დაკავებულია 15 პირი, რომლებსაც ბრალი უკვე წაუყენეს. ისინი ლიეტუვის, რუსეთის, უკრაინის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეები არიან.
ლიეტუვის გენერალური პროკურატურის მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში ლიეტუვის მოქალაქე ა.შ.-მ, რომელიც თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა, საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების, DHL-ის და DPD-ს მომსახურებით ისარგებლა და ევროპის ქვეყნებში გაგზავნა ოთხი ამანათი ასაფეთქებელ-აალებადი მასალებით.
პროკურატურის ცნობით, პირველი ამანათი წინასწარ დაპროგრამებული ელექტრონული ტაიმერის მეშვეობით 2024 წლის 20 ივლისს აფეთქდა გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში, DHL-ის თვითმფრინავში გადატვირთვამდე ცოტა ხნით ადრე. ვილნიუსისა და ლაიფციგის შემდეგ ეს თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა.
მეორე ამანათი 21 ივლისს პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქდა DPD-ს სატვირთო ავტომანქანაში, მესამე 22 ივლისს - DHL-ის საწყობში დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში, ხოლო მეოთხე, რომელიც DPD-ს ავტომანქანას პოლონეთის ტერიტორიაზე გადაჰქონდა, არ აფეთქდა ტექნიკური მოწყობილობის გაუმართაობის გამო.
გამოძიების თანახმად, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები დამალული იყო მასაჟის(ვიბრო) ბალიშებში, აალების ეფექტის გამაძლიერებელი ხსნარები კი - ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების ტუბებში.
ლიეტუვის პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის რამდენიმე კოორდინატორს კავშირი აქვს ტერაქტის მცდელობასთანაც ვილნიუსში, სადაც 2024 წლის მაისში ხანძარი გააჩინეს სავაჭრო ცენტრ IKEA-ში.
ასევე ნახეთ WSJ: რუსეთი ეჭვმიტანილია თვითმფრინავებში ხანძრების გაჩენის მცდელობაშილიეტუვის გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქმის გამოსაძიებლად შექმნილ საერთაშორისო ჯგუფში იყვნენ ლიეტუვის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდის, ლატვიის, ესტონეთის, შეერთებული შტატების და კანადის წარმომადგენლები.
გამოძიების პროცესში ლიეტუვაში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში ჩატარდა 30-ზე მეტი ჩხრეკა.
15 პირის დაკავების გარდა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა 3 პირზე. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე ანდრეი ბაბუროვი, ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქე ტომას დოვგან სტაბაჩინსკასი და უკრაინის მოქალაქე დანიილ გრომოვი (იაროსლავ მიხაილოვი).
სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის და ტერაქტის მუხლებით.
ასევე ნახეთ რუსული ბომბები თვითმფრინავებში? რა უნდა ვიცოდეთ პოლონეთის პრემიერის ბრალდებებზე