მოკლედ
- ეს სტატია ადარებს თანამედროვე რუსეთში მოქალაქეობის ჩამორთმევის პრაქტიკას საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას.
- მოქალაქეობის ჩამორთმევა საბჭოთა პერიოდში დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა.
- რუსეთში 2024 წელს 1300 ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა, რაც კრემლის პოლიტიკის კრიტიკაზე რეაგირების ნაწილია.
Telegram-არხ SisMasis-ის ავტორმა, სამველ კარაპეტიანმა, განაცხადა, რომ მაისში მან მიიღო შეტყობინება რუსეთის მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ. მიზეზად დასახელდა „ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკების შექმნა”. კარაპეტიანი ამბობს, რომ დაბადებით რუსეთის მოქალაქეა, რომ დაიბადა რუსი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში და არასდროს ჰქონია სხვა მოქალაქეობა. თუმცა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ კარაპეტიანის მოქალაქეობა შეძენილია. თვითონ კარაპეტიანი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეობა კრემლის პოლიტიკის კრიტიკის გამო ჩამოერთვა.
რადიო თავისუფლების პროექტის Sib.Real-ის რედაქციამ გაიხსენა, თუ როგორი იყო მოქალაქეობის ჩამორთმევის პრაქტიკა საბჭოთა კავშირში, რომელსაც ასე ჰბაძავს ბევრ რამეში რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება.
1921 წლის 15 დეკემბერს საბჭოთა რუსეთში გამოქვეყნდა განკარგულება „საზღვარგარეთ მყოფი გარკვეული კატეგორიის პირებისთვის მოქალაქეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ“. როგორც ისტორიკოსები შენიშნავენ, იმ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფებოდა რუსეთის ყოფილი იმპერიის მილიონობით მოქალაქე, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს, ვლადიმირ ლენინს ხელი არ აჰკანკალებია ამ განკარგულების ხელმოწერისას, რამაც უამრავი ადამიანი მიუსაფარ ლტოლვილად აქცია. არადა. სულ რაღაც ხუთი წლით ადრე, თავად ცარისტული რეჟიმის მტერი ლენინი ცხოვრობდა ემიგრაციაში, თუმცა მისთვის მოქალაქეობა არავის ჩამოურთმევია.
საბჭოთა ხელისუფლება თავისი არსებობის მანძილზე ხშირად მიმართავდა მოქალაქეობის ჩამორთმევის პრაქტიკას განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბოლო დროს ბრძოლის ამ ინსტრუმენტს სულ უფრო ხშირად იყენებენ თანამედროვე რუსეთშიც. ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „სწორი იქნებოდა რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა და რუსეთში შესვლის აკრძალვა მათთვის, ვინც მოღალატეებივით იქცევიან ან უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ განცხადებებს სახელმწიფო დეპარტამენტის “პეჩენიების” სანაცვლოდ აკეთებენ“.
„პირთა გარკვეული კატეგორიები“
ლენინის 1921 წლის 15 დეკემბრის ბრძანებულებაში („საზღვარგარეთ მყოფი გარკვეული კატეგორიის პირთათვის მოქალაქეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ“) ნახსენები „პირთა გარკვეული კატეგორიები“ მოიცავდა თითქმის ყველას, ვინც ქვეყანა დატოვა და „სამშობლოსთან კავშირი გაწყვიტა”. ამ ბრძანებულებით მოქალაქეობა ჩამოერთვათ „პირებს, რომლებიც ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ და 1922 წლის 1 ივნისამდე არ მიმართეს საბჭოთა მისიებს და არ აიღეს საზღვარგარეთული პასპორტები“ - ანუ მოქალაქეობა დაკარგა ყველამ, ვინც არ მოახდინა საბჭოთა კავშირისადმი ლოიალობის დემონსტრირება, ასევე იმ „პირებმაც, რომლებმაც რუსეთი 1917 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დატოვეს საბჭოთა მთავრობის ნებართვის გარეშე“. ცხადია, ლენინის “უკაზი” ასევე შეეხო ყველა თეთრ გვარდიელსა და მეზღვაურს, რომელიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა ბოლშევიკთა რეჟიმს. მოქალაქეობის ჩამორთმევის თავიდან აცილება სსრკ-ში დაბრუნების გარეშე თითქმის შეუძლებელი იყო. უკან დაბრუნებულს კი არავინ აძლევდა გარანტიას, რომ პასპორტის ნაცვლად ტყვიას არ მიიღებდა შუბლში.
სწორედ ამიტომ გაჩნდა მაშინდელ ევროპაში ასობით და ასობით ათასი მოქალაქეობის არმქონე პირი. სწორედ მათთვის იქნა სასწრაფოდ შემოღებული „ნანსენის პასპორტები“, რომლებმაც არა მხოლოდ რუსული დიასპორის წარმომადგენლები, არამედ სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილი ადამიანებიც გადაარჩინა.
