როგორ ქმნის გრუ დივერსანტთა გადასაბირებელ ბოტებს ტელეგრამში

რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ახალი სქემა აამუშავა აშშ-სა და ევროპაში დივერსანტების დასაქირავებლად. გრუ იყენებს ტელეგრამის ბოტებს, რომელთა ბმულებსაც Z-ბლოგერები, ფსევდოუკრაინული არხები და დასავლელი რადიკალები ავრცელებენ; ერთ-ერთი ბოტის, „საურონის თვალის“ განთავსებას ინგლისელ საფეხბურთო ხულიგნებს შორისაც კი ცდილობდნენ.

რადიო თავისუფლებისა და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ პროექტ „სისტემის“ ჟურნალისტმა დანიილ ბელოვოდიევმა ბოტების გავრცელების წერტილებს მიადევნა თვალი და ერთ-ერთი მათგანის ადმინისტრატორს ესაუბრა. ამგვარად პირველად გამოვლინდა, რომ გრუ-ს გარდა, რეკრუტირების კამპანიის უკან დგანან ნეონაცისტი მედიაპერსონაჟი „ტოპაზი“ და დაქირავებულები საბრძოლო ბრიგადა „ესპანიოლას“ რიგებიდან.

შინაარსი:

"დასავლური ბოტების წინააღმდეგ ბრძოლა". მისია

ტელეგრამის ბოტი „გრუ“

ტელეგრამის ბოტი „საურონის თვალი“

ბოტების ერთობლივი წარმოება: გრუ, „ესპანიოლა“, „ტოპაზი“

პროექტი „რუსკი მირი“: დივერსია და არა მხოლოდ


2025 წლის აგვისტოში, „სისტემის“ ჟურნალისტმა ტელეგრამის არხების პრორუსულ სეგმენტში უცნაური ვიდეო ნახა.


„დასავლური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა“. მისია

სროლის ხმა, ხალხის ღრიალი. კადრები 1990-იანი წლების რუსეთიდან რეტროფუტურისტული ვიდეოთამაშის სტილში: ტანკი თეთრი სახლის მახლობლად, ტრანსპარანტზე „წყევლა ელცინს“, „გედების ტბა“, ჩეჩენი მებრძოლები.

ხმები წყდება. ეკრანზე ჩანს წმინდა ბასილის ტაძარი იმავე ვიდეოთამაშის სტილში. ქალის რობოტიზებული ხმა იწყებს მაუწყებლობას: „ძვირფასო თანამემამულენო! [...] რუსეთის ფედერაცია დასავლურ ბოროტებასთან ბრძოლის ყველაზე აქტიურ ფაზაშია“. ჩნდება კოლაჟი უსახო „დასავლელი ლიდერებით“, რომლებიც პენტაგრამის ქვეშ სხედან.

საეკლესიო ჰიმნებისა და რადიოს ხმაურის ფონზე ხმა მიმართავს მათ, ვინც „შორს არის რუსეთიდან და დაიღალა მათ გარშემო არსებული უკანონობის ატანით“: „თქვენს დახმარებას შეუძლია სასიცოცხლო როლი შეასრულოს ბოროტების დამარცხებაში“. ერთმანეთს ცვლის ფოტოები: საბჭოთა დროშა რაიხსტაგზე, იური გაგარინი კოსმონავტის სკაფანდრით, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები ეკლესიის ფონზე, დაბოლოს ვლადიმირ პუტინი მიმართავს რუს ხალხს 2022 წლის 24 თებერვალს.

„კონფიდენციალურობა და კომუნიკაციის უსაფრთხოება გარანტირებულია“, აგრძელებს ქალის რობოტიზებული ხმა. „პატივისცემით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვა“.

ეკრანზე ჩნდება გრუ-ს ემბლემა ღამურათი და ტელეგრამის ბოტის ბმული. ვიდეო მთავრდება.


ტელეგრამის ბოტი „გრუ“

ბოტი, რომლის რეკლამასაც გვთავაზობს ეს ვიდეო, 2025 წლის აგვისტოს დამდეგს გამოჩნდა და აქვს უბრალო სახელწოდება - „გრუ“. ტექნიკურად ის არაფრით განსხვავდება ათასობით სხვა უკუკავშირის ბოტისგან: ბოტის ოპერატორი ანონიმია, ხოლო ის, ვინც მას სწერს - არა.

ბოტ „გრუ“-ს გააქტიურებისას „სისტემის“ ჟურნალისტს შეეგება შეტყობინება შეთავაზებით, რომ „დახმარებოდა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვას „საკუთარი ისტორიის, კულტურისა და ღირებულებებისთვის“ ბრძოლაში „დასავლეთის მთავრობების ნაძირალების ბანდის“ წინააღმდეგ.

ღილაკ „სტარტზე“ დაჭერის შემდეგ გამოჩნდა მენიუ საურთიერთო ენის (რუსული ან ინგლისური) ასარჩევად, ამის შემდეგ - მოკლე კითხვარის შევსების თხოვნა: როგორ უნდა მიმართონ ბოტის მომხმარებელს, სად ცხოვრობს ის, რას საქმიანობს და რა არის მისი მოტივაცია. ექსპერიმენტის სახით „სისტემის“ კორესპონდენტმა თავი წარუდგინა რიგის მაცხოვრებლად, რომელსაც „სხვადასხვა ობიექტზე აქვს წვდომა“. ბალტიისპირეთის ქვეყნების მაცხოვრებლები ბოტის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ, თუ ვიმსჯელებთ მისი გავრცელების არხებით (ამაზე მოგვიანებით). კითხვარის გაგზავნის შემდეგ ჩატის ფანჯარაში გამოჩნდა ავტომატური პასუხი: „თქვენი შეტყობინება გაიგზავნა გრუ-ში“.


„მარტო რიგაში ათობით არიან თქვენნაირები“. დავალება

ჟურნალისტმა კითხვარი გაგზავნა სამუშაო დღეს, გვიან საღამოს. სამი წუთის შემდეგ ბოტში გამოჩნდა შეტყობინება ოპერატორისგან - რეალური ადამიანისგან: „საღამო მშვიდობისა. მოხარული ვართ, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ რუსი პატრიოტები. რით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ?“

ტელეგრამის ბოტ „გრუ“-სთან მიმოწერის ფრაგმენტი. წყარო: „სისტემა“

ჟურნალისტმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს: „თქვენ საერთოდ რა გაინტერესებთ?“ ოპერატორმა ყოყმანის გარეშე დაწერა ჩატში: „უკრაინული ბენზინმზიდები. იცით სად შეიძლება მათი პოვნა?“ სანამ კორესპონდენტი პასუხის გაცემაზე ფეხს ითრევდა, ეკრანის მეორე მხარეს მყოფმა თანამოსაუბრემ თავად მიანიშნა: „[რიგის] პორტში. ისინი [ბენზინმზიდები] სამოქალაქოა. [უნდა] გვითხრათ, სად არის ისინი და ფოტოების გადაღებაა საჭირო“.

