"საბა 2025-ის" ლაურეატები არიან:
- საუკეთესო რომანი - ირაკლი მეტრეველი, “ნებადართული ჯადოქრობა” ("სულაკაურის გამომცემლობა");
- საუკეთესო პოეტური კრებული - რეზო გეთიაშვილი, “მეოთხე პირის ნიშანი” ("კალმოსანი");
- საუკეთესო პროზაული კრებული - მამუკა დოლიძე, “გამოფენა” ("მერანი");
- საუკეთესო პიესა - ნოდარ მამაცაშვილი, “ლოკოკინას სინდრომი” ("აწმყო");
- საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - სოფიო შამანიდი, “აუტანელი" კაცები/აუტანელი ქალები” ("სულაკაურის გამომცემლობა");
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - გიორგი საჯაია, “ლპობა” ("ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო"); ლექსო ჩხაიძე, “გარეთ, ქარში საკითხავი” ("კალმოსანი");
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ანა მარგველაშვილი, “წერილები მეფეს” ("ალონი");
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ანი კოპალიანი, ადამ მიცკევიჩის “ჯიადი”;
- ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოვდებიან ლერი ალიმონაკი და ზაზა აბზიანიძე.
წელს “საბას” ლიტერატურული ჟიურის წევრები იყვნენ:
- მარი ბექაური, მწერალი;
- ლია ლიქოკელი, პოეტი;
- დავით ქართველიშვილი, მწერალი;
- ლელა დუმბაძე, მთარგმნელი;
- ტორესა მოსი, მწერალი.
მათ გამარჯვებული წიგნები 250-მდე წიგნიდან გამოარჩიეს.
წელს უკვე მეორე წელია, როცა 2002 წელს დაფუძნებული პრემია “საბას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არ ჩატარდა.
როგორც “საბას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი რატი ამაღლობელი წერს, ამის მიზეზი არის ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი.
“დაკავებულები იყვნენ და არიან ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, მწერლები, გამომცემლები. არ დარჩენილა პროფესიული სფერო, რომლის გამორჩეული წარმომადგენლებიც სასჯელს არ იხდიდნენ ქვეყნის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანის ერთგულების გამო. მწერლები პაატა შამუგია, ზვიად კვარაცხელია, ბექა ქურხული სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა იზოლატორში, 2 წლით თავისუფლება აღუკვეთეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელსა და პოეტ ზვიად რატიანს. რეპრესირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება”.
რატი ამაღლობელი წერს, რომ ლიტერატურული პრემია „საბა“ დამოუკიდებელი საქართველოს პირმშოა, ხოლო მისი მრწამსი და ფილოსოფია ეფუძნება სულხან-საბა ორბელიანის საქმეებსა და მისწრაფებებს, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში. თუმცა პოეტის თქმით, ადამიანები ყოველდღიურად ხედავენ ხელისუფლებისგან იმ დიდი იდეალების ღალატს, რომლებზეც თავიდანვე იდგა ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება.
რატი ამაღლობელი აღნიშნავს, რომ იმ თანხას, რომელიც ადრე დაჯილდოების ცერემონიას ხმარდებოდა, ახლა სრულად მიმართავენ იმ ავტორებისკენ, რომლებიც 2025 წლის „საბას“ ჟიურის გადაწყვეტილებით მოკლე სიაში მოხვდნენ.