ევროკავშირის სასამართლოს მიერ ლუქსემბურგში 10 სექტემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, იანუკოვიჩის საჩივარი უარყოფილია.
ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩს სანქციები ჯერ კიდევ 2014 წელს, „ევრომაიდნის“ სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ დაუწესა, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და აქტივები გაუყინა. სანქციები გაფართოვდა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
იანუკოვიჩმა ევროკავშირის სასამართლოში იჩივლა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სანქციების ამოქმედების დროს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრული არ იყო და ევროკავშირს არანაირი კონკრეტული მტკიცებულებები არ ჰქონდა.
თავის მხრივ, სასამართლოს პირველმა პალატამ მიიჩნია, რომ უკრაინის პრეზიდენტობის პერიოდში იანუკოვჩის მოქმედებებმა აშკარად შეუწყო ხელი ქვეყნის დესტაბილიზაციას და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას კანონიერი საფუძველი ჰქონდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი დღესაც უჭერს მხარს მოქმედებებს და პოლიტიკას, რომლებიც ხელყოფენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
სასამართლომ უარყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟის, ოლექსანდრ იანუკოვიჩის საჩივარიც. ის ევროკავშირის მიერ სანქცირებულია ოკუპირებულ დონბასში მასშტაბური ბიზნეს-კავშირების გამო.
ასევე ნახეთ 15 წლით პატიმრობა - უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იანუკოვიჩს მეორე განაჩენი გამოუტანესვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი იყო 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე.
2013 წლის ნოემბერში იანუკოვიჩის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი შეაჩერა, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტებთან სამართალდამცავების შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2014 წელს იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა.
2019 წლის იანვარში უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისა და აგრესიული ომის წარმოების ბრალდებებით დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2025 წლის აპრილში კიევის პოდოლსკის რაიონის სასამართლომ იანუკოვიჩი დამნაშავედ ცნო დეზერტირობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.