მოკლედ
- თბილისში, კახა კალაძის შტაბთან, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კვლავ დაუპირისპირდნენ ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს.
- ადგილზე მყოფმა პოლიციის დანაყოფებმა ძალადობა არ აღკვეთეს, მოგვიანებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ჯგუფურ ძალადობაზე დაიწყო.
- შემთხვევის ადგილზე პოლიცია და პროსახელისუფლებო მედია იღებდნენ კადრებს, რომლებშიც აქცენტი დემონსტრანტებზე კეთდება და თითქმის არ ჩანს ხელისუფლების მომხრე მოძალადეთა სახეები.
ეს დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება.
შსს-ს მიერ 22:18 საათზე გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, "ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ."
სამართალდამცველი უწყება ირწმუნება, რომ შემთხვევის "ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს."
დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები, რამდენიმე ადამიანს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ტელეფონები წაართვეს "პუბლიკის" ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილს და ქეთო მიქაძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ უნგრელ აქტივისტს და ჟურნალისტს, ლასლო რობერტ მეზეშს. OC Media-ს დირექტორ მარიამ ნიკურაძეს წყალი შეასხეს რამდენიმე პოლიციელის თანდასწრებით, თავად პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და აგინა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, ქეთი ხუციშვილს.
ადგილზე მყოფი დემონსტრანტები დაპირისპირებისას პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობდნენ - კახა კალაძის შტაბთან პოლიციას არცერთი მოძალადე არ დაუკავებია. მათ უმეტესობას სახე დაუფარავი აქვს, მედიის მიერ გადაღებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს, როგორ იყენებენ ისინი უკმაყოფილო მოქალაქეების წინააღმდეგ უხამს ჟესტებს, სცემენ ქალებს, იყენებენ რკინის ბარიერებს თავდასხმისთვის.
"ოცნება" მომხდარს "ქართული ოცნების" შტაბზე თავდასხმად მიიჩნევს.
"გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" თბილისის შტაბს.
საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია", - ასე ეხმაურება ფეისბუკზე სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მომხდარს და ავრცელებს ფოტოს, რომელშიც ჩანან დემონსტრანტები, რომელთა წინააღმდეგაც "ოცნების" მხარდამჭერებმა რკინის ჯებირი გამოიყენეს.
„აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, ქალები, გოგოები, ბიჭები და მიდის ძალიან აქტიური მუშაობა. დაგეგმილად მოდის ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, აორგანიზებენ კარგად გააზრებულ პროვოკაციას შტაბის წინ. ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად ძალიან რთულია ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება და როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, რაღაც საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები, ძალიან რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვართ დაკავებული. დღეს რა რაოდენობის ახალგაზრდებიც გარეთ გავიდნენ, ხუთჯერ მეტი შტაბში იმყოფებოდა აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დაკავებული ვიყავით მოთოკვით და რაღაცნაირად გავაჩერეთ შტაბში, მაგრამ ძალიან რთულია ეს", - ეს კი "ოცნების" წევრის და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ლევან მაჭავარიანის შეფასებაა მომხდარზე. "ოცნების" წევრები და მხარდამჭერები აქცენტს აკეთებენ დემონსტრანტების მხრიდან მათი მისამართით შეძახილებზე "რუსებო", უზრდელობად კი მიიჩნევენ სიმღერა "ოლე, ოლას", რომელიც უწყვეტ საპროტესტო აქციებზე თითქმის ერთი წელია ისმის.
ასევე ნახეთ კვლავ დაპირისპირება იყო კალაძის შტაბთან - პოლიცია მოძალადეებს არ აკავებს, არიან ნაცემი მოქალაქეები