სირიის დამხობილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, რომელმაც თავშესაფარი რუსეთში მიიღო, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბიზნესცენტრ "მოსკვა-სიტიში", სადაც ისინი 20-მდე ბინას ფლობენ. ამ ცნობას ავრცელებს გერმანიაში გამომავალი Die Zeit-ი - გამოცემა ეყრდნობა წყაროს, რომელიც, როგორც წერენ, დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა ასადის უახლოეს წრეში.
გამოცემა აქვეყნებს კომპლექსის ფოტოს. იუწყებიან, რომ ბინები, რომლებსაც ალ-ასადის ოჯახი ფლობს, განთავსებულია მარცხნივ მდებარე, 76-სართულიან კოშკში - რომელსაც "მოსკვა" ჰქვია.
გამოცემას წყარო ეუბნება, რომ ალ-ასადი იკავებს "სამ ბინას ფეშენებელურ მაღალსართულიან კორპუსში, რომლის ქვედა სართულზე სავაჭრო ცენტრია - ის ამ ცენტრს დროდადრო სტუმრობს".
"დარჩენილ დროში ის საათებობით თამაშობს საინტერნეტო ვიდეო თამაშებს. ის ხშირად ჩერდება მოსკოვის შემოგარენში მდებარე თავის ვილაშიც" - დასძენს წყარო. მისი თქმით, ალ-ასადის ოჯახს "შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს მოსკოვში", პირადი მცველების თანხმებით.
წყარო ასევე ამბობს, რომ ბაშარ ალ-ასადის უმცროსი ძმა, მაჰერი, ცხოვრობს სასტუმროში Four Seasons. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, მას ეს ცნობები აქვს "სანდო წყაროებისგან" - თუმცა, Die Zeit-ი აღნიშნავს, რომ ამ ცნობების გადამოწმება შეუძლებელია.
გამოცემა Financial Times ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა, რომ ბაშარ ალ-ასადის ნათესავებმა სულ მცირე 19 ბინა შეისყიდეს "მოსკვა-სიტის" ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში. შეთანხმებების გასაფორმებლად ძირითადად ოფშორულ კომპანიებს იყენებდნენ. გაზეთი წერდა, რომ უძრავი ქონების ოფიციალური მფლობელები იყვნენ ლიბანის ოფშორული კომპანიები.
ასევე ნახეთ სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი არჩევნები ჩაატარეს