იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელად აირჩიეს 64 წლის პოლიტიკოსი ქალი, სანაე ტაკაიჩი. ეს ნიშნავს, რომ იგი, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრი გახდება - იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობას პირველად დაიკავებს ქალი.
კენჭისყრა ორ ტურად გაიმართა, რადგან ხმათა უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. როგორც გამოცემა The Japan Times-ი წერს, მეორე ტურში ტაკაიჩიმ 185 ხმის მოპოვებით დაამარცხა სოფლის მეურნეობის მინისტრი სინძირო კოიძუმი, რომელსაც 156 ხმა ერგო.
არსებული მოლოდინით, ახალი პრემიერ-მინისტრის დასამტკიცებლად პარლამენტის რიგგარეშე სესია ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობა ორივე პალატაში დაკარგა, მაინც მოელიან, რომ ამ პოსტზე ტაკაიჩის დაამტკიცებენ - რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება ვერ შეძლეს.
პარტიის ლიდერის არჩევნები მას მერე გაიმართა, რაც ერთწლიანი სამსახურის შემდეგ პოსტიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა. გამოცემა The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ზომიერი შეხედულებებით ცნობილი იშიბას პრემიერად არჩევამ შარშან უკმაყოფილება გამოიწვია მისი პარტიის მემარჯვენე წევრებში. ტაკაიჩი ამ პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად კონსერვატორი წევრია.
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია იაპონიის უმსხვილესი პარტიაა. მცირე წყვეტებით (საერთო ჯამში, ოთხი წლის განმავლობაში), ეს პარტია ხელისუფლებაშია 1955 წელს დაფუძნების მომენტიდან. 2009 წლიდან არსებობს ლიბერალ-დემოკრატებისა და "კომეიტოს" მმართველი კოალიცია.
შარშან ლიბერალ-დემოკრატებმა დაკარგეს უმრავლესობა ქვედა პალატაში, თუმცა კოალიციური პარტნიორების დახმარებით შეძლეს ხელისუფლებაში დარჩენა. მიმდინარე წლის ივლისში პარტიამ უმრავლესობა დაკარგა მრჩეველთა პალატაშიც - ანალიტიკოსები ლაპარაკობდნენ არჩევნებზე ულტრამემარჯვენე პარტია "სანსეიტოს" მიერ მოპოვებულ წარმატებაზე.
ასევე ნახეთ „აქ არ გახსნა“ - უტა ივანიშვილს იაპონიაში ელჩმა ჩემოდანი გადასცა - იაპონური მედია