ჩვეულებრივ ასე გამოიყურება ევროპის ქვეყნებში პრორუსული „ფრილანსერი“ დივერსანტების დაქირავების ტიპური სქემა: ანონიმი ოპერატორი „ერთჯერად“ აგენტს დისტანციურად ავალებს შედარებით მარტივ დავალებას მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ: მაგალითად, სამოქალაქო ობიექტის გადაღებას ან პრორუსული ლოზუნგის დახატვას საცხოვრებელი შენობის კედელზე. თუ „დავალება“ წარმატებით შესრულდება, ახალგამომცხვარი აგენტი იღებს უფრო რთულ დავალებას (მაგალითად, ცეცხლის წაკიდებას) და უფრო დიდ ჰონორარს. ეს გრძელდება მანამ, სანამ „ფრილანსერს“ სამართალდამცავი ორგანოები დაიჭერენ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი მოქმედებენ. ეს სცენარი არაერთხელ აღწერილა მედიაში. თუმცა, ბოტ „გრუ“-ს ოპერატორის შემთხვევაში ეს სქემა თითქმის მაშინვე ჩაიშალა.

„წადი, გაიარე, ვასია! სამარცხვინო ყ... ხარ. ჩემს ფეხებს გადაგიხდიან“, მკვახედ უპასუხა ოპერატორმა, როდესაც რეპორტიორმა პორტში ბენზინმზიდებისთვის ანაზღაურების შესახებ ჰკითხა. „ფული ზედმეტია. სამშობლოს სიყვარული უნდა გათბობდეთ და გკვებავდეთ. სერიოზულად ითხოვთ ფოტოებისთვის ფულს? მარტო რიგაში ათობით არის თქვენნაირი. არავის მოსვლია თავში ფოტოებისთვის ფულის თხოვნა. ნახვამდის!“

დამატებითი კითხვების საპასუხოდ ბოტ „გრუ“-ს ოპერატორმა უბრალოდ განაგრძო გადახდის საკითხზე აღშფოთება. ურთიერთობა შეწყდა. ჟურნალისტი მას მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდება, მაგრამ ამჯერად თავისი ნამდვილი სახელით.


გავრცელების წერტილი #1: რუსი Z-ბლოგერები

„კიდევ ერთი ბოტი მათთვის, ვისაც სურს რუსეთის არმიის დახმარება და მტრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა“, დაწერა უკრაინის პარლამენტის ყოფილმა პრორუსმა დეპუტატმა ოლეგ ცარიოვმა თავის ტელეგრამის არხზე 2025 წლის აგვისტოს ბოლოს ბოტ „გრუ“-ს ბმულის წინ. როგორც ჩანს, ის ახლა რუსეთში ცხოვრობს და მართავს ტელეგრამის არხს, რომელსაც თითქმის 400 ათასი გამომწერი ჰყავს.

ცარიოვის გარდა, ბოტის გამოყენებისკენ მოწოდება სხვა ცნობილმა რუსმა Z-ბლოგერებმაც გაავრცელეს.

შემდეგ დაიწყეს ბოტის „რეკლამირება“ უცხოური აუდიტორიისთვის: თავდაპირველად მხოლოდ უკრაინელებისთვის, ხოლო მოგვიანებით დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვისაც.


გავრცელების წერტილი #2:ფსევდოუკრაინული არხები

Internews Network-ის 2024 წლის კვლევის თანახმად, უკრაინელები ახალ ამბებს ყველაზე ხშირად კითხულობენ ტელეგრამის მესინჯერში. ამასთან, ყოველი მეათე უკრაინელი კითხულობს რუსულ რესურსებსაც. ეს ფაქტი ნაწილობრივ ხსნის იმას, თუ რატომ გავრცელდა პრორუსი დივერსანტების რიგებში გაწევრიანების მოწოდებები თავდაპირველად რუსულ Z-არხებზე და თავიდან ისინი უკრაინული აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი.

30 წლის რუსი ნეონაცისტი ბლოგერი „ტოპაზი“ , რომელიც მაკეევკიდანაა და რომელიც უკრაინაში პრორუსული „მილიციის“ მხარეს იბრძვის, პირველი იყო, ვინც თავის არხზე გამოაქვეყნა ბოტ „გრუ“-ს ბმული. „წარმოგიდგენთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის ოფიციალურ ბოტს. ის შეიქმნა უწყებასთან უსაფრთხო კომუნიკაციისთვის“, დაწერა ბლოგერმა 2025 წლის 4 აგვისტოს. „ტოპაზმა“ მიმართა მხოლოდ უკრაინის მოსახლეობას, ცალკე გამოყო ისინი, ვინც უკრაინის სამხედრო ან უსაფრთხოების უწყებებში მსახურობს (უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვის მთავარი სამმართველო ან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური).

მოგვიანებით, ორმა ფსევდოუკრაინულმა არხმა, რომლებსაც ათასობით გამომწერი ჰყავთ, „პერვი ხარკოვსკიმ“ და „ოტკრიტაია უკრაინამ“, ასევე გამოაქვეყნეს ბოტის ბმული. ეს უკანასკნელი რეგისტრირებულია „როსკომნადზორში“, რაც ნიშნავს, რომ მისი ადმინისტრატორი, სავარაუდოდ, რუსეთში ცხოვრობს. ხოლო „პერვი ხარკოვსკი“ არაერთხელ ამხილეს ანტიუკრაინული ყალბი ინფორმაციის გამოქვეყნებაში, მაგალითად, პნევმონიით დაავადებული მამაკაცის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის არმიაში „გაიწვიეს“.


გავრცელების წერტილი #3: რასისტები და რადიკალები დასავლეთში

პირველი პოსტებიდან ერთი კვირის შემდეგ, უკვე 11 აგვისტოს, ბოტის დისტრიბუტორებმა პრორუსული უკრაინული აუდიტორიიდან ყურადღება გადაიტანეს ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერ დასავლელებზე. პირველი ახალი სარეკლამო პოსტი კვლავ ბლოგერმა „ტოპაზმა“ გამოაქვეყნა. ამ პოსტში პირველად გამოჩნდა რეტროფუტურისტული ვიდეო „დასავლური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ. სწორედ ამ განახლებული ფორმით - დასავლელებისკენ მიმართული და კრეატიული ვიდეოთი - მოიპოვა ბოტ „გრუ“-ს ბმულმა ყველაზე მეტი პოპულარობა.

მაგალითად, ბოტ „გრუ“-ზე პოსტი გამოაქვეყნა ანონიმურმა ინგლისურენოვანმა არხმა „Lord of War“: ტექსტი წარმოადგენს „ტოპაზის“ პოსტის ავტომატურ თარგმანს ინგლისურ ენაზე. არხი ხელს უწყობს ანტიუკრაინულ, ანტიიმიგრანტულ, ევროსკეპტიკურ და ზოგადად ულტრამემარჯვენე დღის წესრიგს. Lord of War-ის აუდიტორიის შესახებ, ალბათ, ყველაზე მეტად ის ფაქტი მეტყველებს, რომ არხის ჩატში შავკანიანი ადამიანის მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინი („N-სიტყვა“) 1600-ზე მეტჯერ გამოიყენება. არხი ტელეგრამზე უკრაინაში მასშტაბური ომის დაწყებიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში გამოჩნდა.

