წულუკიანი ამბობს, რომ კომისიის დასკვნას "ნაცმოძრაობისთვის" პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად გამოიყენებენ

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. კომისიის დასკვნა სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა და ოქტომბერში, სავარაუდოდ, წიგნადაც გამოიცემა.

იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, "ოცნების" დეპუტატი თეა წულუკიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს რომ მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულების გამოსავლენად მომზადდა, გამოიყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მისი წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად.

„ეს არ არის უბრალოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა. აქ არის მოცემული მტკიცებულებები და ფაქტები. კერძოდ, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ძალას, რომელიც 9 წელი მართავდა ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, არ აქვს თავის თავში რესურსი, შეიცვალოს. არც ნება აქვს ამის, არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გვიქადის, სულ მცირე, იმავეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ უარესსაც კი.

სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს არის მიზანი, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანას არ უწერია განვითარების პერსპექტივა. „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში და ჩვენი ვალი, ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისიაა, რომ ხელისუფლებიდან წასვლა როცა მოგვიწევს, არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამისი დრო დადგება ოდესღაც, მორიგი არჩევნების დროს, გამორიცხული გვქონდეს იმ დროისთვის შანსი და რისკი, რომ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – თქვა სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის წევრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ასევე ნახეთ ცხინვალში „წულუკიანის კომისიას" მოუწონეს „პატიოსნება“ საქართველოს მიერ აგვისტოს ომის „გაჩაღებაზე პასუხისმგებლობის აღიარებისთვის"

დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 2025 წლის თებერვალში. ჩაატარა 46 სხდომა, რომელთა ფარგლებშიც გამოიკითხა 139 ადამიანი.

ანგარიში, რომელიც თეა წულუკიანის კომისიამ ექვსთვიანი მუშაობის შედეგად შექმნა, 460-გვერდიანია (დანართების გარეშე) და ხუთი თავისა და ასზე მეტი ქვეთავისგან შედგება. დამატებით, დანართების ნუსხა კიდევ ათ გვერდზე მეტია.

ასევე ნახეთ თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისიის ანგარიში წარადგინა - მთავარი მოკლედ
ასევე ნახეთ დასავლეთი, „ახალი ადამიანები“ და რევოლუციის 11 ელფერი წულუკიანის კომისიის ანგარიშში