ისრაელის სამხედროებმა 3 ოქტომბერს დააკავეს ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის ბოლო გემი, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გემების უმეტესობა გააჩერეს და დააკავეს 450-მდე აქტივისტი, მათ შორის ბუნების დაცვის ცნობილი შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.
„გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დაკავებისას ხომალდი „მარინეტი“ ღაზიდან დაახლოებით 79 კმ-ში იყო. ისრაელის არმიის რადიოს ცნობით, საზღვაო ძალებმა ფლოტილიის ბოლო გემზე დააკავეს მასზე მყოფი პირები და გემი ისრაელის აშდოდის ნავსადგურში გადაჰყავდათ.
„გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის საზღვაო ძალებმა „უკანონოდ დააკავეს ჩვენი 42-ვე გემი - თითოეულ მათგანს ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა და გადაჰყავდა მოხალისეები, რომლებსაც სურდათ ისრაელის უკანონო ალყის გარღვევა“.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გემის სტატუსის შესახებ კომენტარის მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა. სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფლოტილიის ერთადერთ დარჩენილ გემს ბლოკადის დარღვევის შესაძლებლობას არ მისცემდნენ.
ფლოტილია აგვისტოს ბოლოს დაიძრა ღაზისკენ, რაც ისრაელის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაგმეს, როგორც "ხრიკი". საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფლოტილია ადრე გააფრთხილეს, რომ უახლოვდებოდა აქტიური საბრძოლო მოქმედების ზონას და არღვევდა „კანონიერ საზღვაო ბლოკადას“. მათ ორგანიზატორებს კურსის შეცვლა მოსთხოვეს და დახმარების ღაზაში გადატანა შესთავაზეს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ოქტომბერს ასევე განაცხადა, რომ ოთხი იტალიელი დეპორტირებულია. „დანარჩენები დეპორტაციის პროცესში არიან. ისრაელი მზადაა, ეს პროცედურა რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომლის თანახმად, ფლოტილიის ყველა მონაწილე „უსაფრთხო და ჯანმრთელია“.
ისრაელის მიერ ფლოტილიის გაჩერების გამო 2 ოქტომბერს საპროტესტო აქციები გაიმართა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. 3 ოქტომბრისთვის იტალიაში ფართო გაფიცვაა გამოცხადებული და მის ფარგლებში - საპროტესტო აქცია.
ისრაელმა ღაზაში ომი წამოიწყო ორი წლის წინ და ტერიტორია ალყაშია მოქცეული. პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის
ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში
ისრაელის სამხრეთზე ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად) თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი, სავარაუდოდ, დაღუპულია.
ისრაელის სახმელეთო და საჰაერო საომარმა ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.
ისრაელი თავს იცავს გენოციდის ბრალდებებისგან საერთაშორისო სასამართლოში.
ის აცხადებს, რომ მისი ქმედებები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და მუდმივად უარყოფს გენოციდის ბრალდებებს.
ისრაელმა მიიღო აშშ-ის ახალი წინადადება, რომელიც ამ კვირაში გამოცხადდა ომის დასრულების შესახებ.