ოკუპირებულ გალის რაიონში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული კადრი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი, რომელიც ამ სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილია „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“.

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხიზანიშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს გალის რაიონის სოფელ შაშიკვარაში. ამ სამსახურის მტკიცებით, დაკავებულის სახლში აღმოაჩინეს თოფი საბრძოლო მასალებით, სამხედრო ზურგჩანთა სურსათით, ქართული დოკუმენტები, ნაღდი ფული და საბანკო ბარათები. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, სახლის მიმდებარედ ნაპოვნია შეკვრა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა.

სოხუმში ირწმუნებიან, რომ შალვა ხიზანიშვილმა დაადასტურა კონტაქტები ქართულ სპეცსამსახურებთან, მის ტელეფონში აღმოჩნდა მიმოწერა „უკრაინული მობილური ოპერატორის აბონენტთან, საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელ ტარიელ ფიფიასთან“. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებითვე, ხიზანიშვილმა აფხაზეთში დისლოცირებულ ერთ-ერთ რუსულ სასაზღვრო საგუშაგოს გადაუღო ვიდეო, რისთვისაც ფულადი ჯილდო მიიღო, მოგვიანებით კი მას გადასცეს ასაფეთქებელი მოწყობილობა.

არცერთი ეს ინფორმაცია სანდო წყაროებით დადასტურებული არ არის.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხიზანიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრეს „ჯაშუშობისა“ და „იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას” მხოლოდ ის უთხრეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ყველა საჭირო არხი ჩართულია და მიმდინარეობს დეტალების დადგენა.

ასევე ნახეთ „ჯაშუშობაში“ ბრალდებულ თაკალანძეს ე.წ. სასამართლომ ათ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა
ასევე ნახეთ "გადავიღე და გავუგზავნე" - სოხუმი "საქართველოს ჯაშუშის" დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს

2024 წლის მაისში აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს „აფხაზეთის მოქალაქე” კახა მურადოვი, რომელსაც კავშირი აქვს ქართულ სპეცსამსახურებთან. 2025 წლის იანვარში აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ მურადოვს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა „სახელმწიფო ღალატისა“ და „იარაღის უკანონო ბრუნვისთვის“.

2022 წლის ივლისში გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დააკავეს ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც 2023 წლის მაისში ე.წ. სასამართლომ ათ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.