ყადაღა დაედო ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშებს და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეძენილ მის აქტივებს

პარლამენტმა ფინანსურ დანაშაულებზე „ბაჩიაშვილის ინსპირაციით“ მომზადებული ცვლილებები 2025 წლის 3 სექტემბერს მიიღო - ამ ცვლილებებით ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს შეიძლება მაქსიმუმ 16 წლით აეკრძალოთ ქვეყნიდან გასვლა - თუ ზარალს არ აანაზღაურებენ;

მოკლედ

  • გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებისა და თავად ბაჩიაშვილის იმ აქტივების დაყადაღების შესახებ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ არის შეძენილი, ინფორმაცია პროკურატურამ 12 სექტემბერს გაავრცელა.
  • ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩეველი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლომ დამშავედ ცნო 2025 წლის 10 მარტს.
  • 2025 წლის 3 სექტემბერს პარლამენტმა "ბაჩიაშვილის ინსპირაციით" შეცვალა კანონი და ფინანსურ დანაშაულში ბრალდებულ პირებს დამატებითი შეზღუდვები განესაზღვრათ.
პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირების დანაშაულში ჩართულობის დადგენის მიზნით.

ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და ბაჩიაშვილის აქტივებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაედო ყადაღა.

"სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.

აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება" - ნათქვამია პროკურატურის 13 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ ფინანსურ დანაშაულებზე „ბაჩიაშვილის ინსპირაციით“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც 2025 წლის მარტში საქართველო მალულად დატოვა, 27 მაისს დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის ცნობითაც ის საზღვარზე, მწვანე ზონის სიახლოვეს ტრიალებდა.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, საქართველოს დატოვების შემდეგ, ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა და მაისის ბოლოს სწორედ იქიდან დააბრუნეს საქართველოში.

მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა საქართველო მალულად დატოვა, საქართველოში მესამედ შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

2025 წლის მარტში სუს-ს ჯერ კიდევ გრილოლ ლილუაშვილი მართავდა. 2025 წლის მაისში, როცა ბაჩიაშვილი დააკავეს, ის ამბობდა რომ მისი კერძო თვითმფრინავით საქართველოში დაბრუნების საქმეში პირადად იყო ჩართული სუს-ის ახალი ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი.

ოხანაშვილმა სუს-ში სულ 4 თვეს იმუშავა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ის მამუკა მდინარაძე შეცვალა.

ასევე ნახეთ პენიტენციური ბაჩიაშვილის ცემაზე: საფუძვლიანი ეჭვია, რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