ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა აღიარა, რომ ქრთამს იღებდა რუსეთის ინტერესების გატარებაში

ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში

ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა და უელსში მემარჯვენე პოპულისტური პარტიის Reform UK-ის ყოფილმა ლიდერმა, ნათან გილმა, თავი დამნაშავედ ცნო ევროპაში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების ლობირების სანაცვლოდ ქრთამის აღების ბრალდებაში.

26 სექტემბერს პოლიტიკოსის მიერ ლონდონის „ოლდ ბეილის“ სასამართლოში გაკეთებული აღიარების შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

52 წლის გილმა თავი დამნაშავედ ცნო ქრთამის აღების რვა ბრალდებაში, რომლებიც მოიცავდა 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდს. Reuters-ი ციტირებს სასამართლოში გამოსვლიდან ამონარიდებს, რომლებშიც საუბარია თანხის მიღების თანხმობაზე, რაც მხილებული პოლიტიკოსის თქმით, “არჩეულ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებისას გადაცდომას წარმოადგენდა “.

ნათან გილი

როგორც მოსამართლე ბობი ჩიმა-გრაბმა განაცხადა, გილმა აღიარა, რომ მას გარკვეულ თანხებს უხდიდნენ „პრორუსული პარტიების მხარდასაჭერად“ დასმული კითხვებისა და გაკეთებული განცხადებების გამო. პროკურორ მარკ ჰეივუდის თქმით, გილი, სხვა ბრალდებებთან ერთად, ევროპარლამენტში აყენებდა ისეთ საკითხებს, რომელთა წინ წამოწევა შედიოდა დამკვეთების ინტერესებში.

პოლიტიკოსმა ევროპარლამენტი 2020 წელს, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დატოვა.

ბრიტანელ მემარჯვენე პოპულისტს ბრალდება 2021 წელს წაუყენეს, როდესაც მის ტელეფონზე WhatsApp-ის შეტყობინებების აპლიკაციაში მაკომპრომეტირებელი შეტყობინებები აღმოაჩინეს.

გილი სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს, განაჩენი კი სავარაუდოდ 2025 წლის ნოემბერში იქნება გამოტანილი. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მას „ხანგრძლივი პატიმრობა“ ემუქრება.

ბრიტანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პარტია Reform UK-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფულს იღებდა ოლეგ ვოლოშინისგან, ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსისგან, რომელიც 2019 წლიდან 2022 წლამდე იყო ვერხოვნა რადის წევრი პროპუტინისტი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტიიდან.

ასევე ნახეთ უკრაინის გენპროკურორი: მედვედჩუკი გადავეცით „დიდ ციხეს, რომელსაც რუსეთი ჰქვია“

პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ვოლოშინი პრორუსულ ნარატივებს ავრცელებდა, კონკრეტულად კი ამართლებდა ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ჩამოყალიბებას. რუსეთთან მისი შესაძლო კავშირების გამო, რომლებიც „უკრაინის დესტაბილიზაციისკენ“ იყო მიმართული, ის 2022 წელს აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.

2023 წელს უკრაინამ ვოლოშინს ღალატში დასდო ბრალი. თუმცა, ამ დროს მას უკვე დატოვებული ჰქონდა ქვეყნის ტერიტორია. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ვოლოშინი უკრაინიდან რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე წავიდა. უკრაინული პროექტი „Stopkor“ იუწყება, რომ ვოლოშინი და მისი ოჯახი ბელარუსში დასახლდნენ.

ოლეგ ვოლოშინის საქმიანობას ასევე აკავშირებენ მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრ მაქსიმილიან კრაჰთან (Maximilian Krah). 2023 წლის დეკემბერში გერმანელი პოლიტიკოსი FBI-მ დაკითხა კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან „საეჭვო თანხების“ შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით.

Der Spiegel-ის ცნობით, ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტოებმა მოიპოვეს ვოლოშინისა და კრაჰის მიმოწერა, რომელშიც პრორუსი აქტივისტი გერმანელ მემარჯვენე პოპულისტთან გარკვეული „ტექნიკური დავალებების“ „კომპენსაციაზე“ საუბრობს. გარდა ამისა, კრაჰის სახელი ახსენეს ონლაინპლატფორმა Voice of Europe-ის გარშემო ატეხილი სკანდალის დროს, რომელსაც ჩეხეთის ხელისუფლება მოსკოვს უკავშირებს.

DW რუსული სამსახურის ცნობით, სექტემბერში ბუნდესტაგმა კრაჰს იმუნიტეტი ჩამოართვა, რაც კორუფციისა და ჩინური სახსრებით ფულის გათეთრების საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგია. თვითონ პოლიტიკოსი უარყოფს რუსეთთან კავშირის ბრალდებებს.