სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას. ის მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებას ემხრობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას, რომლის ინიციატორებიც იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა და ცვლილებების კომიტეტის წევრები. მათი განცხადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელის ქუჩისკენ წავიდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს მესერი გაანადგურა, ეზოში შეიჭრა და შენობის დაკავება სცადა - სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი წყლის ჭავლი გამოიყენა.

"პრეზიდენტის სასახლის აღების ეს მცდელობა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, ქართველი ხალხის 310-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ოფიციალურად ვემიჯნები ამას და მშვიდობიანად ვაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასთანაც გააკეთა განცხადება რუსთაველის გამზირიდან.

„აქ ვინც დგას, არავის სჯერა პროვოკაციების და ახლა რაც ხდება იქითკენ, არის სუფთა პროვოკაცია. ეს არის პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ ის, რაც დღეს ეწინააღმდეგება რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან. მთავარია, რომ აქ გაგრძელდეს დგომა, მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს უშვრებიან და მეც ვიქნები ხვალ და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც, რომ ეს პროვოკაცია დასრულდეს და დასრულდეს მშვიდობიანი პროტესტით“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ


თბილისში თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად შეკრებილი მოქალაქეები ამ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ, მასში არ მონაწილეობენ და კვლავ ითხოვენ პოლიტპატიმრად მიჩნეული 60-მდე ადამიანის გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს. 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით არსებობდა ასევე მოლოდინი, რომ ის შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების "მშვიდობიანად დამხობის" იმპულსი.