ზელენსკის ურჩევენ, ერმაკი გაათავისუფლოს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან - მედია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი

უკრაინის ენერგეტიკის სფეროში კორუფციული გარიგებების გამოვლენის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრები გამართა, რათა მოძიებული იყოს გადაწყვეტილებები კორუფციული სკანდალით გამოწვეული სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ამის შესახებ დღეს, 18 ნოემბერს წერს დამოუკიდებელი ავტორიტეტიანი გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“.

ამ მიზნით ზელენსკი გასულ კვირაში შეხვდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ სვირიდენკოს, ვიცე-პრემიერ ფიოდოროვს და სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ ბუდანოვს.

უკრაინული გამოცემის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ხელისუფლების მაღალჩინოსნები პრეზიდენტს კრიზისიდან გამოსასვლელად სხვადასხვა რეკომენდაციას აძლევდნენ, მაგრამ თითქმის ყველა ურჩევდა, შეცვალოს თავისი ოფისის ხელმძღვანელი. ამ თანამდებობას 2020 წლის თებერვლიდან იკავებს ანდრიი ერმაკი, რომელსაც მედია ხშირად მოიხსენიებს „რუხ კარდინალად“.

ასევე ნახეთ არმიიდან ზელენსკიმდე - როგორ შეძრა უკრაინა კორუფციულმა სკანდალმა

როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, უკრაინის ხელისუფლებას აშფოთებს, რომ კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილებს შორის შესაძლოა, ერმაკიც აღმოჩნდეს.

გამოცემის წყაროთა ინფორმაციით, ერმაკის გადადგომას მოითხოვს ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრთა უმრავლესობაც, თავად ერმაკი კი ცდილობს პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ კორუფციული პრობლემების უკან ოლიგარქი იგორ კოლომოისკი დგას. ფულის გათეთრებასა და მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კოლომოისკი ამჟამად პატიმრობაშია.

„უკრაინსკა პრავდას“ წყაროთა თანახმად, მტრის მოძებნა იმისათვის, რომ ბრალი არ აღიარო, პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთი საყვარელი ტაქტიკაა.

ასევე ნახეთ „მიდასის“ შეხება - შეარყევს თუ არა კორუფციის საქმე ზელენსკის პოლიტიკურ ნდობას?
ასევე ნახეთ უკრაინის პრემიერმა პარლამენტს მიმართა თანამდებობიდან ორი მინისტრის გასათავისუფლებლად

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.

გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული გარიგებების მიზნით მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ტიმურ მინდიჩი ხელმძღვანელობდა.

ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. მინდიჩმა უკრაინა 10 ნოემბერს დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სქემის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე.

კორუფციის საქმეზე ამ ეტაპზე ბრალდებულია რვა პირი.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ ბიზნესპარტნიორს და კორუფციაში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს

2005 წლის ზაფხულში, როცა უკრაინის პარლამენტმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონი მიიღო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი კანონს ხელი მოწერა, უკრაინის არაერთი მედიასაშუალება წერდა, რომ ინიციატორი ანდრიი ერმაკი იყო. პრეზიდენტის ოფისში ამას უარყოფდნენ.

ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვის გამო უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებსაც. ხელისუფლება იძულებული გახდა ახალი კანონი გაეუქმებინა.

უკრაინაში არსებული კორუფციაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც კიევისგან წლებია მოითხოვენ დასავლელი პარტნიორები. მოთხოვნის შესრულება კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ასევე ნახეთ ევროპელი პარტნიორები უკრაინისგან მოითხოვენ კორუფციასთან გადამწყვეტ ბრძოლას