სიყვარულსა და ჭეშმარიტებას შორის არჩევანს დავარქმევდი ჩემს შემთხვევასკობა ჩაგუნავა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამ პრაქტიკით სხვა მოსამართლეებიც დააკისრებენ გოტა ჭანტურიას ჯარიმებს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2025 წლისთვის კაცებისთვის საშუალო ხელფასი 2 601 ლარია - იმისათვის, რომ გოტა ჭანტურიამ მოსამართლე ცაცუას მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდა შეძლოს, 7 წლის და 10 თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს ისე, რომ ხელფასიდან არცერთი თეთრი არ დახარჯოს.
იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის 50%-ს დახარჯავს და მეორე ნახევარს ჯარიმების გადასახდელად შეაგროვებს, ჯარიმებისთვის 15 წლისა და 7 თვის ხელფასი დასჭირდება.
გოტა ჭანტურია სამი მცირეწლოვანი შვილის მამაა.