მანჩესტერის სინაგოგასთან მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეფასდა

პოლიციელები ქალაქ მანჩესტერის სინაგოგასთან. 2025 წლის 2 ოქტომბერი

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა ქალაქ მანჩესტერის სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას, რომლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა.

2 ოქტომბერს, როცა ებრაელები იომ კიპურს (მიტევების დღე) აღნიშნავდნენ, მანჩესტერის სინაგოგასთან ხალხს ავტომობილით შეეჯახა მამაკაცი და შემდეგ თავს დანით დაესხა. ის შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა პოლიციელებმა მოკლეს.

დღის ბოლოს პოლიციამ დაასახელა მოკლული თავდამსხმელის ვინაობა - წარმოშობით სირიელი, 35 წლის ჯიჰად ალ-შამი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის გამო დაკავებულია ორი მამაკაცი და ერთი ქალი.

მანჩესტერის ებრაული თემის წარმომადგენლები და პოლიციელები სინაგოგასთან, სადაც 2 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა

მანჩესტერის სინაგოგასთან მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა შეწყვიტა ვიზიტი კოპენჰაგენში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობდა.

ლონდონში დაბრუნებულმა სტარმერმა მთავრობის საგანგებო კომიტეტის, COBRА-სხდომა გამართა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სინაგოგებში პოლიციის დამატებით ძალებს გაგზავნიან და ყველაფერს გააკეთებენ ებრაული თემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.