პარიზის სასამართლომ სარკოზი დამნაშავედ ცნო საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში ლიბიელი დიქტატორის, კადაფის მეშვეობით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ განაჩენი 25 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი დარბაზშივე არ დააპატიმრეს და პირადი საქმეების დასასრულებლად და ციხეში თავისი ნებით მისასვლელად ვადა 21 ოქტომბრამდე მისცეს.
გამოცემა Tribune Dimanche-თან ინტერვიუში, რომელიც 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სარკოზიმ განაცხადა, ციხის არ ეშინია და სანტეს შესასვლელთან თავაწეული იდგება.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვაჟი ჟანი ესალმება მამის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს. პარიზი, 2025 წლის 21 ოქტომბერი
დღეს დილით პარიზში, ნიკოლა სარკოზის სახლთან შეიკრიბნენ მისი პირველი ცოლი, შვილები, ძმა და ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი მოქალაქეები. სარკოზი სახლიდან გამოვიდა მეორე ცოლთან, კარლა ბრუნისთან ერთად და შემდეგ ავტომობილით საპატიმროსკენ გაემგზავრა. სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის სახლთან შეკრებილები სარკოზის სახელს სკანდირებდნენ.
პარიზის ციხისკენ მიმავალმა ნიკოლა სარკოზიმ სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ შურისძიების და სიძულვილის მსხვერპლია და ციხეში მიდის არა საფრანგეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, არამედ უდანაშაულო ადამიანი.
ნიკოლა სარკოზი, რომელსაც 2025 წლის იანვარში 70 წელი შეუსრულდა, მოათავსეს საპატიმრო დაწესებულების იმ სპეციალურ ნაწილში, სადაც მხოლოდ სამარტოო საკნებია. მას დღეში ორჯერ გასეირნების უფლება აქვს.
ასევე ნახეთ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი დამნაშავედ ცნეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეშინიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 2007-2012 წლებში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს მიღებაში 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.
სარკოზიმ თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
პარიზის სასამართლოს მიერ სექტემბერში გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. თუ სააპელაციო სასამართლო ყოფილ პრეზიდენტს გაამართლებს, ის საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
ასევე ნახეთ ნიკოლა სარკოზის პირველი ქარიშხალი – აგვისტოს ომის დიპლომატიური კულისები. ნაწილი პირველინიკოლა სარკოზი მონაწილეობდა შეთანხმების მიღწევაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასასრულებლად.
2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოსკოვიდან თბილისში ჩამოიტანა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეთანხმებული გეგმა, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ ხელი მოაწერა 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა - 16 აგვისტოს.
მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ცნობილია 12 აგვისტოს ხელშეკრულების სახელით. მას ხშირად და სხვადასხვა დონეზე უწოდებენ სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიან გეგმასაც. თბილისი იმთავითვე ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი სახელწოდებით სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი გეგმა არ არსებობს.