აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა "ლუკოილის" უცხოური აქტივების შეძენა

"ლუკოილის" ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო

“პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მანამდე, სანამ პუტინი განაგრძობს უაზრო კვლას, კრემლის მარიონეტი Gunvor-ი ვერასდროს მიიღებს ლიცენზიას საქმიანობისა და სარგებლის მისაღებად”, - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ეს განცხადება გაავრცელა იმ ფონზე, როცა ცნობილი გახდა, რომ კომპანია Gunvor-ი აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსეთის ენერგოკომპანია „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენას აპირებს.

ვაშინგტონის ამ განცხადების შემდეგ მყისიერად გავრცელდა ცნობა, რომ Gunvor-მა უკან წაიღო თავისი $22-მილიარდიანი წინადადება „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენაზე.

"სახაზინო დეპარტამენტის განცხადება არსებითად დეზინფორმაციული და სიცრუეა. ამავდროულად, Gunvor-ს უკან მიაქვს "ლუკოილის" უცხოური აქტივების შეძენაზე თავისი წინადადება", - განუცხადა "პოლიტიკოს" Gunvor-ის სპიკერმა სეთ პიეტრასმა.

ასევე ნახეთ “ლუკოილი” უცხოეთში თავის აქტივებს ყიდის აშშ-ის სანქციების გამო

2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნავთობით მოვაჭრე კომპანია Gunvor-ი, რომელსაც აკონტროლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარი გენადი ტიმჩენკო, მზად იყო, შეესყიდა სანქცირებული რუსული კომპანიის ავსტრიაში რეგისტრირებული Lukoil International GmbH-ის აქციათა 100 პროცენტი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ლუკოილსა“ და „როსნეფტს" სანქციები დაუწესა 22 ოქტომბერს. ამ გადაწყვეტილების მიზანი არის რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეზღუდვა და ამ გზით ვლადიმირ პუტინის იძულება, შეწყვიტოს ომი.

ასევე ნახეთ აშშ-ის სანქციები "ლუკოილისა" და "როსნეფტის" წინააღმდეგ - რა შეეხება საქართველოს