ბოტ „გრუ“-ს გამოყენებისკენ მოწოდება ასევე გაავრცელა რუსულენოვანმა ტელეგრამის არხმა „ბალტიისპირეთის ანტიფაშისტებმა“. ეს არხი 2022 წლის ნოემბერში შეიქმნა და მაშინვე დაიწყო მოწოდებების გამოქვეყნება, რომ შეუერთდნენ რეგიონულ ჩატებს, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა „იატაკქვეშა ძალების კოორდინაციისთვის“ ბალტიისპირეთის ქვეყნების დიდ რეგიონებში - ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში. ეს ჩატები ახლა წაშლილია. 2023 წლის ოქტომბერში ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექვს მოქალაქეს წაუყენა ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, „ბალტიისპირეთის ანტიფაშისტების“ ორგანიზებაში მონაწილეობისთვის. მათ 10 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე ემუქრებათ. 2022 წელს მოძრაობის დამფუძნებელი, ლატვიის მოქალაქე სერგეი ვასილიევი, რუსეთში გაიქცა და სამი წლის შემდეგ „ანტიფაშისტების“ არხი „როსკომნადზორში“დარეგისტრირდა.

ასევე ნახეთ როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას



ბოტი „საურონის თვალი“

პუტინისა და გაგარინის მონაწილეობით რეტროფუტურისტული ვიდეო და ბოტ „გრუ“-ს შესახებ რამდენიმე სარეკლამო პოსტი მთავრდება ფრაზით: „პატივისცემით, რუსეთის სამხედრო დაზვერვა“.

„სისტემის“ კორესპონდენტმა ეს ფრაზა ტელეგრამში დაძებნა იმ ვარაუდით, რომ ეს კამპანიის ავტორების კარგად დამკვიდრებული ხელმოწერა იყო. ასე მოხერხდა, აღმოჩენილიყო დივერსანტების დასაქირავებლად გრუ-ს კიდევ ერთი, უფრო ადრეული ბოტის, „საურონის თვალის“, ხსენება. ეს ბოტი, რომლის სახელიც ტოლკინის ფენტეზის ჟანრის ტრილოგიაზე, „ბეჭდების მბრძანებელზე“ მიანიშნებს, 2024 წლის სექტემბერში გამოჩნდა. ტექნიკურად ის არაფრით განსხვავდება ჩატბოტ „გრუ“-სგან. „საურონის თვალი“ ამჟამად არ არის აქტიური: ჟურნალისტმა ბოტს შეტყობინება გაუგზავნა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. სავარაუდოა, რომ „საურონის თვალი“ ახლა შეიცვალა ახალი ბოტით, „გრუ“-თი.

„საურონის თვალი“ „გრუ“-ზე უფრო ფართოდ გავრცელდა ტელეგრამის დასავლეთ სეგმენტში: „თვალის“ ბმული გამიზნულად ვრცელდებოდა უკრაინასა და ცხრა სხვა ევროპულ ქვეყანაში (მათ შორის ესპანეთში, ნიდერლანდში, ჩეხეთსა და პოლონეთში) და ასევე შეერთებულ შტატებში.

ასევე იყო ბრიტანელ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის ბოტის „პოპულარიზაციის“ მცდელობა.


გავრცელების წერტილი #1: რუსი Z-ბლოგერები

„საურონის თვალის“ ბმული თავდაპირველად რუსმა ომის მომხრე ბლოგერებმა გამოაქვეყნეს. მათ გარდა, ვინც მოგვიანებით ბოტ „გრუ“-საც გაუწევს „რეკლამას“, ბოტი „საურონის თვალი“ თავიანთ არხებზე ახსენეს მწერალმა ზახარ პრილეპინმა, სამხედრო კორესპონდენტმა ანდრეი რუდენკომ, კრემლის მომხრე ჟურნალისტმა არმენ გასპარიანმა, ომის მომხრე მთავარმა არხებმა და მსახიობმა ოსკარ კუჩერამაც კი.

ყველაზე შემოქმედებითი სარეკლამო პოსტი გამოაქვეყნა ალექსეი ჟივოვმა, Z-ბლოგერმა და ფეხბურთთან დაახლოებული სამხედრო ბრიგადა „ესპანიოლას“ პოლიტიკურმა ინსტრუქტორმა - მან ბრიტანელ ფეხბურთის გულშემატკივრებს მიმართა.

განაწილების პუნქტი #2: ბრიტანელი ხულიგნები

2024 წლის 26 ნოემბერს ინგლისის მეორე დივიზიონში გაიმართა საფეხბურთო მატჩი „ჰალ სიტისა“ და „შეფილდ უენსდეის“ შორის. თამაშამდე ერთი კვირით ადრე „შეფილდის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სახუმარო კომენტარი დაურთო ტელეარხ Sky News-ის ტვიტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთზე ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით პირველი თავდასხმის შესახებ: „ჰეი პუტინ, მეგობარო, დანარჩენი რაკეტები აქ არის შენახული“. გულშემატკივარმა ასევე დაურთო „ჰალის“ კარტოგრაფიული გამოსახულება, სადაც უნდა გამართულიყო მატჩი.

რუსეთის პრეზიდენტისადმი მოწინააღმდეგე გუნდის ქალაქზე თავდასხმის იუმორისტულმა მოწოდებამ სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე 3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, მსგავსი პოსტები კიდევ რამდენიმე ინგლისელმა გულშემატკივარმა გამოაქვეყნა.

„შეფილდის“ გულშემატკივარი ხუმრობით სთხოვს პუტინს, შეუტიოს მეტოქე გუნდის ქალაქს

ამ ამბავს რუსულმა Z-არხებმაც მიაქციეს ყურადღება. ომის მომხრე ბლოგერმა და ბრიგადა „ესპანიოლას“ პოლიტიკურმა ინსტრუქტორმა ალექსეი ჟივოვმა თავის ტელეგრამის არხზე მოუწოდა ბრიტანელ გულშემატკივრებს, „არ დაელოდონ რუსულ რაკეტებს“ და ყველაფერი თავად გააკეთონ: „ენდეთ პუტინს, მაგრამ ნუ დაიზარებთ! ფეხბურთის საუკეთესო ულტრასებს შეუძლიათ შეუერთდნენ „ესპანიოლას““.

პოსტის ბოლოს ჟივოვმა დატოვა ბოტ „საურონის თვალის“ ბმული წარწერით: „[ბმული] მათთვის, ვისაც სურს მუდმივად დაეხმაროს რუსეთს“.

„სისტემამ“ ვერ იპოვა იმის რაიმე ნიშანი, რომ ბრიტანელმა გულშემატკივრებმა შენიშნეს ეს პოსტი. თუმცა, ბოტი „საურონის თვალი“ ფართოდ გავრცელდა ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში.


გავრცელების წერტილი #3: ევროპა

ერთ-ერთი უდიდესი რესურსი, რომლის სამიზნეა პრორუსული აუდიტორია რუსეთში და გაავრცელა ბოტ „საურონის თვალის“ ბმული, არის ესპანურენოვანი ტელეგრამის არხი Los sombreros blancos, რომელსაც 33 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.


„თეთრი ქუდები“

კლასიკური ვესტერნის ჟანრის ფილმებში თეთრ ქუდებს, როგორც წესი, დადებითი გმირები - უშიშარი კოვბოები და მსროლელები - ატარებენ, ხოლო ბოროტმოქმედებს და ბანდიტებს, „ცუდ ბიჭებს“, შავი ქუდები ახურავთ.