ნანსენის პასპორტის ძეგლი ოსლოს მერიის კედელზე. ეს დოკუმენტი 1922 წელს შეადგინა ნორვეგიელმა ფრიდტიოფ ნანსენმა, ერთა ლიგის ლტოლვილთა კომისარმა
საბჭოთა კავშირში კი ლენინის დროს გამოცემული ბრძანებულება (რომელმაც ხელისუფლების მტრები და ოპონენტები „სამოქალაქო არარსებობაში“), სტალინის დროს მეტად დაიხვეწა. 1931 წელს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა: შემცირდა სამშობლოსთან კავშირის დაკარგვისთვის საჭირო 5 წლიანი ვადა. ამ ცვლილების წყალობით სტალინის მთავარ ოპონენტს ლევ ტროცკის 1932 წელს ჩამოართვეს მოქალაქეობა.
1938 წელს კი კანონში შევიდა ყველაზე მნიშვნელოვანი შესწორდა, რომელიც საბჭოთა მთავრობას აძლევდა უფლებას მოქალაქეობა ჩამოერთვა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, „კომპეტენტური ორგანოების შეხედულებისამებრ“.
ნიშანდობლივია, რომ ბოლშევიკური პრაქტიკა, რომელიც არასასურველი პირებისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გულისხმობდა, დიდი ხალისით გადაიღეს ნაცისტებმა. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ, 1933 წლის ივლისში, მიღებული იქნა ე.წ. „გაძევების კანონი“ (Ausbürgerungsgesetz), რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ გერმანიის მოქალაქეებს, რომლებიც დაარღვევდნენ „რაიხისა და ხალხისადმი ერთგულების მოვალეობას“ და ზიანს მიაყენებდნენ „გერმანულ ინტერესებს“, მოქალაქეობის ჩამორთმევის საფრთხე ემუქრებოდათ. გარდა ამისა, ისინი, ვინც არ დაემორჩილებოდნენ ხელისუფლების მოთხოვნას სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, ასევე დგებოდნენ როგორც მოქალაქეობის დაკარგვის, ასევე ქონების ჩამორთმევის საფრთხის წინაშე.
1933 წლიდან მოყოლებული, გერმანიის ნაცისტურმა მთავრობამ 90 000 გერმანელ ებრაელს და რეჟიმის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს (მათ შორის გერმანიის ფარგლებს გარეთ და ჩეხოსლოვაკიის ანექსირებულ ნაწილებში მცხოვრებთ) ჩამოართვა სამოქალაქო უფლებები,.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაკარგეს გერმანიის მოქალაქეობა, ბევრის თვალში ისინი (ანტიფაშისტი ემიგრანტები) მაინც გერმანელებად, ომისა და ებრაელთა გენოციდის დამნაშავეებად რჩებოდნენ. ერიხ მარია რემარკმა, რომელმაც მოქალაქეობა 1938 წელს დაკარგა, ეს უსიამოვნო შეგრძნება თავის ერთ-ერთ რომანში, „აჩრდილები სამოთხეში“ აღწერა:
„ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დამაკისრეს. თანდათანობით შევეგუე ამას. საფრანგეთში, ინტერნირებულთა ბანაკში ყოფნისას არ მძულდნენ ფრანგები. თუმცა, თავის მართლება უსარგებლო საქმე იყო. ის, ვისაც მხოლოდ სიძულვილი ან მხოლოდ სიყვარული შეუძლია, შესაშურად პრიმიტიულია“. ე.მ. რემარკი, „აჩრდილები სამოთხეში“
ერიხ მარია რემარკი
არასასურველი პირების სახელმწიფოდან განდევნის იდეა ათენში ძვ. წ. 500-600 წლებში გაჩნდა და ის ოსტრაკიზმის სახელითაა ცნობილი. ზუსტად უცნობია, თუ როდის დაიწყეს ათენელებმა კერამიკის ნამსხვრევებით (ოსტრაკონებით) ხმის მიცემის საშუალებით, სახელმწიფოსთვის საშიში ადამიანების იდენტიფიცირება და მათი განდევნა (ჩვეულებრივ, 10 წლით). ოსტრაკიზმის პირველი ცნობილი აქტი ძვ. წ. 487 წლით ფიქსირდება, როდესაც ჰიპარქე, „ტირანების მეგობრების“ პარტიის ლიდერი, ათენიდან გააძევეს. ათენის კანონების თანახმად, მხოლოდ კეთილშობილური წარმომავლობის დიდებულები ექვემდებარებოდნენ გადასახლებას. ეს ერთგვარი ანტიკური „ხარისხის ნიშანი“ იყო. გადასახლების უფლებაც უნდა დაემსახურებინათ. ამავდროულად, გასახლებულ მოქალაქეს მოქალაქეობა ან ქონება არ ჩამოერთმეოდა.
