ანექსირებულ ყირიმში დარჩენილ ბენზინს „პროპორციულად გაანაწილებენ“

საილუსტრაციო ფოტო. ბენზინგასამართი სადგური ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, რომელიც აგვისტოდან განიცდის ბენზინის დეფიციტს, არსებულ მარაგებს „პროპორციულად გაანაწილებენ“.

„მუნიციპალიტეტებს შორის პროპორციული განაწილების" შესახებ დღეს, 2 ოქტომბერს ტელეგრამ-არხზე დაწერა ყირიმის ე.წ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, იური გოცანიუკმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რა მარაგი აქვთ ამ დროისთვის, თუმცა ირწმუნება, რომ სირთულეების მიუხედავად რეგიონისთვის საწვავის მიწოდება გრძელდება. გოცანიუკის ინფორმაციით, დღეიდან, ყოველ დილით ყირიმელებს მიაწვდიან ინფორმაციას, რომელ ბენზინგასამართ სადგურებზე შეძლებენ ბენზინის და დიზელის საწვავის შეძენას.

ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან ბენზინის გაყიდვა შეიზღუდა და ერთ პირზე 20 ლიტრზე მეტი აღარ გაიცემა.

ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი უმთავრდება?

ყირიმში საწვავთან დაკავშირებულმა პრობლემებმა თავი იჩინა 2025 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან. ჯერ გაქრა ყველაზე პოპულარული მარკის ბენზინი АИ-95 და მკვეთრად გაძვირდა ყველა სხვა მარკის საწვავი.

რუსეთის მიერ ყირიმის მეთაურად დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა პირობა დადო, რომ სიტუაცია საკურორტო სეზონთან დაკავშირებული აჟიოტაჟის დასრულების შემდეგ, სექტემბრის ბოლოსთვის გამოსწორდებოდა, მაგრამ პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა და ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი საერთოდ გაქრა.

ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლება აღიარებს, რომ უპრეცედენტო კრიზისის მიზეზია რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობის მკვეთრად შემცირება, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით რეგულარულმა შეტევებმა გამოიწვია.

გამოცემა „რბკ" სააგენტო „სიალას" მონაცემებზე დაყრდნობით 1 ოქტომბერს წერდა, რომ 28 სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთში გაჩერებული იყო ნავთობის პირველადი გადამუშავების სიმძლავრეთა 38%, დარჩენილი კი დღე-ღამეში 555 ათას ტონას შეადგენდა.

2025 წლის აგვისტოში რუსეთში ბენზინის და დიზელის საწვავის წარმოება 6%-ით შემცირდა, ხოლო სექტემბერში - კიდევ 18%-ით.