ესპანურენოვანი ტელეგრამის არხის, Los sombreros blancos-ის („თეთრი ქუდები“) შემქმნელები აშკარად თვლიან თავს „კარგ ბიჭებად“: არხის აღწერილობაში ნათქვამია, რომ ის „ეთიკურ“ ჟურნალისტიკას ეწევა. არხზე ბოტ „საურონის თვალის“ ბმული 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.

„თეთრი ქუდების“ შინაარსი ძირითადად შედგება ანტიგლობალისტური და პრორუსული ტექსტებისგან სამხედრო და გეოპოლიტიკურ თემებზე. შედარებისთვის, სიტყვა „ესპანეთის“ (España) შემცველი პოსტები 18-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სიტყვა „რუსეთისა“ (Rusia). თუმცა, მაგისტრალური თემა ანტიუკრაინულია: უკრაინაზე ნახსენები პოსტების რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის შესახებ ნახსენებისა. ეს „ეთიკური“ არხი დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს „ბოროტ ფაშისტ სულებს“ უწოდებს, რუს ჯარისკაცებს კი - „ჩვენს გმირებს“, ხოლო კადიროვის ხალხს, მათ შორის თავად ჩეჩნეთის ხელმძღვანელს, „ძვირფას ძმებს“.

2022 წლის 24 თებერვლიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ შექმნილი არხი Los Sombreros Blancos ევროპაში რუსული დეზინფორმაციის მთავარი ქსელის - „Portal Combat“-ის ნაწილი გახდა.

„Portal Combat“ თითქმის 200 მსგავსი ვებსაიტისგან შემდგარი ქსელია, რომლებიც რუსული სახელმწიფო მედიისა და კრემლის მხარდამჭერი ტელეგრამის არხების მასალებს აქვეყნებენ. ეს რესურსები ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ და სხვა ენებზეა. ისინი ხშირად შენიღბული არიან არარსებული მედიასაშუალების, Pravda-ს, სახელით, რომელიც მთელი სადეზინფორმაციო ქსელის ზოგად დასახელებად იქცა. ხოლო „თეთრი ქუდების“ ტელეგრამის არხი Pravda-ს ესპანური ვერსიის კონტენტის ერთ-ერთ „მიმწოდებლად“ იქცა.


„სოფლური გონება“ და „ზეთი თავში“

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2022 წლის მარტში საკუთარ ტერიტორიაზე დაბლოკა რუსული ტელეარხის, RT-ის ვებსაიტი და მაუწყებლობა, ასევე საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის მუშაობა, კრემლმა დაუყოვნებლივ დაიწყო დასავლეთში პრორუსული ნარატივების გავრცელების ახალი გზების ძიება. ეს ნიშა ტელეგრამში შეავსო კრემლის მხარდამჭერმა მრავალმა ბლოგერმა და საინფორმაციო არხების ქსელმა სხვადასხვა ენაზე.

ეს ხსნის იმას, რომ არხი Los Sombreros Blancos სულაც არ არის ერთადერთი იმ თითქოს ევროპულ არხებს შორის, რომლებიც თითქმის მაშინვე გამოჩნდა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და რომლებიც მოგვიანებით ავრცელებდნენ ბოტ „საურონის თვალის“ ბმულს. მაგალითად, „სისტემამ“ აღმოაჩინა ორი ძალიან მსგავსი არხი, რომლებიც სხვადასხვა ენაზე მუშაობს: ჩეხურ და პოლონურ ენებზე.

ჩეხური ტელეგრამის არხი Selský Rozum (სიტყვასიტყვით „სოფლური გონება“) და პოლონური არხი Olej w Głowie („ზეთი თავში“) ერთსა და იმავე დღეს - 2022 წლის 13 მარტს შეიქმნა. მათი სახელწოდებები თავ-თავიანთ ქვეყნებში გავრცელებული იდიომებია, რომლებსაც ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს - აღნიშნავენ მიხვედრილ ან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს. ამ არხებს შორის მსგავსება ამით არ ამოიწურება: მათ პრაქტიკულად იდენტური ავატარები აქვს (მათი ჩატებიც კი იდენტურია) და ორივე არხმა ერთსა და იმავე დღეს გამოაქვეყნა ტელეგრამის ბოტ „საურონის თვალზე“ ბმული (დრო წუთებშიც კი ემთხვევა). ამ არხებს, სავარაუდოდ, ერთი და იგივე ავტორი ან ადმინისტრატორების ჯგუფი მართავს.

Selský rozum ჩეხეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთი უდიდესი ტელეგრამის არხია. საშუალოდ ის დღეში 95 სტატიას აქვეყნებს და თავად კონტენტი ხშირად შედგება ევროკავშირში დაბლოკილი რუსული მედიის სტატიების თარგმანებისგან ან ანტიუკრაინული პოსტებისგან. პოლონური არხის, Olej w Głowie-ს, პოსტების შინაარსი მსგავსია. მაგალითად, 2022 წლის აპრილში მან გამოაქვეყნა ანონიმი ავტორის სტატია სახელწოდებით: „OnlyFans და ნარკოტიკები: რა არჩევანი აქვთ უკრაინელ ლტოლვილებს?“

• • •

„საურონის თვალის“ ბმული სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ასევე ტელეგრამის არხებით, რომელთა სამიზნეა ნიდერლანდური, სერბული, მოლდოვური და ბულგარული აუდიტორიები. ზევით ნახსენებმა არხმა „ბალტიისპირეთის ანტიფაშისტებმა“, ასევე გამოაქვეყნა ბმული ახალ ბოტზე სახელწოდებით „გრუ“.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბოტ „საურონის თვალის“ გავრცელება უკრაინაში. აქცენტი კეთდება ტელეგრამის არხებზე, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონის აუდიტორიაზეა ორიენტირებული.

ასევე ნახეთ „დანაკარგები უზარმაზარია“ - როგორია რუსეთის არმიის ზაფხულის შეტევის შედეგები და რა მოხდება შემოდგომაზე?



გავრცელების პუნქტი #4: უკრაინის რეგიონალები და „ლოხმატი“

კრემლის მხარდამჭერი პრესა 50 წლის სერგეი ლებედევს, რომელიც უკრაინის ქალაქ ნიკოლაევიდან არის, „უკრაინის შეიარაღებული ძალების კოშმარს“ უწოდებს. ის საკუთარ თავს მოიხსენიებს მეტსახელით „ლოხმატი“. მისი ტელეგრამის არხი ერთ-ერთია იმ რამდენიმე რეგიონული ფსევდოუკრაინული რესურსიდან, რომლებმაც გამოაქვეყნეს ბოტ „საურონის თვალის“ ბმული. „ეს არ არიან ბლოგერები და ნამდვილად არ არიან სამხედრო კორესპონდენტები - ეს რუსეთის არმიაა“, ასე წარმოადგინა „ლოხმატიმ“ ბოტი. მისი არხი ნომინალურად „ფარავს“ უკრაინის ნიკოლაევის ოლქს. ბოტი ასევე გავრცელდა სხვა არხებზე, რომლებიც ოდესის, ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების პრორუსულად განწყობილ მაცხოვრებლებზე არის ორიენტირებული.

სანამ 2014 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი დაიწყებოდა, ლებედევი სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. შემდეგ ის შეუერთდა პრორუსულ მოძრაობა „ანტიმაიდანს“, უკრაინიდან მოსკოვში გაიქცა და მალევე დაბრუნდა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ლებედევი (დისტანციურად) გახდა „იატაკქვეშეთის კოორდინატორი“ უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ნიკოლაევში.

ლებედევი ამტკიცებს, რომ მისი ქსელი „მთელს უკრაინას“ მოიცავს და რომ იატაკქვეშეთი შეიძლება „ათასობით ადამიანი“ იყოს. შეუძლებელია იმის შემოწმება, რამდენად გაზვიადებულია ეს განცხადება, მაგრამ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ლებედევს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. უშიშროების სამსახური მას ღალატში და ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაში ადანაშაულებს. 2023-დან 2025 წლამდე უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა მინიმუმ 17 ანგარიში იმ იატაკქვეშა წევრების დაკავების შესახებ, რომლებიც „ლოხმატისთან“ თანამშრომლობდნენ.


გავრცელების წერტილი #5: აშშ

ბოტ „საურონის თვალის“ ბმული ერთდროულად გამოქვეყნდა სამ არხზე, რომლებიც ტელეგრამის ამერიკულ აუდიტორიაში ყველაზე გავლენიან პრორუსულ რესურსებად ითვლება. მათ შორის იყო არხი, რომელიც ეკუთვნის ანტიდასავლური სულისკვეთების ანონიმ ბლოგერს ფსევდონიმით Fearless John („უშიშარი ჯონი“). მასში ავტორი რეგულარულად აქვეყნებს ყალბ ამბებს უკრაინელების შესახებ. და მეორეა მედიასაშუალება The Islander („კუნძულის მკვიდრი“), რომელიც დააარსა რუსულ პროპაგანდასთან პირდაპირი კავშირის მქონე ირლანდიის მოქალაქემ.


„უშიშარი ჯონი“

2022 წლის 14 მაისს კალიფორნიის შტატის ქალაქ ბუფალოში მასობრივი სროლა მოხდა: 18 წლის მამაკაცმა, რომელიც შეიარაღებული იყო შაშხანით, სანადირო კარაბინით და თოფით, სუპერმარკეტში 10 ადამიანი მოკლა. მსროლელი ჩაფხუტზე დამაგრებული კამერის მეშვეობით ეწეოდა ხოცვა-ჟლეტის პირდაპირ ტრანსლაციას სერვის Twitch-ზე.

„შავი მზე“ მსროლელის ჯავშანჟილეტზე

ყველა მსხვერპლი აფროამერიკელი აღმოჩნდა და თავად მკვლელმა თავდასხმამდე ონლაინ გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელშიც თავისი რასისტული შეხედულებები გამოკვეთა. მსროლელის 180-გვერდიანი მანიფესტი იწყება Fashwave-ის სტილის მემით, რომელიც გამოხატავს ნაცისტურ ეზოტერიკულ სიმბოლოს - „შავ მზეს“. სოციალურ მედიაში ასევე გავრცელდა ფოტო, რომელზეც მკვლელი ტანსაცმელზე „მზის“ სიმბოლოს ატარებს.

ტრაგედიიდან მალევე ინგლისურენოვანმა ტელეგრამის არხმა, რომელსაც მართავდა ანონიმი ბლოგერი ფსევდონიმით Fearless John, დაწერა, რომ მსროლელი უკრაინელი რომ ყოფილიყო, ის „აზოვში იმსახურებდა“. მოგვიანებით „ჯონმა“ კიდევ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა სავარაუდო კავშირზე მასობრივ მკვლელსა და უკრაინის ბრიგადა „აზოვს“ შორის, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ერთადერთი „მტკიცებულება“, რომელსაც ბლოგერი ასახელებდა, იყო „შავი მზის“ სიმბოლო, რომელიც ცოტა ხნის წინ ნაწილობრივ გამოიყენებოდა „აზოვის“ ემბლემაში. ეს ბრიგადა და მისი მებრძოლები მისი დაარსების დღიდან ულტრამემარჯვენეებთან არიან დაკავშირებული და რუსული პროპაგანდა „აზოვის“ ნაციონალისტურ რეპუტაციას უკრაინაში „მძვინვარე ნეონაციზმის“ მტკიცებულებად იყენებს.

„უშიშარი ჯონისა“ და კრემლის მომხრე სხვა ინგლისურენოვანი „ინფლუენსერების“ პოსტების შემდეგ მსროლელის „აზოვთან“ „კავშირის“ შესახებ თეზისმა პოპულარობა მოიპოვა. მისი გავრცელება რუსმა ოფიციალურმა პირებმაც კი დაიწყეს. „ჯონისთვის“ ეს ანტიუკრაინული ყალბი ამბავი სულაც არ არის პირველი.

არხის აღწერაში ამჟამად ნათქვამია, რომ „ჯონის“ მთავარი მისიაა დასავლური პროპაგანდის გამოაშკარავება. თუმცა, როდესაც ტელეგრამის არხი Fearless John პირველად გამოჩნდა (2022 წლის მარტი), მის აღწერაში სხვა მიზანი იყო მითითებული: „უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის“ ვიდეოების გამოქვეყნება. მაგალითად, 2024 წლის დამდეგს „ჯონმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მოზარდები ავტობუსით მგზავრობენ. „უკრაინა ბავშვებს ომში აგზავნის, ეს ბიჭები ჯერ 20 წლისაც არ არიან“, ნათქვამია წარწერაში. თუმცა, უფრო დეტალური შემოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ვიდეოს „ბავშვები“ სამხედრო ლიცეუმის კადეტები არიან, აქედან გამომდინარე - მათი სამხედრო ფორმაც.

არხმა Fearless John-მა 2024 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ბმული ბოტისთვის „საურონის თვალი“, მან რეპოსტი გააკეთა ინგლისურენოვანი არხიდან Slavyangrad („სლავიანგრადი“) - კიდევ ერთი რესურსიდან, რომელიც პრორუსული და ანტიუკრაინული პროპაგანდის გავრცელებაშია მხილებული.


„კუნძულის მკვიდრი“

მაშინვე, 2024 წლის ოქტომბერში, ტელეგრამის ბოტის შესახებ სარეკლამო პოსტი ასევე დაწერა არხმა, რომელიც დააარსა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პრორუსმა ირლანდიელმა. „The Islander“ („კუნძულის მკვიდრი“) არის ამავე სახელწოდების „ანტიმეინსტრიმული“ საინფორმაციო ვებსაიტის არხი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ორიენტირებულია პრორუსულ აუდიტორიაზე შეერთებულ შტატებში.

რესურსი შექმნა ორმა ირლანდიელმა - რომლებსაც ანტიდასავლური შეხედულებები აქვთ. ესენი არიან ჩეი ბოუზი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და RT-ში მუშაობდა, და გერი ნოლანი, რომელიც კანადაში ცხოვრობს და ადგილობრივ მედიას ინტერვიუებს აძლევს „უკრაინელი ნაცისტებისა და მათი დამქაშების“ შესახებ.

