ფინეთის სასამართლომ დახურა ტანკერ Eagle S-ის ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწეების საქმე

ტანკერი Eagle S ფინეთის ყურეში 2024 წლის დეკემბერში დააკავეს

ჰელსინკის საოლქო სასამართლომ დახურა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერად მიჩნეული Eagle S-ის ეკიპაჟის სამი წევრის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ორი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის - კაპიტანი დავით ვადაჭკორია.

ტანკერი Eagle S, რომელიც კუკის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტრო და ინტერნეტკაბელების დაზიანების გამო 2024 წლის დეკემბერში დააკავეს ფინეთის ყურეში. 2025 წლის აგვისტოში ფინეთის პროკურატურამ კაპიტანს და მის ორ თანაშემწეს ბრალი წაუყენა და სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო.

დაკავებულთა ადვოკატები სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ, რომ ინციდენტი ფინეთის ტერიტორიულ წყლებს მიღმა მოხდა, შეგნებული ქმედება არ ყოფილა და საზღვაო შემთხვევების კატეგორიას განეკუთვნება.

ჰელსინკის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 3 ოქტომბერს გამოაცხადა. მისი განმარტებით, სისხლის სამართლის მოცემული საქმე მისი იურისდიქციის მიღმაა, რადგან გაეროს საზღვაო კონვენციის თანახმად, ამის უფლება აქვს სახელმწიფოს, რომლის დროშითაც გემი დაცურავს ან ბრალდებულების მშობლიურ ქვეყანას.

ტანკერ Eagle S-ის კაპიტანი დავით ვადაჭკორია მომხდარს შემთხვევითობას უწოდებდა და უარყოფდა რუსეთის გეგმით მოქმედებას და იმას, რომ ტანკერი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს წარმოადგენს.

ასევე ნახეთ ფინეთში ორ ქართველს ასამართლებენ ევროკავშირის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო