ზვიად კუპრავას პატიმრობა შეუფარდეს

ფოტო არქივიდან: ზვიად კუპრავა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოს, პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრს, ზვიად კუპრავას, რომელიც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 ოქტომბერს გამოცხადდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ზვიად კუპრავას ადვოკატების მოთხოვნა, 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

ამავე მოსამართლემ მიიღო მსგავსი ბრალდებით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება.

ზვიად კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 1 ოქტომბერს დააკავა ფეისბუკში წინა დღეს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის გამო.

„მან განათავსა ვიდეო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით არჩევნები „რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი - „სპეცოპერაციის პუნქტად“, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება, „ივანიშვილად“ მოიხსენია, - რაც ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას“, - თქვა სუსის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ გუშინ, 1 ოქტომბერს.

კუპრავას ბრალი დღეს, 2 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს:

  • 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა);
  • 317-ე მუხლით (ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება).

ამ ორი ბრალით მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ ვიდეომიმართვის გამო სუსმა ზვიად კუპრავა დააკავა


ორ დღეში, 4 ოქტომბერს, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების „მშვიდობიანად დამხობას“ აპირებს - დაგეგმილია აქცია პარლამენტის შენობასთანაც.

ზვიად კუპრავამდე, 11 სექტემბერს ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც. მასაც ედავებიან საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს, რომელშიც ის „ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე“ საუბრობდა.