უკრაინამ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილი კიდევ ხუთი რუსი სამხედროს ვინაობა დაასახელა

სასაფლაო ბუჩაში, სადაც დაკრძალული არიან ამოუცნობი პირები

უკრაინამ 2022 წელს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილების - ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაასახელა.

ამის შესახებ RBC-Ukraine მთავარ სადაზვერვო დირექტორატზე დაყრდნობით იტყობინება.

ეჭვმიტანილები არიან რუსეთის არმიის 76-ე დივიზიის 234-ე საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე პოლკის წევრები: ლეიტენანტი იური კიმი, რიგითი ევგენი მეშალკინი, უფროსი სერჟანტი ანატოლი პავლოვი, უფროსი სერჟანტი შამილ ჰასანგულიევი და რიგითი პაველ კრეტინინი.

გამომძიებლების თქმით, ქალაქის ოკუპაციის დროს ეჭვმიტანილებმა 17 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს, აწამეს ადამიანები და დანაშაულის დაფარვა გარდაცვლილთა ცხედრების დაწვით სცადეს.

„ყველა, ვინც უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილეობდა, დაისჯება. ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას - ჯალათების სახელები უკვე ცნობილია“, - განაცხადა მთავარმა სადაზვერვო დირექტორატმა (GUR).

ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.


  • ბუჩა კიევიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. 2022 წელს რუსეთის ჯარების უკან დახევის შემდეგ, ქალაქში მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. გადარჩენილი თვითმხილველები აცხადებდნენ რუსეთის სამხედროების მიერ სიკვდილით მოქალაქეთა მასობრივი დასჯის, ასევე წამებისა და ძარცვის შემთხვევებზე.
  • რუსულმა მხარემ უარყო თავისი არმიის მონაწილეობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და კიევი ინციდენტის დადგმაში დაადანაშაულა.
    თავდაცვის სამინისტროს ვერსიის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გამო, რუსებს სისხლის სამართლის დევნა ემუქრებათ „ყალბი ინფორმაციის“ და „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ მუხლებით.
ასევე ნახეთ უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთმა 150 ათასი ომის დანაშაული ჩაიდინა. აქ ხუთი ყველაზე უარესია აღწერილი
ასევე ნახეთ “ორი იმდენი, რამდენიც ბუჩაში” - გათავისუფლებულ იზიუმში საფლავებს ითვლიან
ასევე ნახეთ რას ცვლის ბუჩა უკრაინაში, ევროპაში, მსოფლიოში


ასევე ნახეთ „ზოგს ყურები მოაჭრეს, ზოგს კბილები დააძრეს, მათ შორის იყვნენ მოზარდები“ - ომის დანაშაულის მოწმეები