ბოუზი ამ ტანდემში მედიავარსკვლავია: ის იყო ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ირლანდიური ონლაინგაზეთისა, The Ditch (რომელიც რუსეთთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი) და 2023 წელს ის რუსეთის მოწვევით გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარსდგა როგორც „მცირე ზომის იარაღსა და საბრძოლო მასალაზე სპეციალიზებული მეცნიერი“. იქ მან რუსეთისა და უკრაინის ომში ნატოს როლი გააკრიტიკა.

2023 წელს საიტმა The Islander-მა გაავრცელა გახმაურებული ყალბი სტატია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფიქციური კომპანიების მეშვეობით შეიძინა ორი ფეშენებელური იახტა, რომელთა საერთო ღირებულება 75 მილიონი დოლარი იყო. „სისტემასთან“ საუბარში ჩეი ბოუზმა განაცხადა, რომ მან მართლაც დააარსა The Islander-ის ბრენდი და ვებსაიტი 2022 წელს, მაგრამ ამჟამად „ამასთან არაფერი აქვს საერთო“. მან ასევე განაცხადა, რომ არასდროს უმართავს გამოცემის ტელეგრამის არხს, სადაც გამოქვეყნდა ბოტ „საურონის თვალის“ ბმული.


ბოტების ერთობლივი წარმოება: გრუ, „ესპანიოლა“ და „ტოპაზი“

„სისტემამ“ დაადგინა, რომ სამხედრო დაზვერვა, საბრძოლო ქვედანაყოფი „ესპანიოლა“ და ნეონაცისტი „ტოპაზი“ არიან დივერსანტების კოორდინაციის ყველა ამ ბოტის ძირითადი თანაშემქმნელები და თანაპროდიუსერები.


თანაპროდიუსერი #1: გრუ

ცენტრ „დოსიეს“ ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გრუ-ში შეიქმნა ახალი ქვედანაყოფი, რომლის ყურადღების ცენტრშია დასავლეთში დივერსიებისა და საბოტაჟის სხვა აქტების ორგანიზება. რუსეთის საელჩოებიდან შეფარული ჯაშუშების მასობრივი გაძევებისა და, სავარაუდოდ, ბოლო წლების გახმაურებული ჩავარდნების გამო, სამხედრო დაზვერვა იძულებული გახდა, ფსონი დაედო „დისტანციურ“ მუშაობაზე. ახლა გრუ-ს ოფიცრები რუსეთიდან ხელმძღვანელობენ ოპერაციებს, ხოლო ადგილებზე დივერსიების მოწყობის ორგანიზებით დაკავებული არიან დაქირავებული „ჯგუფის ხელმძღვანელი აგენტები“. ამ საბოტაჟის სისტემის ბოლო მექანიზმი - საბოტაჟის რეალური შემსრულებელი - ხშირად არის ვინმე „ქუჩიდან“, სადაზვერვო მომზადების გარეშე, რომელიც უბრალოდ ფულის შოვნას ცდილობს. „ერთჯერადი აგენტები“ ასევე აჰყავთ ადგილობრივ ბოროტმოქმედთაგან.

ეს არ არის ერთადერთი მეთოდი, მაგრამ გრუ-სთვის ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოსახერხებელია - დივერსანტის დაქირავება ტელეგრამის ბოტის ან ყალბი მესინჯერის ანგარიშის გამოყენებით. თუ ასეთ „დაბალი დონის აგენტს“ გამოააშკარავებენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას შეეძლება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისთვის - დავალებისა და ინსტრუქციების მიღებისას შემსრულებელი მხოლოდ ჩატის ფანჯარას და ანგარიშის ან ბოტის აბსტრაქტულ ავატარს ხედავს. ზოგჯერ შემსრულებელი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს, რომ რუსეთის დაზვერვის დავალებას ასრულებს. იმავე მიზეზით, ფულის გადახდის საკითხში ასეთი მარიონეტული აგენტის მოტყუება ადვილად შეიძლება - დამკვეთი ჩრდილში რჩება. „მათ იყენებენ და შემდეგ ყრიან“, მოკლედ აღწერს გერმანიის პოლიცია ასეთი აგენტების ბედს.

და მაინც, ევროპაში რეგულარულად ჩნდება ცნობები რუსეთის სასარგებლოდ დივერსიების შესახებ - Associated Press-ის ცნობით, 2022 წლიდან მოხდა 70-ზე მეტი სხვადასხვა ინციდენტი: ცეცხლის წაკიდება, ვანდალიზმი და ჯაშუშობა. 2025 წლის სექტემბერში გერმანიის პოლიციამ დაიწყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია სახელწოდებით „ნუ გახდებით ერთჯერადი გამოყენების აგენტი“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიგრუ-ს ოფიცრების წინაშე გამოდის 2018 წელს.

2024 წელს OCCRP-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ტელეგრამის ბოტი სახელწოდებით Privet bot, რომელიც ევროპაში რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი დივერსანტების დასაქირავებლად გამოიყენებოდა. ჟურნალისტებმა ვერ იპოვეს პირდაპირი კავშირი ამ ბოტსა და გრუ-ს შორის. მათი ანალიზის თანახმად, ის შესაძლოა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ ყოფილიყო დაკავშირებული. ამასობაში, „სისტემის“ მიერ აღმოჩენილი ბოტების, „გრუ“-სა და „საურონის თვალის“ შემქმნელები არა მხოლოდ არ მალავენ, არამედ პირიქით, ხაზგასმით აღნიშნავენ - ეს გრუ-ს მიერ შექმნილი პროექტებია.

ბოტ „გრუ“-ს აღწერილობაში ცალსახად არის ნათქვამი (ინგლისურად): „რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვის ოფიციალური ტელეგრამის ბოტი“. კრემლთან დაკავშირებულმა სამხედრო კორესპონდენტებმა ასევე დაწერეს ამ ბოტის გრუ-სთან კავშირის შესახებ. ამასობაში ბოტი „საურონის თვალი“ რუსეთის სახელმწიფო მედიაში (მაგალითად, ტასის მიერ) წარმოდგენილია, როგორც რუსეთის სამხედრო დაზვერვისა და მოხალისეთა ბრიგადა „ესპანიოლას“ ერთობლივი მუშაობის შედეგი.


თანაპროდიუსერი# 2: „ესპანიოლა“

რუსეთის ფედერალურ სატელევიზიო არხ „როსია24“-ზე „საურონის თვალის“ ბოტის შესახებ საინფორმაციო რეპორტაჟი იწყება გრუ-სა და „ესპანიოლას“ ბრიგადის მოწოდებით უკრაინის მოქალაქეებისადმი, შეუერთდნენ „წინააღმდეგობას“. ბოტის სახელი არ არის მითითებული, მაგრამ წამყვანი მსჯელობს „კიევის ბანდის მოახლოებულ გაქცევაზე“გრუ-სა და უკრაინაში მებრძოლი ბრიგადა „ესპანიოლას“ ერთობლივი პროექტის წყალობით.

მაგრამ როგორ შეძლეს საბრძოლო ბრიგადის ჯარისკაცებმა ტელეგრამის ბოტის შექმნაში დაზვერვის დახმარება?


