8 ოქტომბერს, დილით უკრაინის კერძო ენერგოკომპანიამ ДТЕК განაცხადა, რომ დარტყმა იყო კომპანიის თბოელექტროსადგურზე, რომლის დანადგარები სერიოზულად დაზიანდა. დაიჭრა ორი ენერგეტიკოსი. კომპანიამ არ დააკონკრეტა, სად მდებარეობს ეს თბოელექტროსადგური.
ენერგოობიექტზე რუსული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა კომპანია, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს უკრაინის ჩერნიგოვის ოლქს. კომპანიის თანახმად, ნიჟინის რაიონში მდებარე ენერგოობიექტზე დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 4,5 ათასზე მეტ აბონენტს.
ქალაქ ნიჟინში დრონებით შეტევა იყო რკინიგზაზეც, სატვირთო ეშელონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია ნიჟინი-კიევის ხაზი და რკინიგზის საწყობები.
ასევე ნახეთ პოლტავა, სუმი, ხარკოვი - რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს უკრაინის ენერგოობიექტებს და რკინიგზასუკრაინის სუმის ოლქის კრასნოპოლსკის რაიონში რუსული დრონი მოხვდა კერძო სახლს. საოლქო ხელისუფლების ინფორმაციით, დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის გოგო, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
დღეს დილით ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა ქალაქ ხერსონში. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, რომელი სახეობის იარაღის გამოყენებას მოჰყვა მსხვერპლი.
რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ოლქში ოკუპირებულია მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირი, საიდანაც ყოველდღიურად არტილერიით, დრონებით და თვითმფრინავებით უტევენ მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქ ხერსონს.
ასევე ნახეთ პუტინმა დაასახელა უკრაინაში წელს მიტაცებული ტერიტორიის ფართობი - 4900კმ²ბოლო ხანს რუსეთის ჯარები ისევ ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინელებს გაუმწვავოს გათბობის და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ რუსეთის მსგავს ქმედებებზე მსოფლიო პრაქტიკულად, არ რეაგირებს.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?