ევროკავშირის ლიდერები: შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ძალადობისგან

ევროკავშირის დროშა ერთ-ერთ აქციაზე. 2024 წლის ფოტო

ევროკავშირის ლიდერები 4 ოქტომბრის არჩევნებისა და იმავე დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადებას ავრცელებენ - მოუწოდებენ ხელისუფლებას მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისკენ, ამავე დროს მოუწოდებენ „ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან“.

5 ოქტომბრის საღამოს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ეკუთვნით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ მარტა კოსს.

„ეს შაბათი საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დღე იყო, რამაც ჩაიარა განსხვავებული აზრის გამოხატვისადმი ფართომასშტაბიანი ზეწოლის ფონზე“, - წერია განცხადებაში.

„დამოუკიდებელ მედიაზე რამდენიმეთვიანმა რეიდებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ თუ მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა მკვეთრად შეამცირა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნებს და აქტივობა შედარებით დაბალი იყო“, - აცხადებენ ლიდერები.

„გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, OSCE/ODIHR-ის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ხელი შეუშალა სანდო საერთაშორისო მონიტორინგს. რეპრესიული გარემოს გამო, ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც თავი შეიკავეს დაკვირვებისგან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე ნახეთ ეუთო/ოდირი მისიას არ გზავნის - „არასაკმარისი დროა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“

„უამრავი ადამიანი მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებას“, - კვლავ აცხადებენ ისინი. ამასთან, განცხადებაში წერია:

„ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა პოლიტიკური აქტორი და სამოქალაქო საზოგადოება და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან“.

„დაბოლოს, ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას ევროკავშირის როლთან დაკავშირებით საქართველოში და გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ“, - აცხადებენ კაია კალასი და მარტა კოსი.

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მიუკერძოებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიპოვა გამარჯვება, ზოგან - 100%-ით.

პარალელურად ჩატარდა საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის ერთმა ნაწილმაც მოარღვია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე და სასახლეში შეჭრა სცადა. პოლიციამ აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის“ ხუთივე წევრი დააკავა:

  • მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე
  • ამავე მოძრაობის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა, - ყოფილი მაღალჩინოსანი ენმ-ის მმართველობისას;
  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე;
  • „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე
  • პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

პოლიციამ ოთხი მუხლით დაიწყო გამოძიება.

5 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეიდან გამართული „ნებისმიერი შეკრება“ 4 ოქტომბრის მოვლენების - „ხელისუფლების დამხობის“ მცდელობის გაგრძელებად ჩაითვლება.

ასევე ნახეთ უწყვეტი პროტესტის ბედი 4 ოქტომბრის შემდეგ - შსს-ს გაფრთხილების მიუხედავად, აქცია მაინც დაიგეგმა