პოლიციამ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილე 13 პირი დააკავა

4 ოქტომბერი: დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ჯებირი დააზიანეს.

პოლიციამ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილე 13 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც „მიმალვაში არიან“.

„პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი. ესენი არიან: თ.მ; ა.ნ; ბ.ჟ; ბ.მ; ა,გ; ე.შ; გ.რ; ვ.ფ; დ.ს; მ.მ; ზ.ხ; კ.მ და ს.მ.“, - თქვა დარახველიძემ და დასძინა, რომ მუშაობენ სხვა პირების დადგენაზეც.

ორი დღის წინ, 4 ოქტომბერს, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.

იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. ხუთივე მათგანს ბრალი უკვე წაუყენეს, მათ აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 7 ოქტომბერს იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:

  • 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
  • 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
  • 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
  • 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.

იმავე დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.