სუპერმარკეტში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით მანჩო გიორგობიანი დააკავეს

მანჩო გიორგობიანი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანჩო (მანანა) გიორგობიანი. მას ედავებიან 2 ნოემბერს, ღამით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძალადობის ორგანიზებას.

მანჩო გიორგობიანს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ვერსიით, გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, 19 და 21 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ კი დაუკავშირდა თავის 29 წლის ახლობელს.

„[ახლობელი] ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ“, - ასე აღწერს შსს 2 ნოემბრის ღამეს მომხდარ დანაშაულს.

უწყების ცნობით, ექვსივე მონაწილე იდენტიფიცირებულია. შსს ავრცელებს შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებსაც, რომლებიც გადაღებულია სუპერმარკეტის შიდა და გარე სივრცეებში.

საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა (225) და ძალადობის (126) მუხლებით.

გუშინ, 4 ნოემბერს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, მანჩო გიორგობიანის საჯარო მიმართვა. ის უკმაყოფილებას გამოხატავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ქმედებების გამო.

„გელკა გელაძე ხარ, თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს-ს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან!

ჩემი ძმა, ბესო კოტრიკაძეა გაჩერებული ქუჩაში არაფრის გამო, ჩემთან წამალი მოაქვს, დედებს მოგიხნავთ თუ არ გამოუშვებთ და ჩემს გადაკიდებას გირჩევნია ორი ტომარა ცემენტი ათრიო“, - წერდა მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.