ტელეწამყვანი, "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი და აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი თავისი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, აპირებს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" თავისი არასრულწლოვანი შვილის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივლოს.
ტელეკომპანიის ფეისბუკის გვერდზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გამოქვეყნებული იყო ე.წ. ქარდი, რომლის თანახმადაც ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, რომელიც არასრულწლოვანია, თითქოს "დააკავეს იარაღის უკანონო ტარებისთვის", რის გადამოწმებასაც საინფორმაციო გადაცემა "კურიერის" გუნდი ცდილობდა.
მოგვიანებით ტელეკომპანიამ "ქარდი" წაშალა და გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც უწყებამ რადიო თავისუფლებასაც გაუზიარა.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს ს.კ-ს ავტომობილი, ავტომობილის კარში შენიშნეს იარაღის მაგვარი საგანი რომელიც, სავარაუდოდ, არის ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, მიმდინარეობს საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით".
განახლდება: მოგვიანებით იგივე "ქარდი" ტელეკომპანიის ფეისბუკის გვერდზე კვლავ გამოჩნდა, ცვლილება შევიდა პოსტის ტექსტში.
ეს მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას.
არსებული ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლიანის არასრულწლოვან ვაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.