„სსრკ-ის მოქალაქის მაღალი წოდების ხელყოფა“
1978 წელს საბჭოთა კავშირმა მორიგი ცვლილება შეიტანა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ კანონი, რომელსაც დაემატა ბუნდოვანი ფრაზა „სსრკ-ის მოქალაქის მაღალი წოდების დამამცირებელი ქმედებების“ შესახებ. მსგავსი ფორმულირება უკვე არსებობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში: „საბჭოთა მოქალაქის წოდებისათვის დამამცირებელ მდგომარეობაში ყოფნა“. მაგრამ ეს უკანასკნელი სიმთვრალესა და ლოთობას შეეხებოდა. ასეთი „წოდება“ მაქსიმალურ სასჯელად 10 დღიან პატიმრობას გულისხმობდა, ხოლო „მაღალი წოდებისთვის“ მეტად მკაცრი სასჯელი იყო განსაზღვრული: ან პატიმრობა ან მოქალაქეობის დაკარგვა და დეპორტაცია. მხოლოდ 1991 წელს რუსეთის ახალმა კონსტიტუციამ დაამკვიდრა ნორმა, რომელიც კრძალავს მოქალაქეობის იძულებით ჩამორთმევას.
თუმცა, გავიდა ოცდაათ წელზე ცოტა მეტი და ყველაფერი „თავის ადგილზე“ დაბრუნდა. „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, პუტინის რუსეთმა მიიღო შესწორებები, რომლებიც მოპოვებული მოქალაქეობის მარტივად გაუქმების საშუალებას იძლევა, თუკი ეს მოქალაქე ტერორიზმში, არმიის დისკრედიტაციაში, ექსტრემიზმის წაქეზებასა და დეზერტირობაშია ბრალდებული. მოგვიანებით, 2024 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთში „საზარბაზნე ხორცის“ კრიზისი დაიწყო, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, შეძენილი მოქალაქეობა ჩამოერთმევა ყველას, ვინც სამხედრო აღრიცხვაზე არ დადგება. მხოლოდ 2024 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1300 ადამიანს ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეობა.
ამავდროულად, რუსეთის დუმაში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ კარგი იქნებოდა იმ პირთა დასჯაც, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ და იქიდან „ავრცელებენ ყალბ ამბებს“ და საერთოდ „შეურაცხყოფენ რუსეთის მოქალაქეობის მაღალ წოდებას“, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანებს უნდა ჩამოართვას როგორც ბინები, ასევე სხვა სახის ქონება, მათ შორის მანქანები, ბიზნესები და მოქალაქეობაც, ისინი ხომ საზღვარგარეთ ცხოვრებას ამჯობინებენ.
თუმცა რუსეთის კონსტიტუციის მე-6 მუხლი არ უშვებს დაბადების უფლებით მიღებული მოქალაქეობის გაუქმებას.
რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მე-6 მუხლი
1. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მოიპოვება და წყდება ფედერალური კანონის შესაბამისად. რუსეთის მოქალაქეობა არის ერთიანი და თანასწორი, მიუხედავად მოპოვების საფუძვლისა.
2. რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქე ქვეყნის ტერიტორიაზე სარგებლობს ყველა უფლებითა და თავისუფლებით. მას ასევე ეკისრება თანაბარი ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით.
3. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს არ შეიძლება ჩამოერთვას მოქალაქეობა ან მისი შეცვლის უფლება.
თუმცა ბელარუსმა, რომელსაც რუსი კანონმდებლები უკვე ორი ათწლეულია საცდელ პოლიგონად მიიჩნევენ, უკვე მიიღო კანონი, რომელიც საბჭოთა კავშირის მსგავსია და „მოქალაქეობის ჩამორთმევის“ საშუალებას იძლევა. 2023 წლის იანვარში ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა „ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ახლა ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მოქალაქეობა ჩამოართვას „ექსტრემისტული დანაშაულისთვის“ მსჯავრდადებულ და საზღვარგარეთ მცხოვრებ პირებს. ეს კანონი ასევე ვრცელდება მათზე, ვინც დაბადებით ბელარუსის მოქალაქეა და არ აქვს სხვა ქვეყნების პასპორტები.
როგორც უახლესი ისტორია აჩვენებს, ყველაფერი, რაც სამართალდამცავმა უწყებებმა მინსკში გამოცადეს, ადრე თუ გვიან რუსეთშიც დამკვიდრდა.
„უკან დასახევი გზა მოჭრილია“
მოქალაქეობის ჩამორთმევა განსაკუთრებული, გამონაკლისი ღონისძიებაა, პრაქტიკულად ისეთივე, როგორც სიკვდილით დასჯა. ეს ინსტრუმენტები სსრკ-ში ასე გამოიყენებოდა: ვისაც მიწვდებოდნენ კლავდნენ, ხოლო ვინც საზღვარგარეთ გაქცევას მოახერხებდა - მოქალაქეობას ართმევდნენ. სტალინის დროს საზღვარი მჭიდროდ იყო ჩაკეტილი, ამიტომ, ბუნებრივია, მეტს კლავდნენ. გენერალისიმუსის გარდაცვალების შემდეგ, დისიდენტების დახვრეტებისა და "ლაგერებში" ამოლპობის მასშტაბები მკვეთრად შემცირდა. მცირედით, მაგრამ საზღვრებიც გაიხსნა. შესაბამისად მოქალაქეობის ჩამორთმევა იშვიათობად, ერთგვარ „სასჯელთა დედოფლად“ იქცა.