სადაზვერვო ცენტრი „მელოდია“

„მელოდიის“ დანაკერი

არაუგვიანეს 2024 წლის გაზაფხულისა, „ესპანიოლაში“ შეიქმნა ამ ბრიგადის ნახევრად საიდუმლო „ტვინის ცენტრი“ - „მელოდია“. ეს არის „ესპანიოლას“ სამეთაურო და საკონტროლო ცენტრი: „მელოდიაში“ მუშაობენ მეკავშირეები, ტექნიკოსები, კიბერდაზვერვის სპეციალისტები და ანალიტიკოსები. ისინი ახდენენ მძიმე არტილერიის დარტყმების კორექტირებას, აგვარებენ ქვედანაყოფებს შორის კავშირებს და ახორციელებენ დაზვერვას OSINT-ის მეთოდებისა და FPV დრონების გამოყენებით.

დაზვერვის ცენტრმა თავისი „მუსიკალური“ დასახელება მიიღო ფრაზიდან, რომელსაც შეხვედრებზე ხშირად იმეორებდა „ესპანიოლას“ მეთაური: „თქვენი ამოცანაა უზრუნველყოთ, რომ ომი ჩვენთან ისე მუშაობდეს, როგორც ნოტების მიხედვით“.

„თვალის“ შექმნაში მონაწილეობდნენ „მელოდიის“ თანამშრომლები და არა ჩვეულებრივი მოიერიშეები, რომლებიც სანგრებიდან ისვრიან. სხვათა შორის, „საურონის თვალის“ ბოტის გამოყენებით გრუ-სა და „მელოდიის“ დაზვერვის ოფიცრები არა მხოლოდ დივერსანტებს ეძებდნენ უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნებში, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ადგილმდებარეობის კოორდინატებს ითხოვდნენ.

როგორც ჩანს, „მელოდიამ“ ასევე მიიღო მონაწილეობა ახალი ბოტის, „გრუ“-ს შექმნაში. ტელეგრამში ბოტ „გრუ“-ს შესახებ ყველაზე მეტი პოსტი და ასევე მის შესახებ პირველი პოსტი გამოაქვეყნა ევგენი „ტოპაზ“ რასკაზოვმა, ცნობილმა რუსმა ნეონაცისტმა ბლოგერმა, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის უკრაინაში. ამჟამად ის „მელოდიის“ უფროსის მოადგილეა. დამატებითი ინფორმაცია „ტოპაზის“ შესახებ ქვემოთ. ახლა აღვნიშნავთ, რომ რასკაზოვი ცენტრის მთავარ მიღწევათა შორის პირველ რიგში ასახელებს სწორედ გრუ-სთან თანამშრომლობით ტელეგრამის ბოტ „საურონის თვალის“ „შექმნასა და დანერგვას“.

„მელოდიის“ თანამშრომლები დრონ „ლანცეტის“ მუშაობის დემონსტრირებისას

სწორედ „ესპანიოლას“ სადაზვერვო ცენტრის თანამშრომლებს შეუძლიათ ბოტის ოპერატორებად მოქმედება, პოტენციურ დივერსანტებთან კომუნიკაცია და შემდეგ ინფორმაციის „ზევით მიწოდება“. გრუ-ს ტელეგრამის ბოტების შექმნისა და პოპულარიზაციისთვის შემთხვევით არ აურჩევია „მელოდიის“ სპეციალისტები - თავად ბრიგადა „ესპანიოლაც“ ხომ მჭიდრო კავშირშია სამხედრო დაზვერვასთან.


გრუ „ესპანიოლაზე“ დებს ფსონს

ულტრამემარჯვენე ბრიგადა „ესპანიოლა“ ნაწილია „მოხალისეთა კორპუსისა“, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია „რედუტის“ ბაზაზეა შექმნილი და გრუ-ს კონტროლს ექვემდებარება. ეს სტრუქტურა შედგება 27 ქვედანაყოფისგან, მათ შორისაა „ესპანიოლა“, რომელშიც მსახურობენ არა ჯარისკაცები კლასიკური კონტრაქტით, არამედ ისინი, ვინც უკრაინაში მოხალისეებად (დაქირავებულებად) წავიდა საბრძოლველად. „სისტემამ“ ადრე გამოაქვეყნა დეტალური გამოძიება „მოხალისეთა კორპუსისა“ და სამხედრო დაზვერვასთან მისი კავშირების შესახებ.

„მოხალისეთა კორპუსის“ მთავარი კურატორი არის გრუ-ს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალექსეევი. თავად „ესპანიოლას“ მიაჩნია, რომ სწორედ გენერალმა ალექსეევმა „მისცა მათ შანსი“ და „ფსონიც კი დადო მათზე“. დაზვერვის მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ, არ ადარდებდა ის ფაქტი, რომ „ესპანიოლას“ აქვს რეპუტაცია, რომ ის ულტრასებსა და ნეონაცისტებს აერთიანებს თავისი დროშების ქვეშ.

2022 წელს დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში „ესპანიოლამ“ გაიარა გზა ყოფილი საფეხბურთო ხულიგნების შედარებით მცირე ჯგუფიდან ბრიგადამდე საკუთარი სადაზვერვო ცენტრით. ოდესღაც ფეხბურთზე ორიენტირებული ქვედანაყოფი ახლა თავის რიგებში იღებს იმათაც, ვინც შორსაა გულშემატკივრების სუბკულტურისგან. სოციალურ მედიაში დაქირავების შესახებ რეკლამებში არაფერია ნათქვამი პოტენციური დაქირავებულების რაიმე შეხებაზე ფეხბურთთან.

„ესპანიოლას“ პირველი შემადგენლობის შეკრება 2022 წლის გაზაფხულზე. იმ დროს მასში მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული ადამიანები შედიოდნენ.

იგივე „ტოპაზი“ - „მელოდიის“ ხელმძღვანელის მოადგილე და დივერსანტებისთვის განკუთვნილი ტელეგრამის ბოტების სამი თანაპროდიუსერიდან ერთ-ერთი - აღიარებს, რომ ის ყოველთვის გულგრილი იყო ფეხბურთის მიმართ. თუმცა, ის ღიად იზიარებს ნეონაცისტურ შეხედულებებს და მკვლელობები მას სექსუალურად აღაგზნებს.


თანაპროდიუსერი #3: „ტოპაზი“

ევგენი რასკაზოვი, იგივე „ტოპაზი“, უკრაინაში ომში მონაწილეობას „სქესობრივ ლტოლვას“ ადარებს: ის ამბობს, რომ მკვლელობისას „ტკბობას ანიჭებს“ იმაზე ფიქრი, რომ დაღუპულს სახლში „დარჩა დაქვრივებული ცოლი“, მთელი ოჯახი ქვითინებს იმის გამო, რომ ცხედარი „კუბოთი დაბრუნდება შინ“. „და ჩნდება ერექცია“, დასძენს „ტოპაზი“. მან ეს საშინელი აღსარება 2021 წელს გააკეთა პირდაპირ ეთერში, სადაც ახსნა, თუ რატომ წავიდა უკრაინაში საბრძოლველად დიდი ხნით ადრე, ვიდრე 2022 წლის თებერვალში დაიწყებოდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა.

