სააგენტო Reuters-ი RIA-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მა დიპლომატიური არხებით აცნობა რუსეთს, რომ განიხილავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადებას, შეინარჩუნონ სტრატეგიული იარაღის შემცირების ახალი ხელშეკრულებით (New START) დადგენილი შეზღუდვები 2026 წლის თებერვალში მისი ვადის გასვლის შემდეგ.
„ჯერჯერობით ვაშინგტონიდან არსებითი პასუხი არ ყოფილა. დიპლომატიური არხებით გვაცნობეს, რომ „საკითხი განხილვის პროცესშია“, - განაცხადა ლავროვმა RIA Novosti-თან ინტერვიუში.
ადრე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გააგრძელოს ხელშეკრულებით დაწესებული შეზღუდვების დაცვა მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, თუ აშშ დაიცავს ორმხრივი შეთანხმების პირობებს.
New START-ის სახელით ცნობილი ორმხრივი ხელშეკრულება ითვალისწინებს ორი ქვეყნის მიერ განლაგებული ბირთვული ქობინების შემცირებას თითოეული მხარისთვის 1550 ერთეულამდე, ხოლო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBMs), წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების (SLBMs) და მძიმე ბომბდამშენების (HBs) შემცირებას 700 ერთეულამდე.
ხელშეკრულებას 2010 წლის 8 აპრილს პრაღაში ხელი მოაწერეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, დიმიტრი მედვედევმა და ბარაკ ობამამ და ის ძალაში შევიდა 2011 წლის 5 თებერვალს.