რუსულ ვიკიპედიას აქვს განყოფილება: „საბჭოთა მოქალაქეობის იძულებით ჩამორთმევა“, რომელშიც ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია 63 გვარი. ერთი შეხედვით, ბევრი არ უნდა იყოს, მაგრამ შთამბეჭდავია თავად სახელები! თითოეული მათგანი რუსული მეცნიერების, ლიტერატურის, მუსიკის, თეატრის ისტორიას მოგვითხრობს... რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასრული სიაა. ბევრი, მაგალითად ალექსანდრ გალიჩი, ამ სიაში არ არის, რადგან მისთვის „ძალით“ არ ჩამოურთმევიათ მოქალაქეობა.
ალექსანდრ გალიჩი
ალექსანდრ გალიჩს (და კიდევ ბევრ სხვას) უბრალოდ „სთხოვეს“ ქვეყნის დატოვება. როგორც ექსპერტები განმარტავენ, არანაირი არჩევანი ეს არ იყო: ან მიდიოდი ქვეყნიდან, ან ჯდებოდი ციხეში. თუ ქვეყნიდან წასვლა ფორმალიზებული იყო „ებრაული ნიშნით“, მაშინ ისრაელში მუდმივად ცხოვრების უფლების მისაღებად პირს თავად უწევდა უარის თქმა საბჭოთა მოქალაქეობაზე. სწორედ ასე მოხდა ალექსანდრ გალიჩის შემთხვევაში. „არსებითად რომ ვთქვათ, მე კი არ მივდივარ - მაგდებენ...“ - თქვა მან გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე. თუმცა, ახსნა-განმარტებები ზედმეტი იყო - ყველას კარგად ესმოდა. საუბარი იყო გაძევებაზე, მოქალაქეობა კი „წვრილმანი“ იყო: საბჭოთა მოქალაქე საზღვრის გადაკვეთისთანავე კარგავდა თავის მოქალაქეობას.
მაგრამ საბჭოთა კავშირში სიტყვებს „მოქალაქეობას“ და „მოქალაქეს“ მათრახის გადაკვრის ეფექტი ჰქონდა. „მოქალაქე!“ - სსრკ-ში ადამიანებს ასე მიმართავდნენ მხოლოდ კონტროლიორები, მილიციელები და კაკებეს ოფიცრები, ხოლო სიტყვა „მოქალაქეობა“, თუ გაზეთში ვინმეს გვარის გასწვრივ დაიწერებოდა, ყოველთვის ნიშნავდა სსრკ-დან წასული ან გაძევებული ადამიანისთვის წიხლის მიყოლებას.
ვალერი ტერსისი
1966 წელს სსრკ-დან წავიდა დისიდენტი ვალერი ტარსისი, რომლის სახელითაც იხსნება იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებსაც საბჭოთა კავშირის „ვეგეტარიანულ ეპოქაში” იძულებით ჩამოართვეს მოქალაქეობა. ტარსისმა თავის თავზე გამოცადა ხრუშჩოვის სადამსჯელო მედიცინის მთელი საშინელება; 1966 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარებულ წლებზე დაწერილი მისი მოთხრობა („პალატა N7“) დასავლეთში დაიბეჭდა, კაკებემ გადაწყვიტა ტარსისიც დასავლეთში გაეძევებინა. დისიდენტი ლონდონში გამგზავრებაზე დაიყოლია „საბჭოთა ორგანოების“ საიდუმლო აგენტმა ვიქტორ ლუიმ, რომელმაც დაარწმუნა ტარსისი, რომ საზღვარგარეთ მხოლოდ რამდენიმე დღით მიემგზავრებოდა, თუმცა როგორც კი თვითმფრინავიდან ჩავიდა, ყველა საბჭოთა გაზეთში გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ვალერი ტარსისს მოქალაქეობა ჰქონდა ჩამორთმეული.
