ბრიტანეთმა უკრაინიდან ბავშვების უკანონოდ გაყვანისთვის სანქციები დაუწესა კადიროვის დედას და სხვა პირებს

ფოტო არქივიდან. ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი დედასთან, აიმანი კადიროვასთან ერთად

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააფართოვა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციები.

დღეს, 3 სექტემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, სანქცირებული არიან რუსეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებსაც ლონდონი მიიჩნევს პასუხისმგებლად უკრაინიდან ბავშვების იძულებით, უკანონოდ გაყვანაზე, ინდოქტრინაციასა და მილიტარიზაციაზე.

11 სანქცირებულს შორის არიან ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის დედა აიმანი კადიროვა და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი „რეგიონული საზოგადოებრივი ფონდი“, რომელიც ახმად კადიროვის სახელობისაა.

სანქციები დაუწესდათ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერ ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც „პირველების მოძრაობა“ და „გამარჯვების ვოლონტიორები“.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ, საერთო ჯამში, რვა ფიზიკურ პირს შორის არიან თათრეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ლეილა ფაზლეევა, ამავე რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რინატ სადიკოვი და ჩეჩნეთის პოლიციის სპეცდანიშნულების პოლკის მეთაური ზამიდ ჩალაევი.

ასევე ნახეთ Bring Kids Back UA: რუსეთმა 744 000 უკრაინელი ბავშვი გაიყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან

დიდი ბრიტანეთის სანქციები ნიშნავს ქვეყანაში შესვლის აკრძალვას და სანქცირებულთა აქტივების გაყინვას მათი აღმოჩენის შემთხვევაში.