ევგენი რასკაზოვი დაიბადა და გაიზარდა მაკეევკაში (უკრაინის დონეცკის ოლქი) და გახდა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადეტი. 2014 წელს ის ცოტა ხნით გაემგზავრა მოსკოვში, მაგრამ მალევე დაბრუნდა დონბასში და სეპარატისტებს შეუერთდა. იმ დროს მას ის-ის იყო, შეუსრულდა 18 წელი. იბრძოდა უკრაინაში დივერსიულ-მოიერიშე სადაზვერვო ჯგუფ „რუსიჩის“ შემადგენლობაში, პრორუსულ საბრძოლო რაზმში, რომლის წევრებიც არ მალავდნენ თავიანთ სადისტურ და ნეონაცისტურ შეხედულებებს. ისევე, როგორც თავად „ტოპაზი“ - „რუსიჩთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიაპერსონა. „მედუზას“ ცნობით, „რუსიჩში“ ის ონლაინრეკლამის გზით მოხვდა.

„ტოპაზი“ 10 წლის წინ იბრძოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში და იქ 2022 წლის თებერვალში დაბრუნდა. „ამჟამად მე უკრაინელების მოსაკლავად ჩამოვედი. ძირითადად, სულ ეს არის“, თქვა მან ინტერვიუში. მან ასევე გაამართლა უკრაინელი სამხედრო ტყვეების კასტრაცია. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ტოპაზი“ გულმოდგინედ ცდილობდა „თვითგანწმენდას“, იტყობინება „ნოვაია გაზეტა ევროპა“. რასკაზოვმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ შენიღბულად მიულოცა ადოლფ ჰიტლერს დაბადების დღე, დატოვა „რუსიჩი“ და შეუერთდა ნაკლებად ტოქსიკურ (თუმცა მაინც ულტრამემარჯვენე) „ესპანიოლას“, სადაც სადაზვერვო ცენტრ „მელოდიის“ უფროსის მოადგილის თანამდებობას მიაღწია.

„ტოპაზი“ (ნიღბის გარეშე) სადაზვერვო ცენტრ „მელოდიაში“

„ტოპაზი“ გახდა მთავარი ელჩი „მელოდიაში“ შექმნილი ბოტებისა - „გრუ“-სა და „საურონის თვალისა“. ის იყო პირველი, ვინც ტელეგრამში გამოაქვეყნა „გრუ“-ს ბმული და გააზიარ რეტროფუტურისტული ვიდეო, რომელიც ბოტს უწევდა პოპულარიზაციას. „ტოპაზმავე“ გააკეთა ყველაზე მეტი პოსტი ამის შესახებ. რასკაზოვის ტელეგრამის არხი იყო ერთ-ერთი პირველი და ყველაზე აქტიური რესურსი, რომელმაც გამოაქვეყნა „საურონის თვალის“ ბმული.

სამოქალაქო ცხოვრებაში ტოპაზი აგრძელებს თავისი ტოქსიკური რეპუტაციის „გათეთრების“ კურსს: 2025 წელს მან სახელმწიფო დუმის ოჯახის დაცვის კომიტეტის სხდომაშიც კი მიიღო მონაწილეობა. იქ განაცხადა, რომ დემოგრაფიული კრიზისის არსი იმაში მდგომარეობს, რომ „თანამედროვე ნაყოფიერი ქალი არის ქალი, რომელიც აღზრდილია ამჟამად აკრძალული სოცქსელების მიერ“. ხოლო „ესპანიოლას“ რამდენიმე სხვა მებრძოლთან ერთად რასკაზოვმა მოსწავლეებს მიმართა მოსკოვის 88-ე სკოლაში, სადაც „ფრონტის ხაზზე მყოფმა ჯარისკაცებმა ბავშვებთან ერთად განიხილეს განათლების მნიშვნელობა, სიყვარულისა და სამშობლოს თემები და ერთმანეთს გაუზიარეს ცხოვრებისეული გამოცდილება და მსოფლმხედველობა“.


პროექტი „რუსკი მირი“: საბოტაჟი და სხვა

„გრუ“-ს ტელეგრამის ბოტის შესახებ რამდენიმე სარეკლამო პოსტში მითითებულია, რომ დაზვერვამ ის შექმნა პროექტ „რუსკი მირის“ ფარგლებში. სავარაუდოდ, ეს კოდური სახელია გრუ-ს ახალი სპეციალური პროექტისა, რომელიც შექმნილია იმ ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად, რომლებსაც რუსეთის მთავრობა „არამეგობრულად“ მიიჩნევს.

ფრაზა „რუსკი მირ“ („რუსული სამყარო“) სიტყვასიტყვით იმეორებს იმ გეოპოლიტიკური კონცეფციის სახელწოდებას, რომელსაც კრემლი იყენებს მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გასამართლებლად.

ამასთან, „დამქირავებელი“ ტელეგრამის ბოტების შემუშავებისა და დანერგვისთვის გრუ-მ მოუხმო რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნეონაცისტს და ყველაზე ცნობად ულტრამემარჯვენე საბრძოლო ორგანიზაციას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ უპასუხა „სისტემის“ კითხვებს „დასავლური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის“ ასეთი მეთოდების შესახებ.

• • •

2024 წლის ივლისში ევროპაში იდუმალი ინციდენტების სერია მოხდა. რამდენიმე დღის ინტერვალით გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში საერთაშორისო გადამზიდავების მიერ გაგზავნილ რამდენიმე ამანათს ცეცხლი გაუჩნდა. ყუთებში იდო სექსუალური სათამაშოები, სპორტული ინვენტარი და მასაჟის ბალიშები (რომლებშიც მოთავსებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა).

2025 წლის სექტემბერში ლიეტუვისა და პოლონეთის პროკურორები იმავე დასკვნამდე მივიდნენ: დივერსიის უკან იდგაგრუ. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ სადაზვერვო სამსახურმა ტელეგრამი გამოიყენა, რათა დაექირავებინა „ერთჯერადი მოხმარების აგენტები“, რომლებიც მონაწილეობდნენ სპეციალურ ოპერაციაში. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მსგავსი ინციდენტებიდან, რომლებიც ბოლო წლებში მოხდა ევროპაში.

ტელეგრამის პრესსამსახურმა არ უპასუხა „სისტემის“ მოთხოვნას იმის თაობაზე ინფორმაციის შესახებ, არღვევს თუ არა რეკრუტირებისთვის განკუთვნილი ბოტები მესინჯერის წესებს.

მესინჯერიასევე არ ამხელს, თუ რამდენი ადამიანი იყენებს თითოეულ ბოტს. „გრუ“-სადა „საურონის თვალის“ აუდიტორიის ზომის დასადგენად „სისტემის“ კორესპონდენტი პირდაპირ დაუკავშირდა ბოტ „გრუ“-ს და მის დისტრიბუტორს, ევგენი „ტოპაზ“ რასკაზოვს. „ტოპაზმა“ კითხვას არ უპასუხა. ბოტ „გრუ“-ს ადმინისტრატორმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მზად არის, მხოლოდ „მემების“ საშუალებით იურთიერთოს „გაქცეულ ოპოზიციასთან“.