საბჭოთა კავშირმა დაახლოებით ანალოგიურად მოიშორა თავიდან (1973 წელს) დასავლეთში კარგად ცნობილი ორი საბჭოთა დისიდენტი და უფლებადამცველი. პირველი მათგანი, ფიზიკოსი ვალერი ჭალიძე შეერთებულ შტატებში ლექციების წასაკითხად იყო მიწვეული. როგორც მოგვიანებით იხსენებდა დისიდენტი, ძალიან გაუკვირდა, როცა იოლად მიიღო ქვეყნიდან გასასვლელი ვიზა. საბჭოთა მოქალაქეობა გამგზავრებიდან ერთ კვირაში ჩამოართვეს. იმავე წელს კიდევ ერთმა ადამიანის უფლებათა დამცველმა, ბიოლოგმა და გენეტიკოსმა ჟორეს მედვედევმა მიიღო ლონდონში გამგზავრებისა და ერთი წლით მუშაობის უფლება, თუმცა სულ მალე საბჭოთა გაზეთებმა გამოაქვეყნეს მისი მოქალაქეობის გაუქმების ბრძანებულება. მეცნიერი იძულებული გახდა დარჩენილიყო ინგლისში, სადაც, სხვა საკითხების კვლევასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საყოველთაოდ ცნობილ „დაბერების თეორიას“.
საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის ჩამორთმევის თვალსაზრისით უჩვეულოდ ნაყოფიერი გამოდგა 1974 წელი: საბჭოთა კავშირიდან გაიქცა მწერალი ედუარდ ლიმონოვი, რომელსაც კაგებე ინფორმატორობას აიძულებდა. კაგებეს მაშინდელმა უფროსმა იური ანდროპოვმა, რომელსაც, როგორც ამბობენ, განსაკუთრებით სძულდა მწერალი, სულ რამდენიმე კვირაში მიიღო დადგენილება, რომლითაც ლიმონოვს საბჭოთა მოქალაქეობა ჩამოერთვა.
კიდევ ერთ მწერალს, ვლადიმირ მაქსიმოვს, რომელმაც 1974 წელს კაგებეს ზეწოლის გამო დატოვა საბჭოთა კავშირი, მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც საფრანგეთში გადასულმა ჟურნალ „კონტინენტის“ გამოცემა დაიწყო. ჟურნალის რედაქციაში ირიცხებოდა მწერალი, ვიქტორ ნეკრასოვიც, რომელიც ომის შესახებ თავისი არასასიამოვნო სიმართლის წყალობით სწრაფად იქცა დისიდენტად. ნეკრასოვსაც აიძულეს სსრკ-დან წასვლა, თუმცა იმის გამო, რომ მწერალი სტალინის პრემიის ლაურეატი იყო (ნეკრასოვმა ეს პრემია მიიღო წიგნისთვის „სტალინგრადის თხრილებში“), მოსკოვი მოერიდა მოქალაქეობის დაუყოვნებლივ და ხმაურიან ჩამორთმევას. საბჭოთა მთავრობამ ეს გააკეთა ხუთი წლის შემდეგ, 1979 წელს.
თავად ნეკრასოვმა, რომელმაც ამის შესახებ გაზეთებიდან შეიტყო, მოგვიანებით დაწერა:
„რეპორტაჟმა, რომელიც წავიკითხე, ჩემში არანაირი ბრაზი, აღშფოთება, მწუხარება ან სხვა ემოცია არ გამოიწვია. პირველად დავინახე ლოგიკა ჩემი ქვეყნის მმართველების ქმედებებში. ადამიანი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ღიად, ზეპირად და წერილობით დაგმოს მათი ქმედებები, ვერ დარჩება იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელსაც ისინი მართავენ. ის ზიანს აყენებს მას, უფრო სწორად, მათ, ამიტომ უნდა იქნას უარყოფილი. ეს სრულიად ლოგიკურია. მე ლოგიკის მომხრე ვარ“.
ვიქტორ ნეკრასოვი
საბოლოოდ, ნეკრასოვმაც და მაქსიმოვმაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღეს. თუმცა, ალექსანდრ გალიჩმა, რომელსაც ასევე 1974 წელს დაატოვებინეს სსრკ, უარი თქვა ახალი მოქალაქეობის მიღებაზე. გალიჩმა უარი უთხრა ნორვეგიის მეფეს ნორვეგიული პასპორტის შეთავაზებაზეც. სიცოცხლის ბოლომდე, კითხვაზე, თუ ვინ იყო ეროვნებით, გალიჩი უპასუხებდა: „მე რუსი ლტოლვილი ვარ“.
და ბოლოს, ქვეყნიდან გააძევეს ალექსანდრ სოლჟენიცინი, რომელიც უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. 1974 წლის 12 თებერვალს, შუაღამისას, სპეცრაზმი შეიჭრა სოლჟენიცინის ბინაში. მწერალი, რომელსაც მხოლოდ ჩაცმის დრო მისცეს, შეიპყრეს, ლუბიანკაზე (კაგებეს მთავრი შენობა) მიიყვანეს და დასვეს გენერალური პროკურორის მოადგილის მაგიდასთან, რომელმაც მას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი: „დაფიქრდით, გემუქრებათ სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა”.
