ჭიათურის მერიის განმარტება სკანდალურ ფოტოზე: “ეს იყო პერფორმანსი, რომლის ფარგლეში ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო”

ჭიათურის მერიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების კოლაჟი

სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა „ჭიათურობა 2025“-ის საქალაქო ფესტივალის ფოტომ, რომელზეც გამოსახულია საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

სოციალური მედიის მომხმარებლებმა მიუთითეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი რუკის“ დამზადება ან გამოყენების გამო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ჯერ წაშალა გამოქვეყნებული პოსტი, შემდეგ კი გამოაქვეყნა განმარტება და ახალი ფოტო.

მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია. ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო. თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული“,- აღნიშნულია განცხადებაში.


ასევე ნახეთ პაპუაშვილმა განმარტა, პრეზენტაციაზე გამოყენებულ საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მკვეთრად რატომ არ ჩანდა


ასევე ნახეთ ინგუშეთში რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა