დრონებმა შეაფერხეს კოპენჰაგენის და ოსლოს აეროპორტების მუშაობა

ფოტო არქივიდან. კოპენჰაგენის აეროპორტი

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის აეროპორტი იძულებული გახდა გასულ ღამით რამდენიმე საათით შეეჩერებინა მუშაობა აეროპორტის რაიონში უცნობი უპილოტო საფრენი აპარატების გამო.

პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტის რაიონში 2-3 დრონი დააფიქსირეს. მიმდინარეობს გამოძიება. სააგენტო AFP-ს პოლიციის ოფიცერმა განუცხადა, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის, დრონები სამოქალაქო იყო, თუ სამხედრო, მაგრამ ზომით აშკარად სჭარბობდნენ ისეთ დრონებს, რომელთა შეძენაც კერძო პირს შეუძლია.

Flightradar24-ის მონაცემებით, კოპენჰაგენის აეროპორტი იძულებული გახდა სხვა აეროპორტებში გაეგზავნა 50-მდე რეისი. დანიის დედაქალაქის აეროპორტმა მუშაობა 23 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 04:00 საათისთვის განაახლა.

ასევე ნახეთ გერმანიის ავიაცია აედევნა ბალტიის ზღვის თავზე გამოჩენილ რუსეთის მზვერავ თვითმფრინავს

დრონების გამო 22 სექტემბერს მუშაობა შეაჩერა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს აეროპორტმაც. გასულ ღამით მან 10-ზე მეტი რეისი ვერ მიიღო და ქალაქ ბერგენის აეროპორტისკენ გაგზავნა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 22 სექტემბერს ნორვეგიის პოლიციამ დააკავა სინგაპურის ორი მოქალაქე, რომლებმაც ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის თავზე დრონები გაუშვეს.

დანიის პოლიციამ განაცხადა, რომ ნორვეგიის ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს, რათა გაირკვეს, არსებობს თუ არა კავშირი მათ საჰაერო სივრცეებში მომხდარ ინციდენტებს შორის.

ასევე ნახეთ პოლონეთის თავზე რუსული დრონების გამოჩენის გამო ნატო იწყებს ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს"
ასევე ნახეთ ესტონეთი აინიციირებს კონსულტაციებს ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლზე დაყრდნობით

გასული ორი კვირის განმავლობაში ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი საჰაერო სივრცის დარღვევაში ორჯერ დაადანაშაულეს რუსეთი.

10 სექტემბერს პოლონეთმა განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე ოცამდე დრონი შეიჭრა და მათი ჩამოგდება გახდა საჭირო. 19 სექტემბერს ესტონეთმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული გამანადგურებლები შევიდნენ.

ასევე ნახეთ ევროკავშირი იწყებს მოლაპარაკებას „დრონების კედლის“ შესაქმნელად