სოლჟენიცინი საკანში მოათავსეს, მეორე დილით კი კვლავ მიუყვანეს პროკურორის მოადგილეს, რომელმაც ამჯერად წაუკითხა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება, რომლითაც სოლჟენიცინს საბჭოთა მოქალაქეობა ჩამოერთვა და დაუყოვნებლივი დეპორტაცია გადაუწყვიტეს. იმავე დღის ბოლოს მწერალი უკვე ფრანკფურტში იყო.
ალექსანდრ სოლჟენიცინი, 1974 წ.
სხვათა შორის, როგორც ისტორიკოსები შენიშნავენ, ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეობა სსრკ-ში მყოფ პირს ჩამოერთვა.
დევნილები და გაძევებულები
1970-იან წლებში მოქალაქეობაჩამორთმეულ პირთა შორის განსაკუთრებით ცნობილი გახდა შემდეგი „ხუთეული“: ალექსანდრ გინზბურგი, ედუარდ კუზნეცოვი, მარკ დიმშიცი, ვალენტინ მოროზი და გეორგი ვინსი. 1979 წლის ზამთარში ისინი გაცვალეს ორ საბჭოთა ჯაშუშში, თუმცა გაცვლის წინ ხუთივე მათგანს საბჭოთა მოქალაქეობა ჩამოართვეს. ალ. გინზბურგი იყო ცნობილი სამიზდატის „სინტაქსის“ ავტორი, ხოლო გიორგი ვინსი - ვლადივოსტოკელი ბაპტისტი პასტორი, მწერალი და პოეტი. საბჭოთა ხელისუფლების მიერ იდევნებოდა გიორგი ვინსის მამაც, ასევე ბაპტისტი მღვდელი (თავის დროზე დევნის გამო აშშ-დან გამოქცეული), რომელიც ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი, 1937 წელს დახვრიტეს.
ჩეკისტებმა სცადეს გიორგი ვინსის დედის დაპატიმრებაც (ისიც ბაპტისტური ეკლესიის მრევლის წევრი იყო), მაგრამ მამაცმა ქალმა დაავლო ხელი შვილს და ციმბირის შორეულ სოფელში, ნაცნობებს შეაფარა თავი. ცნობილია, რომ ომის დასრულების შემდეგ, 1944 წელს, ეკლესიის მსახურებისთვის შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, რის გამოც ვინსებმა ქალაქში დაბრუნება შეძლეს.
მალე გიორგი ვინსი და მისი დედა კიევში ნათესავებთან გადავიდნენ საცხოვრებლად. ლიდია ვინსი, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ეკლესიის ცხოვრებაში. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოითხოვა ბაპტისტების საკავშირო კონგრესის მოწვევა და ამ კონფესიის სრული ლეგალიზაცია სსრკ-ში. შეიქმნა „საინიციატივო ჯგუფი“ მოთხოვნების წამოსაყენებლად, შემდეგ ბაპტისტი პატიმრების ნათესავთა საბჭო, რომელსაც კვლავ ლიდია ვინსი ხელმძღვანელობდა. გიორგი ვინსი, რომელიც ამ დროისთვის უკვე პასტორი იყო, ევანგელისტური და ბაპტისტური ეკლესიების მრევლთან ერთად ორგანიზებას უკეთებს დელეგაციის ჩასვლას მოსკოვში, კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რომელსაც მიმართავენ თხოვნით, შეიქმნას საბჭოთა კავშირში რელიგიური დევნის შემსწავლელი სამთავრობო კომისია.
გიორგი ვინსი
ეს ხდება 1966 წელს. მოსკოვში კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობის წინ იკრიბება საბჭოთა კავშირის 120 ქალაქის ეკლესიებიდან ჩასული 500 დელეგატი. ყველა მათგანი დააკავა მილიციამ, გიორგი ვინსმა კი თავისი პირველი (სამწლიანი) პატიმრობა მიიღო.
1969 წელს, როდესაც ის გაათავისუფლეს, სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს დედამისს, ლიდია ვინსს. 1971 კვლავ დაიჭირეს და ამჯერად 5 წლით გაუშვეს ციხეში, შემდეგ 10 წელი მიუსაჯეს. სასჯელის ვადები იზრდებოდა, მაგრამ გიორგი ვინსს ვერაფერი მოუხერხეს. ის კვლავ მოითხოვდა სსრკ-ში ბაპტისტების დევნის შეწყვეტას.
1976 წელს Amnesty International გიორგი ვინსი სინდისის პატიმრად აღიარა, ხოლო აშშ-ის სენატმა მისი გათავისუფლება მოითხოვა. პასუხად ვინსი „ლეგერიდან“ ლუბიანკის მოედანზე (კაგებეში) მიიყვანეს და შესთავაზეს, დაეწერა ბრეჟნევის სახელზე განცხადება და საზღვარგარეთ (კერძოდ აშშ-ში) წასვლის ნებართვა ეთხოვა.
