უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში შეხვდა სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას. 24 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინამ და სირიამ ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის კომუნიკეს.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, მზად არიან სირიელ ხალხს მხარი დაუჭირონ სტაბილურობის მიღწევის გზაზე. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დროს დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის განვითარებისთვის პერსპექტიული სფეროები და უსაფრთხოების გამოწვევები და შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობები დაეფუძნება ერთმანეთის მიმართ პატივისცემას და ნდობას.
უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2022 წლის ივნისში გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადის რეჟიმმა აღიარა რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა".
ასადის ხელისუფლების დამხობიდან მალევე, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს სირიაში ჩავიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა. მან დამასკში ვიზიტისას განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სირია გახდება სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, კიევი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთს სირიასთან საზღვაო მიმოსვლის დამყარება სურსკრემლის მოკავშირე ბაშარ ასადის რეჟიმმა 2018 წელს აღიარა საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობაც. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2025 წლის ივნისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთს სთხოვეს შუამდგომლობა, რათა სირიამ გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.
სირიის ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
ასევე ნახეთ სირიის გარდამავალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით პარლამენტის არჩევნები 5 ოქტომბერს გაიმართებასირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS). 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.