გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ, რომელიც 3 სექტემბერს კიევში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხით, ერთ მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტით უზრუნველყვეს უკრაინისთვის ასეულობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის ასეულობით რაკეტის შეძენა და სხვა სახის სამხედრო დახმარების გაწევა.
ამ განცხადების პასუხად რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა დღეს, 4 სექტემბერს ტელეგრამზე დაწერა, რომ „ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს“. თუმცა მედვედევი ახსენებს არა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჰილის, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრ ლემის, რომელსაც „სულელს“ უწოდებს.
მედვედევის განცხადებით, იმის გამო, რომ „გასაგები მიზეზებით“ რუსეთი ამ ფულს სასამართლოს გზით ვერ დაიბრუნებს, რჩება მხოლოდ ერთი საშუალება - „მიტაცებულის დაბრუნება ნატურალური ფორმით, ანუ უკრაინული მიწით და იქ განთავსებული სხვა უძრავი და მოძრავი ქონებით“ ან „ბრიტანული გვირგვინის ფასეულობების ამოღებით, რომლებიც ჯერ კიდევ საკმარისადაა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის რუსეთში".
გაერთიანებულ სამეფოში „გვირგვინს“(The Crown) იყენებენ უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების აღმნიშვნელ ტერმინად.
ასევე ნახეთ ტრამპმა მედვედევს შეუთვალა, თავის სიტყვებს დააკვირდეს ასევე ნახეთ ბრიტანეთმა უკრაინიდან ბავშვების უკანონოდ გაყვანისთვის სანქციები დაუწესა კადიროვის დედას და სხვა პირებსევროპისა და G7-ის ქვეყნებში დაახლოებით 220 მილიარდი ევროს რუსული აქტივებია გაყინული. მათი უდიდესი ნაწილი რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვია.
გაყინული რუსული აქტივების მართვით მიღებული შემოსავალი უკრაინის საჭიროებებისთვის იხარჯება. 2025 წლის პირველ ნახევარში კიევმა ამ გზით ევროკავშირისგან მიიღო 10 მილიარდ ევროზე მეტი.