ვინსმა უარი თქვა. უკან „ლაგერში“ დაბრუნებულს არაერთი „უბედური შემთხვევის” გადატანა მოუწია. ერთხელ სასწაულებრივად გადარჩენილმა ბანაკის საავადმყოფოში რამდენიმე თვე გაატარა. მორიგ ჯერზე შესთავაზეს საზღვარგარეთ გამგზავრების თხოვნის დაწერა, თუმცა ვინსი კვლავ უარზე იდგა.
ბოლოს, 1979 წლის აპრილში, კაგებეს თანამშრომლებმა კვლავ ჩაიყვანეს მოსკოვში. ჩააცვეს პიჯაკი, თეთრი პერანგი, ახალი ფეხსაცმელები და გამოუცხადეს, რომ, სოლჟენიცინის მსგავსად, ჩამორთმეული ჰქონდა საბჭოთა მოქალაქეობა.
ორი დღის შემდეგ ვინსი უკვე ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტში იყო. კიდევ ექვსი კვირის შემდეგ აშშ-ში ჩავიდნენ ვინსის მეუღლე და ქალ-ვაჟი. გიორგი ვინსის დედა, ლიდია ვინსი შვილის გაძევებას ვერ მოესწრო. ის რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა.
ვოინოვიჩის ოპტიმიზმი
საბჭოთა ხელისუფლებაში არასასურველი მწერლების, მეცნიერებისა და რეჟისორების გაძევების ვნება მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა. 1978 წელს გააძევეს მუსიკოსი მსტისლავ როსტროპოვიჩი და მომღერალი გალინა ვიშნევსკაია, რომლებიც კაგებემ „გრძელვადიანი შემოქმედებითი მივლინებით“ გაგზავნა საზღვარგარეთ (მოქალაქეობის შემდგომი ჩამორთმევით). 1978 წელსვე მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ აცნობეს საყოველთაოდ ცნობილი „ბულდოზერის გამოფენის“ ორგანიზატორს, ოსკარ რაბინს.
და ბოლოს, 1978 წელს მოქალაქეობა ჩამოართვეს მოჭადრაკე ვიქტორ კორჩნოის, რომელმაც 1976 წელს ნიდერლანდებში დარჩენა გადაწყვიტა.
მსტისლავ როსტროპოვიჩი და გალინა ვიშნევსკაია
1980 წლის ზაფხულში ხანგრძლივი დევნის შემდეგ საზღვარგარეთ „მიაბრძანეს“ ავღანეთის ომის მოწინააღმდეგე, მწერალი ვასილი აქსიონოვი, რომელსაც რამდენიმე დღეში მოქალაქეობაც ჩამოართვეს. თავის ერთ-ერთ რომანში აქსიონოვმა აღწერა ეს დღე და უცნაური გრძნობა, რომელიც მას ამ ცნობის მიღების შემდეგ დაეუფლა:
„1981 წლის 21 იანვარს მზის ჩასვლის შემდეგ, შევიტყვე, რომ აღარ ვიყავი სსრკ-ის მოქალაქე. იმ დღეს, ჯერ კიდევ სსრკ-ის მოქალაქედ გავიღვიძე ქალაქ იუმას მოტელში - არიზონის, კალიფორნიისა და მექსიკის საზღვრების კვეთაზე რომ მდებარეობს. როგორც მოსკოვის საქალაქო საბჭოს ვიზების ოფისის მიერ იყო დადგენილი, ღირსეულად შევიტანე სასადილო ოთახში საბჭოთა კავშირის მოქალაქის მაღალი წოდება. საუზმის შემდეგ გეზი ავიღეთ ლოს-ანჯელესისკენ, სადაც, ჩვენი გათვლით, საღამოსთვის უნდა ჩავსულიყავით... საღამოს მივაღწიეთ კიდეც სანტა მონიკის სტუმართმოყვარე სახლს, რომლის მეპატრონემ, მისალმების შემდეგ, მითხრა:
„მთელი დღეა ჟურნალისტები გეძებენ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, თქვენ ჩამორთმეული გაქვთ საბჭოთა მოქალაქეობა“.
რატომ მომექცნენ საბჭოთა მამები ასე? ნუთუ ჩემმა ნაწერებმა მართლა ასე შეაწუხეს ისინი? განა ოდესმე ძალაუფლებას შევცილებივარ? დაე, გასკდნენ თავიანთი ძალაუფლებით.
თავიანთ ფინურ საუნებში გადაწყვიტეს, რომ სამშობლო ჩამოერთმიათ ჩემთვის. ჩამოერთმიათ რუსეთში გატარებული ორმოცდარვა წელი, „ყაზანური ობლობა“, რომელიც მშობლების "ლაგერებში" გამომწყვდევის გამო მერგო; ჩამოერთმიათ მაგადანის სასტიკი ღამეები, ნევის დინება, მოსკოვის თოვლი, რომელიც მანეჟნაიას მოედანს ეფინება; მეგობრები და მკითხველები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიური ნაგვისგან გამოფიტულები არიან, მაინც ინარჩუნებენ მის მიმართ ზიზღს”.
