თბილისის მთავარ ნაძვის ხეს პარლამენტთან აღარ დგამენ

საახალწლოდ მორთული პარლამენტის მიმდებარე სივრცე გასულ წელს

თბილისის ცენტრალურ ნაძვის ხეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედანზე ააწყობენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

ნაძვის ხეს 12 დეკემბერს აანთებენ და სწორედ ამ დღიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიებები.

წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 280 000 ლარი დაიხარჯება საახალწლო ღონისძიებებში - მომსახურებას წელსაც ტენდერის გარეშე იყიდიან. ამ თანხაში მოეწყობა კულტურული სივრცეები, დეკორაციები, ყინულის მოედანი, კონცერტები, „საშობაო ბაზარი“ და გალა კონცერტი.

ვინ იმღერებს და სად გაიმართება გალა კონცერტი, ჯერ უცნობია. გასულ წელს კონცერტი დახურულ სივრცეში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჩაწერეს, მოგვიანებით კი ჩანაწერი ტელეეთერებით გადასცეს.

2026 წლისთვის დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალში პარლამენტის მიმდებარე სივრცე არ მოხვდა იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში სწორედ იქ დგამდნენ მთავარ ნაძვის ხეს. გასულ წელს „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და დედაქალაქის მერ კახა კალაძეს, რომელიც ამავე პარტიის გენერალური მდივანია, მომიტინგეებმა ნაძვის ხის ანთების საშუალება არ მისცეს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთავარი საპროტესტო სივრცეა გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევოინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.