საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო

4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.

პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს.

კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია.

64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.

ასევე ნახეთ პარტიები, დამკვირვებლები, მედია - არჩევნები 2025 რიცხვებში

მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებში დაპირისპირება ძირითადი ოპოზიციური პარტიებიდან გადაწყვიტეს „ძლიერი საქართველო - ლელომ“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩმა“.

ძირითადი ოპოზიციური ძალებიდან არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს პარტიების გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე და ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ამ ოპოზიციურმა პარტიებმა(„გირჩის“ გარდა) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტის მანდატები მოიპოვეს, თუმცა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, ოფიციალური შედეგები და „ქართული ოცნების“ მიერ უმრავლესობის მოპოვება არ აღიარეს, პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვეს და ხელახალი არჩევნები მოითხოვეს.

ასევე ნახეთ არჩევნებს 81 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება – 2021 წელს მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებდა

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ია.

3 061 საარჩევნო უბნიდან 2 284-ზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ტარდება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ოპოზიციის და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია უკავშირდებოდა ელექტრონული კენჭისყრისას ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევას. კერძოდ, იმას, რომ ბიულეტენზე კონკრეტული სუბიექტის გასწვრივ სპეციალური მარკერით გაფერადებული წრე მეორე მხრიდან ჩანდა და იდენტიფიცირების შესაძლებლობას ქმნიდა.

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ფარულობის დარღვევა კიდევ ერთხელ უარყო, ბრალდებებს სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ გამოჟონვის კვალი შესაძლოა, წელსაც იყოს, მაგრამ ვერავინ ვერასდროს დაადგენს, რომელი ბიულეტენი რომელი ამომრჩევლის იყო.

მიუხედავად ამისა, კალანდარიშვილის თანახმად, დამატებით ზომებს მიმართეს და წელს პირველად იქნება გამოყენებული მთვლელი აპარატის ჭრილის საფარი, რათა მარკერის კვალის გამოჟონვის შემთხვევაშიც შეუძლებელი იყოს კვალის იდენტიფიცირება.

ასევე ნახეთ ეუთო/ოდირი მისიას არ გზავნის - „არასაკმარისი დროა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“

ცესკოს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის მეთვალყურეები.

წელს პირველად, არჩევნებს მონიტორინგს არ უწევენ მრავალწლიანი გამოცდილების ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორებიცაა „სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

„სამართლიანმა არჩევნებმა” განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა რეპრესიული გარემო, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეუქმნა ქართულ სამოქალაქო სექტორს - კანონები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდიან. გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, სახეზეა გარემო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვება შეუძლებლად მიიჩნია ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის, შემზღუდველი კანონების მიღებისა და საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესების გამო.

ასევე ნახეთ Amnesty International: არჩევნები მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება

4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისში ისევ გაიმართება საპროტესტო აქცია.

აქციები ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობამ გადაწყვიტა, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

დღემდე მიმდინარე აქციების მონაწილეთა მოთხოვნებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული და გასამართლებული დემონსტრანტების გათავისუფლება.

ასევე ნახეთ რა დევს ხელისგულზე 4 ოქტომბერს? მდინარაძე ამბობს, რომ სქემები გაშიფრეს

წინა, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა შეინარჩუნა ყველა საკრებულოში, გარდა რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხისა.

ხუთივე თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო. მეორე ტურში „ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდა 15 თვითმმართველ თემშიც. ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხა იყო.