ამავე წელს გააძევეს ლევ კოპელევი და რაისა კოპელევა-ორლოვა. ვლადიმირ ვოინოვიჩი კი გერმანიაში გაუშვეს (თითქოს „საბჭოთა სახელმწიფოს პრესტიჟის შელახვისთვის“). ყველა მათგანს ჩამოართვეს პასპორტები და საბჭოთა მოქალაქეობა...
„ბატონო ბრეჟნევ, - წერდა ვოინოვიჩი 1981 წელს, - თქვენ დაუმსახურებლად მაღალი შეფასება მიანიჭეთ ჩემს მოღვაწეობას. მე არ შემილახავს საბჭოთა სახელმწიფოს პრესტიჟი. საბჭოთა სახელმწიფოს, მისი ლიდერების ძალისხმევისა და თქვენი პირადი წვლილის წყალობით, არანაირი პრესტიჟი არ გააჩნია. ამიტომ, სრული სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მოქალაქეობა უნდა ჩამოართვათ საკუთარ თავს.
ვლადიმირ ვოინოვიჩი
როგორც ზომიერ ოპტიმისტს, ეჭვი არ მეპარება, რომ უახლოეს მომავალში თქვენი ყველა დადგენილება, რომელიც ჩვენს ღარიბ სამშობლოს კულტურულ მემკვიდრეობას ართმევს, გაუქმდება. თუმცა, ჩემი ოპტიმიზმი საკმარისი არ არის იმის დასაჯერებლად, რომ ქაღალდის დეფიციტიც ასევე სწრაფად აღმოიფხვრება. ამიტომ ჩემს მკითხველს თქვენი ნაწერების ოცი კილოგრამის ჩაბარება მოუწევს მაკულატურაში, რათა ჯარისკაც ჩონკინზე დაწერილი ერთი წიგნის ტალონი მიიღოს“.
ცნობილი მწერლის ეს სიტყვები, რომლებიც წინასწარმეტყველური გამოდგა, გადაიცა „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ეთერით.
საბჭოთა სამშობლო ბოლომდე თავისაზე დარჩა
საბჭოთა კავშირის პრესტიჟის დაცვის მიზნით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბრძანებულებების ნაკადი თითქმის საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაგრძელდა. 1984 წელს მოქალაქეობა ჩამოერთვა იტალიაში კონტრაქტით მომუშავე რეჟისორს, იური ლიუბიმოვს, 1985 წლის ზაფხულში - მხატვარს, იგორ შელკოვსკის, 1986 წელს - მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარეს, იური ორლოვს, 1987 წელს - ადამიანის უფლებათა დამცველებს, ირინა რატუშინსკაიას და იგორ გერაშჩენკოს, რომლებიც მართალია ბრეჟნევ-ანდროპოვის „ლაგერებიდან“ გაათავისუფლეს, მაგრამ საბჭოთა მოქალაქეობის ღირსებად არ ჩათვალეს. ამიტომ ისინი ჯერ „გაგზავნეს“ საზღვარგარეთ, შემდეგ კი მოქალაქეობის გარეშე დატოვეს. 1988 წელსაც კი, როცა სსრკ ბოლო თვეებს ითვლიდა, ჰელსინკის ჯგუფის კიდევ ერთ წევრი, მიკოლა რუდენკო, რომელიც ციხიდან გაათავისუფლეს, საბჭოთა კავშირიდან გააძევეს.
მხოლოდ 1990 წლის 15 აგვისტოს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი წელი რჩებოდა, დაიწყო საპირისპირო პროცესი. მიხეილ გორბაჩოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „სსრკ-ის ფარგლებს გარეთ მცხოვრები გარკვეული პირებისთვის სსრკ-ის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებების გაუქმების შესახებ“. გორბაჩოვის ეს ბრძანებულება შეიცავდა ორ ათეულზე მეტ სახელს.
ამრიგად, როგორც ისტორიკოსები შენიშნავენ, საბჭოთა მთავრობამ, რომელსაც წარმოადგენდა სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, აღიარა, რომ შეცდა და დანაშაული ჩაიდინა საკუთარი მოქალაქეების წინაშე, თუმცა ეს გააკეთა პრაქტიკულად სიკვდილის პირას მყოფმა, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, როდესაც „რკინის ფარდა“ დაჟანგებული და დაშლილი იყო. ამ დროს სსრკ-ის ყველაზე პრაგმატული მოქალაქეები უკვე თვითონ ინტერესდებოდნენ დასავლეთის ქვეყნებში მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობებით. 1991 წლის აგვისტოს ვერშემდგარი პუტჩის ორგანიზატორებმა კი საბჭოთა სახელმწიფოს უკანასკნელი ლეგიტიმურობაც წაართვეს. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ლიდერებმა გაითვალისწინეს ვოინოვიჩის რჩევა და თვითონ თქვეს უარი მოქალაქეობაზე.