ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს, რომლის ერთ-ერთი ლიდერიცაა ზვიად ცეცხლაძე.
მათი ინფორმაციით პატიმარმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის გამო სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ზვიად ცეცლაძის დედას, ნარგიზ დავითაძეს. მისი თქმით, მან ეს ინფორმაცია სოციალური ქსელიდან შეიტყო:
„დიახ, „დაფიონმა“ გაავრცელა ეს ინფორმაცია. ზვიადს ჩემთვის არაფერი უთქვამს, სავარაუდოდ, მათ შეატყობინა. მაგრამ არ ვღელავ, რადგან 29 ოქტომბერს უნდა შევიდე საპატიმროში და აუცილებლად გადავაფიქრებინებ“.
ნარგიზ დავითაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და შიმშილობა მასზე უარყოფითად აისახება:
„ბავშვობიდან აქვს კონკრეტული პრობლემა და ენდოკრინოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს. პერიოდულად აქვს ხოლმე გარკვეული ცვლილებები ანალიზში, ვაკონტროლებთ შაქრის შემცველობას სისხლში, სჭირდება დიეტა, ამიტომ შიმშილობა მისი ჯანმრთელობისთვის ნამდვილად საზიანოა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნარგიზ დავითაძემ.
ზვიად ცეცხლაძეს მოსამართლე თამარ სახელაშვილმა 2025 წლი 2 სექტემბერს 2 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. მან ის დამნაშავედ ცნო პროევროპული აქციებისას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. მასთან ერთად პატიმრობა მიესაჯა კიდევ 7 დაკავებულს.
არცერთი ბრალდებული გამოძიების არცერთ ეტაპზე ბრალს არ აღიარებდა.
ასევე ნახეთ 25 ოქტომბრის ღამეს მოსამართლეებმა რამდენიმე დემონსტრანტი გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში