უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ენერგეტიკის სფეროში მასშტაბურ კორუფციულ სქემაზე იუწყება

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროში კორუფციის გამოაშკარავების მიზნით „მასშტაბური ოპერაცია“ მიმდინარეობს

უკრაინის ენერგეტიკის სფეროში კორუფციის გამოაშკარავების მიზნით „მასშტაბური ოპერაცია“ მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს, 10 ნოემბერს განაცხადა უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ.

„მასშტაბურ ოპერაციას“ ბიურო ატარებს სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად.

„მუშაობის 15 თვე და 1000-საათიანი აუდიო ჩანაწერები. დოკუმენტირებულია მაღალი დონის დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობა. მისმა მონაწილეებმა ააგეს სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოზე, კერძოდ, „ენერგოატომზე“ გავლენის მასშტაბური კორუფციული სქემა“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში. უწყების თანახმად, დეტალებზე მოგვიანებით ილაპარაკებენ.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან „გოლოს“ იაროსლავ ჟელეზნიაკი ირწმუნება, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომში“ და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ გერმან გალუშჩენკოსთან, რომელიც ამჟამად იუსტიციის მინისტრია.

ასევე ნახეთ უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიუროს გამომძიებლები კიევში გასაჩხრეკად მივიდნენ ბიზნესმენთან, სტუდია „კვარტალი 95“-ის თანამფლობელ ტიმურ მინდიჩთან. ამ სტუდიის დამფუძნებლებს შორის იყო უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინული მედია მინდიჩს ზელენსკის მეგობრად მოიხსენიებს.

„უკრაინსკა პრავდას“ წყაროს ინფორმაციით, მინდიჩმა უკრაინის ტერიტორია 10 ნოემბერს, ჩხრეკის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. თავად ტიმურ მინდიჩს ამ ცნობების გამო ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

დამოუკიდებელი გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში წერდა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა აპირებენ ერთ-ერთ საქმეზე ტიმურ მინდიჩის ეჭვმიტანილად გამოცხადებას.

ნოემბრის დასაწყისში „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობაც, რომ მინდიჩით შესაძლოა, შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროც დაინტერესდეს და საქმე ფულის გათეთრებას ეხება.

ასევე ნახეთ უკრაინა ამბობს, რომ იარაღის შესყიდვებში კორუფციული სქემა გამოავლინა

განახლება: უკრაინის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის შესახებ პირველი განცხადებიდან დაახლოებით ორ საათში ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა კორუფციული სქემა, აუდიოჩანაწერების ნაწილი და კიდევ ერთი განცხადება, რომლის თანახმად, დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.

გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.

გარდა ამისა, გამოძიების თანახმად, 200 მილიარდ გრივნაზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სტრატეგიული საწარმოების მართვა ფაქტობრივად, ხდებოდა არა ოფიციალური თანამდებობის პირების, არამედ გარეშე პირების მიერ, რომლებსაც არანაირი ფორმალური უფლებამოსილება არ ჰქონდათ და „მაყურებლების“ როლს ასრულებდნენ. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალაში კორუფციული სქემის მონაწილეები მხოლოდ მეტსახელებით არიან მოხსენიებული.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ამ სქემაზე დაყრდნობით წერს, რომ კორუფციის საქმეში ფიგურირებენ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი იჰორ მირონიუკი, „ენერგოატომის“ უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დმიტრო ბასოვი და ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, რომელიც დანაშაულებრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ასევე, უკანონოდ მოპოვებული სახსრების ლეგალიზაციისთვის შექმნილი ოფისის ოთხი თანამშრომელი.

გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები ენერგეტიკის სამინისტროსა და სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომში“ კავშირების გამოყენებით აკონტროლებდნენ საკადრო საკითხებს, შესყიდვებსა და სახსრების მოძრაობას.